პუბლიკაციები
„საქართველოს მიერ ე.წ. ჩერქეზების გენოციდის აღიარება: მიზნები და შედეგები“

1-pres-mtსაქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. 2013 წლის 25 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო „BETSY’S HOTEL”-ის საკონფერენციო დარბაზში, არასამთავრობო ორგანიზაცია ისტორიულმემკვიდრეობისორგანიზებით სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია ჩერქეზების გენოციდის აღიარება: მიზანი და შედეგები გაიმართა. 

კონფერენციის მთავარი მომხსენებლები - ქართველი მეცნიერები, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეები, პუბლიცისტები, ჟურნალისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები – მოწვეული სტუმრების წინაშე აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით  მოხსენებებით წარდგნენ.

კონფერენციას უძღვებოდა ღონისძიების ორგანიზატორი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ისტორიული მემკვიდრეობის“ დამფუძნებელი ტარიელ გაგნიძე, რომელსაც საქინფორმის კორესპონდენტი კონფერენციის მიზნებსა და ამოცანებზე ესაუბრა.

ტარიელ გაგნიძე: „ჩერქეზების გენოციდის აღიარების შესახებ დადგენილება საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის 20 მაისს მიიღო. ამის შემდეგ მსოფლიოში მნიშვნელოვანი პროცესები განვითარდა, რომლებმაც ე.წ. ჩერქეზული გენოციდი და ის პროცესები, თუ რა იდგა რეალურად ამ საკითხის უკან, ახლებურად დაგვანახვა. პირველ რიგში, ეს არის ე.წ „არაბული გაზაფხულის“ სახელით ცნობილი სახელმწიფო გადატრიალებები.“

– ბატონო ტარიელ, რეალურად რა იდგა ე.წ. ჩერქეზების გენოციდის აღიარების უკან?

– ამის უკან იდგა საქართველოს ხელისუფლების მცდელობა, მხარი აება იმ საერთაშორისო პროექტისათვის, რომელიც „დაძაბულობის რკალის“ სახელით არის ცნობილი. როგორც ცნობილია, ჩერქეზები პრეტენზიას აცხადებენ იმ ტერიტორიაზე, რომელიც დღევანდელი მდგომარეობით რუსეთის ფედერაციაში შედის და იქ რეალურად არ არის ჩრდილოკავკასიური ეთნიკურ-სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები. ჩემი აზრით, სწორედ ეს არის ჩერქეზთა გენოციდის საკითხის წამოწევის მიზეზი. ამ თემით ხდება იდეოლოგიური საფუძვლის შექმნა შემდგომში აღნიშნულ ტერიტორიებზე რადიკალური ისლამის ექსპანსიისთვის. ჩვენ კარგად დავინახეთ, „არაბული გაზაფხულის“ ქვეყნებში თუ რას აკეთებენ რადიკალური ისლამისტები - ეს არის ზეეროვნული იდეოლოგიური პლატფორმა, რომელიც არ ცნობს სახელმწიფოთა საზღვრებს და აცხადებს, რომ არის ყველა მუსლიმანის დამცველი. აქედან გამომდინარე, მათ ეძლევათ იდეოლოგიური საფუძველი, რომ თქვან, თითქოს რუსეთმა გენოციდი მოუწყო მათ ძმებს და ამიტომ უნდა გადაუხადონ სამაგიერო.

რაც შეეხება კონფერენციის მიზანს, ჩვენ გვინდა კარგად გავიაზროთ და გავაანალიზოთ საქართველოს როლი აღნიშნულ პროცესში და თუკი ასე გაგრძელდება, რა ბედი ელის ჩვენს ქვეყანას. ამის საილუსტრაციოდ ორ მაგალითს მოგიყვანთ:

1. ლეკიანობა - რომლის დროსაც საქართველო ჩრდილოეთკავკასიელი ხალხების შემოტევების და თარეშის დროს უმძიმეს მდგომარეობაში იყო;

2. „არაბული გაზაფხული“  - გავიხსენოთ, რადიკალური ისლამის არენაზე გამოსვლის შემდეგ როგორ ექცეოდნენ ქრისტიანებს და ქრისტიანულ სიწმინდეებს (დაახლოებით 10 დღის წინ ქრისტიანული ქალაქი დაიპყრეს მეამბოხეებმა და მოაწყვეს მასობრივი ხოცვა-ჟლეტა).

