აქტუალური
სააკაშვილი: „უნდა გქონდეს სრული ამნეზია და ვერ მიხვდე იმას, რომ რუსეთმა გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია!“

1-aktt-1საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. გუშინ ნიუ–იორკში, უკანასკნელად პრეზიდენტის რანგში, მიხეილ სააკაშვილმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. თავის 35-წუთიან გამოსვლაში მან აღნიშნა:

„დღესაც ისევე ხელახლა ლაპარაკი, რომ პრინციპში ყველა ჩვენი მეზობელი ჩვენი მტერია, რწმენა აქვთ ჩვენგან განსხვავებული და ერთადერთი, რაც არის ჩვენთვის, ესაა ერთმორწმუნე რუსეთი. ძალიან ხშირად რასაც ჩვენ გვეუბნებიან - აი, რა არის ევროპა? პუტინმა ახლა ჩამოაყალიბა იდეალურად „ვალდაის“ ჯგუფთან შეხვედრისას. თუ კარგად ნახავთ, ერთი და იგივე მოტივია საქართველოში, მოლდოვაში, უკრაინაში... კიევის ცენტრში გამოდის ხალხი და იძახის, რომ ევროპა ნიშნავს ჰომოსექსუალიზმს, რომ ქრისტიანული ზეიმები ჩაანაცვლა ევროპაში გე-ფერეიდმა, რაც აქ კარგად ცნობილია; ზუსტად იგივეა მოლდოვაში, რომ ევროპა და დასავლეთი ნიშნავს ჰომოსექსუალიზმს, გარყვნილებას, აღვირახსნილობას, მაშინ, როცა აგერ, არსებობს ჩვენი საყვარელი ერთმორწმუნე რუსეთი... ოღონდ ამ დროს უნდა გქონდეს სრული ამნეზია და ვერ მიხვდე იმას, რომ რუსეთმა გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, რუსეთმა - საბჭოთა კავშირის დროს გვყავდა ერთი პატრიარქი, აწამა ამბროსი ხელაია და მეორე პატრიარქი ძალიან მძიმედ, მოკლა რამდენიმე ჩვენი ეპისკოპოსი, გააქრო, ჩამარხა; რუსეთმა გადაღება ჩვენი ეკლესიები არა მარტო მე-19 საუკუნეში, არამედ 2010-2011-2012-ში აფხაზეთში, მაგალითად. და ზუსტად იმ დროს, როცა რუსეთი ღებავდა, ანადგურებდა წმიდა გიორგი ეკლესიას ოჩამჩირეში, უფრო სწორად, ილორში, ზუსტად იმ პერიოდში ჩვენმა მეხუთე კოლონამ ატეხა ერთი ამბავი, რომ დავითგარეჯს გვართმევენ აზერბაიჯანელებიო - გეგონება, ახლა აღმოაჩინეს, რომ დავითგარეჯის მცირე ნაწილი არის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე  მოქცეული... და ზუსტად იმ პერიოდში, როცა ოჩამჩირეში ჩვენი ეკლესია ნადგურდება, ატეხეს ერთი ამბავი, რომ აზერბაიჯანი არის ჩვენი მტერი.

ხანდახან მგონია, რომ რაღაც მენტალური პრობლემა გვაქვს სერიოზული... მაგრამ ეს არის მსხვერპლის კომპლექსი. პრობლემა, როცა მოძალადე ძლიერია, გინდა, შენი თავი დაარწმუნო, თუ რატომ უნდა დაემორჩილო მას. ეს არის ის, რასაც რუსები აკეთებენ ძალიან გეგმაზომიერად და ძალიან გამართულად მუდმივად.

მეორე ტაქტიკა მათი – ეს არის მუდმივი ზეწოლა, რომელიც ხშირ შემთხვევაში მუშაობს. არ არის შემთხვევითი ის, რასაც ისინი აკეთებენ მავთულხლართებზე. ისინი გეუბნებიან, რომ: მე მოვდივარ, ჩემი ძალები აგერაა, ბევრნი ვართ, თქვენ არაფერი არ შეგიძლიათ, აი კიდევ 40 ჰექტარი წავიღე, 100 ჰექტარი წავიღე, კიდევ ვიღაცის ვაშლის ბაღი წავიღე, კიდევ სასაფლაო წავიღე, წყლის სათავო ნაგებობა... ამავე დროს მე კეთილიც ვარ, შემიძლია თქვენი ღვინო შევიტანო, თქვენი მწვანილი გაგაყიდინოთ, რაღაც სხვა პერპექტივები გაგიჩინოთ. ესეც შემიძლია და ამასობაში ამ ყველაფერს გავაკეთებ, რასაც ვაკეთებ“.