კლინტონი: „პუტინი ჭკვიანია, მას შეიძლება სირიის საკითხში ენდო“

საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი აცხადებს, რომ მისი აზრით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სირიის საკითხში შეიძლება ენდო. ეს განცხადება პოლიტიკოსმა ტელეარხ CNN-თან გააკეთა.
კლინტონმა პუტინს ჭკვიანი კაცი უწოდა და აღნიშნა, რომ თავისი პრეზიდენტობის დროს პუტინთან ერთობ უშუალო ურთიერთობა ჰქონდა. „ის ყოველთვის ასრულებდა სიტყვას ყველა შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომლებიც კი ოდესმე დაგვიდია“, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა ლიდერმა.
მიუხედავად პუტინის ყველა დადებითი თვისებისა, - აცხადებს კლინტონი, - სირიის კონფლიქტის წარმატებით გადაჭრის გარანტია არ არსებობს. „ასეთ საქმეებში უკეთესისკენ უნდა ისწრაფოდე, მაგრამ მზად უნდა იყო უარესისთვის. თუმცა, გამოჩენილი შანსის გამოუყენებლობა დიდი შეცდომა იქნებოდა“, - აღნიშნა მან.