ამ გადასახედიდან საქართველოს აღნიშნული პროცესებიდან სახარბიელო არაფერი ელოდება. 2011 წელს ჩერქეზების გენოციდის აღიარებით მაშინდელმა მთავრობამ საქართველო ძალიან ცუდ პროცესებში ჩართო.

დღევანდელი კონფერენცია არის მცდელობა, ახლებურად გავაანალიზოთ არსებული ვითარება და საქართველოს როლი ზემოაღნიშნულ პროცესებში.

კონფერენციაზე მოხსენებით ისტორია და თანამედროვეობა: ჩერქეზების საკითხი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა ჭრილში თსუ-ს პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ვალერიან დოლიძე წარდგა: „სააკაშვილის ხელისუფლებამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ იდეოლოგიური ბრძოლა დაიწყო.  ჩერქეზების გენოციდის აღიარებაც ამ ბრძოლის შემადგენელი ნაწილი გახლდათ. გახსოვთ ალბათ, რომ საქართველოს პარლამენტში შესაბამისი ჯგუფი შეიქმნა, რომელიც კავკასიელ ხალხებთან ითანამშრომლებდა. აღნიშნულმა ჯგუფმა რამდენიმეჯერ მიმართა ჩრდილოკავკასიელი ერების პარლამენტებს ურთიერთთანამშრომლობის თხოვნით, მაგრამ იქიდან პასუხი არ მიუღიათ. ამის შემდეგ აშშ-ში კონფერენციების გამართვა დაიწყო, საქართველოს პარლამენტს გარკვეულმა ჯგუფებმა გენოციდის აღიარების მოთხოვნით მიმართეს და ა.შ. თუმცა აღნიშნულ აღიარებას ჩერქეზების მხრიდან ერთმნიშვნელოვანი რეაგირება არ მოჰყოლია - ზოგი თვლიდა, რომ საქართველოს ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება კარგი იყო, ზოგი ფიქრობდა, რომ ეს მხოლოდ პოპულისტური გადაწყვეტილება იყო, ზოგმა კიდევ საქართველოს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა, რადგანაც ქართველები იმ დროს რუსეთის შეიარაღებული ძალების რიგებში იბრძოდნენ.

ის, რაც ჩერქეზი ხალხის თავს დატრიალდა, ნამდვილად ტრაგედია იყო, მაგრამ საკითხავია, შეიძლება თუ არა მას გენოციდი ვუწოდოთ.  ჯერ აღნიშნული საკითხის დეტალურად შესწავლა უნდა მოხდეს. ეს ადვილი დასამტკიცებელი არ არის. გენოციდი არის იურიდიული ტერმინი, ეს არის დანაშაული. კონკრეტული ქმედება რომ დაკვალიფიცირდეს, როგორც გენოციდი, ამას კვალიფიციური იურისტების უდიდესი მუშაობა სჭირდება. ჩერქეზების გენოციდის აღიარებას დეისტორიზაციას და ისტორიის გათანამედროვებას ვუწოდებდი, რაც არასწორია. საქართველოს პარლამენტს არ ჰქონდა უფლება, პირდაპირ დაეკვალიფიცირებინა ჩერქეზების საკითხი. უტყუარი მონაცემები და მტკიცებულებები ჩერქეზი ხალხის გენოციდზე რეალურად არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ცხადი ხდება, რომ ამ აღიარების უკან იდგა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების პოლიტიკური მიზნები, კერძოდ, აღიარება გათვლილი იყო იმაზე, რომ გაძლიერებულიყო ანტირუსული სეპარატისტული მოძრაობა“.

ვალერიან დოლიძემ, გარდა ამისა, ჩერქეზი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამომწვევ მიზეზებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ჩერქეზების გენოციდის აღიარებით სააკაშვილის ხელისუფლებამ საქართველო უხერხულ ვითარებაში ჩააყენა, რაც ჩვენს ქვეყანას სასიკეთოს არაფერს მოუტანს.

ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბის თავმჯდომარის ირაკლი უბილავას გამოსვლის მთავარი თემა იყო ჩერქეზების საკითხი და საქართველოს ადგილი კავკასიის გეოპოლიტიკურ სტრუქტურაში: „ბევრი ისტორიული წყარო არსებობს იმის შესახებ, რომ ჩერქეზები წარმოადგენდნენ ჩვენი ისტორიული მტრის, ოსმალების მთავარ დასაყრდენს კავკასიაში. ერთ–ერთი თურქი ისტორიკოსი პირდაპირ აღნიშნავს, რომ თურქებს სჭირდებოდათ ჩერქეზები დასაყრდენად და მათ მეომრებით ამარაგებდნენ. სწორედ ჩერქეზების დახმარებით თურქეთი ქმნიდა ბუფერს რუსეთის წინააღმდეგ. იმისათვის, რომ ოსმალეთი დასუსტებულიყო, რუსეთი იძულებული იყო, რომ მისთვის გეოპოლიტიკური დასაყრდენი მოეშალა - წმინდა რეალური პოლიტიკის თვალსაზრისით, ნებისმიერი იმპერია ამას გააკეთებდა. ეს შეიძლება არაჰუმანური იყო რუსეთის მხრიდან, მაგრამ რეალური პოლიტიკის თვალსაზრისით, ადეკვატურ რეაქციას წარმოადგენდა. რაც შეეხება პრობლემის ქართული კუთხით შეხედვას, საქართველოსთვის, ცხადია, მომგებიანი იყო ოსმალეთის იმპერიის დასუსტება, ეს  მართლმადიდებლური იმპერიების აღმასვლის მაჩვენებელი იყო, რაც ხელს შეუწყობდა კავკასიის რეგიონში მაშინდელი მართლმადიდებელი ხალხების  ერთიან კულტურულ სივრცეში მოქცევას, თვითმყოფადობის შენარჩუნებას და შემდგომში იმ ღირებულებებზე დაყრდნობით ერის და ნაციის ჩამოყალიბებას, რაც მოხდა კიდევაც. რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, ამ კუთხით მუშაობენ სხვადასხვა ინტელექტუალური ცენტრები, რომლებიც  სტრატეგიას ამუშავებენ რუსეთის წინააღმდეგ. საქართველოს მიერ გენოციდის აღიარება იყო სწორედ ამ ინტელექტუალური ცენტრების მიერ „ზემოდან“ ნაკარნახევი და იგი რუსეთის დაშლას ემსახურებოდა. როდესაც რუსეთის დაშლაზეა საუბარი, ჩვენ გვავიწყდება ირანი, რომელიც მიძინებულ მდგომარეობაში იმყოფება. უნდა გვახსოვდეს, რომ პოლიტიკაში, როდესაც ერთი მოთამაშე გადის, შემოდის მეორე. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 20 მაისს მიღებული გადაწყვეტილება არის უპასუხისმგებლო და დადგა დრო, როდესაც უნდა ვიმსჯელოთ ამ დადგენილების დენონსაციაზე“.

ჩერქეზული საკითხის ისტორული და პოლიტიკური კონტექსტ – ასეთი იყო გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის, ქალბატონი ნანა დევდარიანის მოხსენების თემა: „ბოლო დროს ძალიან „მოდაშია“ ერეკლე მეორის დადანაშაულება იმაში, რომ როგორ შეიძლებოდა არ გაკეთებულიყო არჩევანი ევროპის მიმართულებით და გაკეთებულიყო რუსეთისკენ. მოდით გავიხსენოთ რა ხდებოდა ევროპაში - ევროპის მთავარ სახელმწიფოებში ყველა მონარქი ან ჩამოახრჩვეს, ან თავი მოაჭრეს, ან გააძევეს და ა.შ. ხომ არ გვავიწყდება ჩვენ, რომ ერეკლე მეფე არ იყო „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი - ის იყო მონარქი და არ წავიდოდა იქით, სადაც მონარქიებს ასეთ მდგომარეობაში აგდებდნენ.

