უცხოეთი
რუსეთი ევროკავშირის ყურადღებას საქართველოს პროვოკაციულ ქმედებებს მიაპყრობს

1-karasiniiსაქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინსა და სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ფილიპ ლეფორს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, მხარეებმა ჟენევის დისკუსიის მონაწილეების მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი განცხადების მომზადებისა და მისი მიღების პერსპექტივა განიხილეს.

"ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ყურადღება მიქცეული იქნა თბილისის მხრიდან მაპროვოცირებელი აქტივობებისადმი სამხრეთ ოსეთთან სასაზღვრო რაიონში. გაჩაღებულია პროპაგანდისტული ისტერია ცხინვალის ხელისუფლების აბსოლუტურად სამართლებრივი ქმედებების ირგვლივ, რომ დაამყარონ წესრიგი თავიანთი სახელმწიფოს საზღვარზე. მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ცნობები, თითქოს ხდება საქართველოს ტერიტორიის შიგნით სასაზღვრო ხაზის გადაწევა. საქართველოს პოლიცია უშუალოდ არის ჩართული "ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო აქციების" ორგანიზებაში, რაც შემდეგ ტენდენციურად შუქდება მედიაში, როგორც ეს იყო, მაგალითად, 17 სექტემბერს დიცთან ახლოს. ბოლო დროს ხმაურია ატეხილი დვანში მიღებულ ზომებთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ამავე განცხადების მიხედვით, ცხინვალის მიერ მიღებული ზომები, რომ რუსი მესაზღვრეების დახმარებით სახელმწიფო საზღვრებზე ეფექტური რეჟიმი დაწესდეს, საქართველოში უკმაყოფილებას იწვევს, "სადაც არ არიან მზად, ცნონ 2008 წელს მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი სამხედრო ავანტიურის შეუქცევადი შედეგები."

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიტიკური სპეკულაციები ამ თემის ირგვლივ მიუღებელია და ეს საფრთხეს უქმნის რეგიონში სტაბილურობას.

"ლეფორთან საუბარში რუსულმა მხარემ გამოთქვა იმედი, რომ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები შეაჩერებენ თბილისის უპასუხისმგებლო ნაბიჯებს სასაზღვრო რაიონებში, განსაკუთრებით ქვეყანაში ამჟამად არსებული წინასაარჩევნო ვითარების პირობებში.

სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს სასაზღვრო რეჟიმთან დაკავშირებული პრაქტიკული ასპექტები განხილულ უნდა იქნას მშვიდად და კონსტრუქციულად ინციდენტებზე რეაგირების და პრევენციის მექანიზმის ფარგლებში, რამაც საკუთარი ეფექტურობა დაამტკიცა", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.