აქტუალური
დავით ნარმანია და ქეთევან ციხელაშვილი კონფლიქტისპირა სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ

1-kirbaliსაქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი, გორის, ქარელისა და კასპის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში კონფლისქტისპირა სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო, ადგილზე მიგვეღო ინფორმაცია კონფლიქტისპირა სოფლებში მცხოვრები ადამიანების საჭიროებების შესახებ. ისინი განსაკუთრებით რთულ ზონაში ცხოვრობენ, ამიტომაც მათ ხელისუფლებისგან გაცილებით მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ. ყველა იმ პრობლემას, რაც შეხვედრაზე დაისვა, კომპეტენციის ფარგლებში მოვაგვარებთ, ხოლო იმ თემებს, რომელიც ჩვენ უფლებამოსილებას სცილდება, კოლეგა მინისტრებს უახლოეს მთავრობის სხდომაზე მივაწვდი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

შეხვედრას გორის, ქარელისა და კასპის მუნიციპალიტეტების კონფლისქტისპირა ზონაში არსებული ორმოცამდე სოფლის მოსახლეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მთავრობის წარმომადგენლებმა მათგან მიიღეს სრულყოფილი ინფორმაცია სოფლებისთვის აუცილებელი საჭიროებების შესახებ და, თავის მხრივ, მათ ამ სოფლებში დაგეგმილი კონკრეტული პროექტები და მათი მიმდინარეობა გააცნეს.

ეს არ არის პირველი შეხვედრა, რომელსაც ჩვენ კონფლიქტისპირა სოფლებში ვმართავთ. წელს რამდენიმე ასეთი შეხვედრა გვქონდა, რის შედეგადაც, აქაურებს მოვუგვარეთ სარწყავ არხებთან თუ სასმელ წყალთან დაკავშირებული პრობლემები. ახლა მიმდინარეობს დამატებით ორი ჭაბურღილის მშენებლობა და ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია, მოვისმინოთ მოსახლეობის აზრი ამ პროექტების ეფექტიანობასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა დავით ნარმამიამ, - „საკითხები, რომელსაც აქაური მცხოვრებლები ამ ჯერზე აყენებენ, ბუნებრივი აირის შეყვანასა და სოფლების სათბობით უზრუნველყოფას შეეხება. ჩვენთვის პრიორიტეტი მათი საჭიროებების ცოდნაა, რათა ნოემბერ-დეკემბერში, როდესაც მომდევნო წელს რეგიონებში განსახორციელებელ პროექტებს განვსაზღვრავთ, ისინი სწორედ ამ საჭიროებებზე იყოს დაფუძნებული“.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა კომენტარი სოფელ დვანში არსებული ვითარების თაობაზეც გააკეთა:

ეს არის მეტად არასასურველი მოვლენა, რომელიც სათავეს 2008 წლიდან იღებს  და, სამწუხაროდ, პერიოდულად მწვავდება,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ, -„ჩვენი ხელისუფლების პოზიციაა, ეს პრობლემა დემოკრატიული გზით, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით, მშვიდობიანად მოგვარდეს. ამ საკითხზე სხვადასხვა სამთავრობო უწყებები თავიანთი მიმართულებით მუშაობენ, მასში ჩართულები არიან საერთაშორისო ორგანიზაციები და, ვფიქრობ, ვითარება დარეგულირდება“.

კონფლიქტისპირა სოფლებში შეხვედრა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის - „გორის საინფორმაციო ცენტრის“ მიერ იყო ორგანიზებული და პროექტის - „უსაფრთხოება და ნდობა შიდა ქართლის კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ თემებში“ - ფარგლებში გაიმართა.