მოდით, გადავხედოთ ისტორიის ქრონოლოგიას: თუ ჩვენ ვაღიარებთ, რომ ტერმინი „გენოციდი“ შეიძლება გადავიტანოთ წარსულში თუნდაც ფიგურალურად და გამოვიყენოთ ის, როგორც მომხდარის აღწერილობა, მაშინ მე მოგიყვანთ რამდენიმე მაგალითს - მოდით, ვნახოთ, რა მოხდა ამერიკელი ინდიელების შემთხვევაში და იყენებენ თუ არა თავად ამერიკული ფონდები ამ შემთხვევაში ტერმინ „გენოციდს“. ევროპელი კოლონიზატორების მიერ 15 მილიონამდე ინდიელია განადგურებული და ამ ფაქტს ამერიკელი მკვლევარები და ანალიტიკოსები დემოგრაფიულ კატასტროფას უწოდებენ. ძალიან სასაცილოდ გამოიყურება, როდესაც დღეს განვითარებული ევროპული სახელმწიფოების წარმომადგენლები ჭკუას არიგებენ ჩვენნაირ ქვეყნებს იმის შესახებ, რომ ქსენოფობია ცუდია, ჰომოფობია ცუდია, ტოლერანტული უნდა იყო და ა.შ. მაშინ, როდესაც მთელ მათ ისტორიას ოდნავ თითი რომ დააჭირო, სისხლი ჟონავს. დავუბრუნდეთ თანამედროვეობას და ვნახოთ, სად გაჩნდა პირველად ოფიციალურ დონეზე განცხადებები ჩერქეზთა გენოციდის შესახებ - ეს არის 1992 წელს ყაბარდო-ბალყარეთის უმაღლესი საბჭოს და 1994 წელს ადიღეის პარლამენტის მიერ გამოყენებული ტერმინი, როდესაც ისინი აფიქსირებდნენ ჩერქეზი ხალხის მასობრივ განდევნას ტერიტორიიდან, მაგრამ აქვე არის ერთი სერიოზული მომენტი, რომელიც მიგვანიშნებს, თუ სად არის ჩვენთვის „შენელებული მოქმედების ნაღმი“, რადგან ამავე წყაროებში ნახსენებია, რომ გარდა ჩერქეზებისა, საუბარია მონათესავე ხალხებზე, აფხაზებზე და სხვებზე. აფხაზების აღნიშნულ გენოციდზე მიბმა სრულიად არ არის შემთხვევითი, თუ გავიხსენებთ იმ განცხადებასაც, რომ ქართველებმა აფხაზების და ოსების გენოციდი მოაწყვეს, ჩვენ მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარება ავტომატურად დღის წესრიგში აყენებს აფხაზებისა და ოსების გენოციდის საკითხს. მაინტერესებს, როგორ უნდა აღვიქვათ ეს, რომ ქართველები არ იყურებიან დოკუმენტებში, როგორც ეს მოხდა დსთ-დან გასვლის შემთხვევაში, თუ შეგნებულად გაკეთდა?! თუ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ იცოდა ამ დოკუმენტების შესახებ, მაშინ გამოდის, რომ მათ შეგნებულად მიაყენეს დარტყმა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. სამწუხაროდ, კოლონიზაციის მცდელობები თანამედროვე მსოფლიოში დღესაც ხდება, ოღონდ ამას აღარ ჰქვია კოლონია და მეტროპოლია, ამას ჰქვია დემოკრატიის დამყარება. არის ასეთი ახალი ანეკდოტი სოციალურ ქსელში – „ანტარქტიდაზე აღმოაჩინეს ბუნებრივი აირი და ნავთობი, სისხლისმსმელი პინგვინების რეჟიმს სულ მალე მოეღება ბოლო“. ყველაფრის უკან დგას რესურსების საკითხი, მეორე ადგილზეა საკუთარი ეროვნული ინტერესების გავრცელება სხვადასხვა რეგიონში.

დღევანდელი ვითარებით, ჩერქეზეთში არანაირი ენთუზიაზმი არ შეინიშნება იმის გამო, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ ეს ფაქტი გენოციდად აღიარა. ეს ყველაფერი იყო გარედან მართული. ის ხელისუფლება, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღნიშნული აღიარებით რუსეთის გაბრაზება მოუნდება, ნამდვილად არ არის ადეკვატური.

