აქტუალური
სააკაშვილი: „დღეს პუტინი ბოლომდე თავაწყვეტილად ცდილობს, საბჭოთა სფეროზე ყველანაირი უხეში მეთოდების გამოყენებით აღიდგინოს სრული დომინაცია!“

1-aktt-2საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. გუშინ ნიუ–იორკში, უკანასკნელად პრეზიდენტის რანგში, მიხეილ სააკაშვილმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. თავის 35-წუთიან გამოსვლაში მან აღნიშნა:

„ჩვენ გვაქვს ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. რუსეთი დღეს... პუტინი ბოლომდე თავაწყვეტილად ცდილობს, საბჭოთა სფეროზე ყველანაირი უხეში მეთოდების გამოყენებით აღიდგინოს სრული დომინაცია. შარშან, არჩევნების წინ - მე მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი საარჩევნო შედეგის იყო ის უპრეცედენტოდ მასშტაბური მანევრები, რომლებიც იყო საქართველოს ტერიტორიის შიგნით და გარეთ - ასი ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცი, ათასობით რუსული ტანკი, უამრავი თვითმფრინავი... ტელევიზორში ჩვენება იმისა, რომ მათი ამოცანაა თბილისში არეულობის შემთხვევაში შემოსვლა და თბილისის დაკავება, არჩევნების წინა დღეებში არტილერიის ხმამაღალი ბათქაბუთქი მთელ გამყოფ ხაზზე, განსაკუთრებით ცხინვალის, გორის და ქარელის ტერიტორიაზე, რომ ყველას, თუ ტელევიზორში არ ნახეს, ხმა მაინც გაეგონა და ეთქვა და ერთმანეთისთვის მოეყოლა, რომ ისინი უკვე მოდიან. ეს ძალიან სერიოზული ფაქტორი აღმოჩნდა, ჩემი აზრით.

მეორეს მხრივ, ჩვენ გვყავდა ოპოზიცია, რომელიც გაიძახოდა, რომ ჩვენ გამოვალთ ქუჩაში. ყველა კომპონენტი იყო: ეს იძახის, რომ გამოვალ ქუჩაში, ის იძახის, რომ თუ არ აირჩევთ, მე შემოვალ და დავამყარებ წესრიგს, იმიტომ, რომ ჩემი ინტერესები საფრთხის წინაშეა. ამიტომ ეს, რაც ახლა ხდება, შემთხვევითი არ არის. რა თქმა უნდა, ეს უკავშირდება არჩევნებს, უკავშირდება იმას, რომ მათ უნდათ საბოლოოდ მონოპოლიზაცია პოლიტიკური სფეროსი, რა თქმა უნდა, უკავშირდება იმას, რომ ხმამაღლა გაიჟღერა, მთავარი ტაბუ მოიხსნა ქართული პოლიტიკისა მთავრობიდან, რომ საქართველო შეიძლება შეუერთდეს ევრაზიის კავშირს, ესე იგი, ნებაყოფლობით, რეალურად გავწევრიანდეთ ისევ რუსეთის იმპერიაში - სხვა ამას არაფერი არ ჰქვია. და ეს არ არის უბრალოდ ჩვეულებრივი არჩევანი“.