მინდა დავუბრუნდე იმას, რითაც დავიწყე, ერეკლე მეორეს შეცდომა არ დაუშვია გეოპოლიტიკურ არჩევანში, რადგან მას ტახტზე მეტად სამშობლო უყვარდა. დღევანდელ პოლიტიკოსებს თავისი სავარძელი უფრო უყვართ, ვიდრე ქვეყანა, პრობლემა ამაშია. მთელი ეს აღიარება ჩერქეზთა გენოციდის შესახებ ამის ნათელი დადასტურებაა.“

მკვლევარმა გიორგი მდივანმა კონფერენციაზე თავის მოხსენებაში ჩერქეზთა გენოციდის აღიარების ფარულ მიზეზებზე და პოლიტიკურ მოტივებზე ისაუბრა. მან, კერძოდ, აღნიშნა: „საქართველო არის პირველი დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელმაც რუსების მხრიდან ჩერქეზი ერის გენოციდი აღიარა. ისმის შეკითხვა - რა მიზანს ემსახურებოდა და შედიოდა თუ არა ეს აღიარება საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებში? მსოფლიო ისტორიაში გენოციდებს მასშტაბურობის მიხედვით თუ დავახარისხებთ, ებრაელი ერის შემდეგ ყველაზე ხმაურიანი სომეხი ერის გენოციდია, რომელიც უკვე 48 სახელმწიფოს მიერ არის აღიარებული. მიუხედავად ამისა, საქართველოს პარლამენტს ეს საკითხი არ განუხილავს გასაგები მიზეზების გამო. ისმის კიდევ ერთი შეკითხვა – მაშინ რა სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენდა ჩერქეზი ერის გენოციდის აღიარება? საკმაოდ ადვილად პროგნოზირებადი იყო ის ფაქტი, რომ აღნიშნული აღიარება რუსულ-ქართულ ურთიერთობებს უფრო ღრმა ესკალაციის ფაზაში შეიყვანდა. 2011 წლის საქართველოს პარლამენტის მიერ შემუშავებული აღნიშნული დადგენილება შეიძლება აიხსნას იმით, რომ სააკაშვილის მთავრობა ცდილობდა ჩერქეზთა თემით მანიპულირებას:

1. ეს იყო ყოფილი ხელისუფლების უსუსური მცდელობა, წაგებული ომის სანაცვლოდ რაიმე სახის დიპლომატიური ზიანი მიეყენებინა რუსეთისთვის;

2. ჩერქეზთა გენოციდის აღიარებით წინა ხელისუფლებას რუსეთის იმიჯის შესუსტება ჰქონდა განზრახული ჩრდილოეთ კავკასიაში;

3. რუსეთის მოქალაქეების განწყობა საქართველოს წინააღმდეგ, რადგან აღნიშნული აღიარება კავკასიის ერებსა და რუსებს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას ემსახურებოდა“.

გიორგი მდივანმა ვრცლად ისაუბრა იმაზე, თუ როგორ მუშაობდნენ აღნიშნულ საკითხზე ამერიკული სპეცსამსახურები, იმართებოდა სპეციალური კონფერენციები და შედეგმაც არ დააყოვნა - გარე ძალების მითითებით საქართველოს პარლამენტმა შესაბამისი დადგენილება მიიღო. ეს ყველაფერი რუსეთის წინააღმდეგ იყო მიმართული.

კონფერენციაზე სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა ედუარდ შევარდნაძის და მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს სახელმწიფო კანცელარიის  ყოფილი უფროსი და საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ბატონი პეტრე მამრაძე, რომლის გამოსვლამ კონფერენციის მონაწილეთა დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგანაც ის პრეზიდენტის კანცელარიაში მუშაობის დროს შიგნიდან ადევნებდა თვალს მიმდინარე მოვლენებს. მან დეტალურად გაიხსენა, თუ როგორ რეაგირებდა საქართველოს პრეზიდენტი სხვადასხვა საკითხზე და როგორ ცდილობდა, რუსეთისთვის სამაგიერო გადაეხადა.

პეტრე მამრაძე: „მე მქონდა საშუალება, ამ პროცესებს შიგნიდან დავკვირვებოდი.

მე გამოვაქვეყნე წიგნი „08.08.08“, რომელშიც დეტალურად არის ასახული, თუ რა ჩაიდინა სააკაშვილმა 2008 წელს, მანამდე და მას შემდეგ. მიხეილ სააკაშვილი ჩემი რეკომენდაციით დაინიშნა კავსაძის კომიტეტში და ვიყავი ძალიან დაახლოებული მასთან, ამიტომაც პასუხს ვაგებ ყველა სიტყვაზე, რასაც ვიტყვი.  პირველი, 2007 წლის შემოდგომის და 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მის გუნდში არ არსებობდა ისეთი ადამინი, რომელსაც შეეძლო მისი ახირებების და სრულიად უაზრო, კონტრპროდუქტიული, მავნე მოქმედებების შეკავება. ასეთ ვითარებაში რაციონალური აზრის ძიება იყო შეუძლებელი. მინდა გითხრათ, რომ აგვისტოს მეორე ნახევარში სააკაშვილმა გულში ჩაიდო რევანში რუსეთის წინააღმდეგ და იგი გეგმავდა, რომ ახალგორის რაიონში ჩაეტარებინა სამხედრო ოპერაცია, იქიდან განედევნა რუსი სამხედროები და დაებრუნებინა ახალგორის რაიონი. გთხოვთ, წარმოიდგინოთ ვითარება - ტანკები დგას იგოეთთან და ყველგან, ამ დროს კი სააკაშვილი წარმატებით ატარებს ოპერაციას ახალგორში, სადაც შეაგზავნიდა სპეციალურ რაზმს. ხომ წარმოგიდგენიათ, ამას რა მოჰყვებოდა. მერე აღმოჩნდა, რომ იგივეს გეგმავდა კასპშიც. ჩვენი ჩარევით ეს არ მოხდა. ამის შემდეგ მან 2008 წლის შემოდგომაზე დასახა რუსეთის დაშლის გეგმა. მან ეს გამოუცხადა უცხოელ დიპლომატებს, რამდენჯერმე თქვა საჯაროდ, ხოლო 2009 წლის თებერვალში პარლამენტში ბრძანა, რომ იგი „ცხვირიდან ძმარს ადენდა“ რუსეთს. სააკაშვილმა ვიწრო წრეებში არაერთხელ განაცხადა, რომ იგი დაშლიდა რუსეთს და ამ პროცესს ჩრდილო კავკასიიდან დაიწყებდა. 2007 წლის ივლისში სააკაშვილი იჯდა თავის კაბინეტში რუკის ფონზე და ამბობდა, რომ ახლა აიღებდა ცხინვალს, 2 საათში აიღებდა ჯავას, გადაკეტავდა როკის გვირაბს და მერე ამერიკაც და რუსეთიც უნდა შეეგუონ ახალ რეალობას. ძალიან განაწყენებული იყო ამერიკის შეერთებულ შტატებზე, რომელიც უკრძალავდა ამ გეგმის განხორციელებას. 2009 წელს ერთ–ერთმა ცნობილმა რუსმა მოღვაწემ მითხრა, რომ ამერიკელი პარტნიორები ყოველთვის აფრთხილებდნენ რუსებს სააკაშვილის მილიტარისტული აგრესიული მისწრაფებების შესახებ, ასე მოხდა 2008 წლის ივლისშიც, კონდოლიზა რაისის ვიზიტის შემდეგ, ამერიკელებმა რუსებს უთხრეს, რომ ისინი აფრთხილებდნენ სააკაშვილს შესაძლო შედეგებზეც და გააფრთხილეს, რომ არ ჩაერეოდნენ ამ საკითხში, მაგრამ ამერიკელები იმის გარანტიას ვერ იძლეოდნენ, რომ ეს ადამიანი, თავისი ფსიქიკით, არ დაიწყებდა საომარ მოქმედებებს აფხაზეთში ან სამხრეთ ოსეთში.

სააკაშვილმა თავისი გეგმის განხორციელება მაინც დაიწყო. ჯეიმსტაუნის ფონდი მთლიანად დაფინანსებულ იქნა პრეზიდენტის მიერ. მათ დაიწყეს პირდაპირი კავშირის დამყარება ჩრდილოკავკასიელი ხალხების იმ ჯგუფებთან, რომელთც რუსეთიდან გამოყოფა უნდოდათ. ამ დავალებით საქართველოს პარლამენტიდან გაიგზავნა შესაბამისი წერილები, საიდანაც უარყოფითი პასუხები მიიღეს. ამას გარდა, დაიწყეს ჩრდილოკავკასიელი ხალხების დიასპორებთან კონტაქტების დამყარება, სადაც ვერ ნახეს თანამოაზრეები. აამუშავეს ტელეკომპანია „პიკი“. სააკაშვილი ხშირად ამბობდა, რომ იგი რუსეთის დაშლას ამ ტელეკომპანიით აპირებდა, რამაც ასევე უკუშედეგი გამოიღო. შეერთებული შტატები ძალიან გააღიზიანა იმ ფაქტმა, რომ ჩრდილოკავკასიელი ხალხებისთვის უვიზო რეჟიმი იქნა დაწესებული. მაშინ პირველად ვნახე ამერიკის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი ასე გაცეცხლებული, რადგან მან საყვედური მიიღო საკუთარი ხელმძღვანელობისაგან. გენოციდის აღიარებაც, რა თქმა უნდა, რუსეთის დისკრედიტაციისთვის იქნა მიღებული. მე ვარ ცოცხალი მოწმე იმისა, რომ არ დარჩა ევროპელი დიპლომატი და ამერიკელი ჩინოვნიკი, რომელმაც ქილიკით არ მკითხა, თუ როგორ ვაპირებდით სომხეთისთვის აგვეხსნა, რომ მათი გენოციდი საქართველოს პარლამენტმა არ განიხილა. სააკაშვილს უნდოდა ერთი რამ, რომ როგორმე გაეღიზიანებინა პირადად პუტინი.

ჩემს გამოსვლას ლინკოლნ მიტჩელის სიტყვებით დავასრულებ: „პუტინს 2003 წლის შემოდგომაზე  საქართველოში სპეციალური დავალებით რომ გამოეგზავნა კადრის აგენტი, ისიც კი ვერ გაართმევდა თავს უკეთ დავალებას, ვიდრე ეს გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა.“

გლობალიზაციის პრობლემების ცენტრიხელმძღვანელი ვიქტორ ცაავა კონფერენციის მონაწილეების წინაშე წარდგა მოხსენებით ჩერქეზების გენოციდის ისტორიულ ასპექტებზე და თანამედროვე რეალობაზე“. მან, კერძოდ, აღნიშნა: „ის, რომ გენოციდის აღიარება სააკაშვილის ხელისუფლების დიდი ავანტიურა იყო, ფაქტია. აღნიშნული დავალება სააკაშვილს დასავლეთში არსებულმა რეაქციულმა ძალებმა მისცეს, რომლებიც გეოპოლიტიკურ ბრძოლაში ჩრდილოკავკასიელი ხალხების გამოყენებით რუსეთის წინააღმდეგ აპირებდნენ მოქმედებას.  ამას მიუთითებდა ტელეკომპანია „პიკის“ ამუშავებაც. ეს იყო კავკასიის აფეთქების გეგმა. ვფიქრობ, რომ სანამ გვიან არ არის და სირიიდან გარკვეული პროცესები საქართველოში არ გადმოსულა, ჩვენს ახალ მთავრობას უნდა მოვთხოვოთ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების დოკუმენტის დენონსაცია. თუ კავკასიელ ხალხებთან მეგობრობა გვინდა, ეს რუსეთის ჯიბრზე კი არ უნდა გავაკეთოთ, არამედ რუსეთთან ერთად უნდა გავაკეთოთ.“

შესვენების შემდეგ, კონფერენციის მეორე ნაწილში, გაზეთ „ილორის“ მთავარმა რედაქტორმა როლანდ ჯალაღანიამ და კონფერენციის მონაწილეებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრება და ზემოაღნიშნულ საკითხზე ფართო დისკუსია გაიმართა.

1-pres-1 1-pres-2
1-pres-3 1-pres-4
1-pres-5 1-pres-6
1-pres-7 1-pres-8
1-pres-9 1-pres-10
1-pres-11 1-pres-12
1-pres-13 1-pres-14
1-pres-15 1-pres-16
1-pres-17 1-pres-18
1-pres-19 1-pres-20
1-pres-21 1-pres-22
1-pres-23 1-pres-24