საქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი. ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევის შედეგებს აქვეყნებს. NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,838 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. კვლევის შედეგების ცდომილება ორ პროცენტს არ აღემატება.
გამოკითხვის მიხედვით, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებია სამუშაო ადგილები (63%), ტერიტორიული მთლიანობა (35%) და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება (29%).
NDI-მ სამუშაო ადგილებთან დაკავშირებითაც გამოიკითხა მოსახლეობის აზრი. გამოკითხულთა მხოლოდ 4% მიიჩნევს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩვენების შემდეგ სამუშაო ადგილების რაოდენობა გაიზარდა, 54% აცხადებს, რომ იგივე დარჩა, 32% კი მიიჩნევს, რომ შემცირდა.
გამოკითხულთა 31% მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში კრიმინალის დონე გაიზარდა. 45% თვლის, რომ იგივე დარჩა, ხოლო 11%-ის აზრით, კრიმინალის დონე შემცირდა.
შეკითხვაზე, არის თუ არა საქართველოში ამჟამად დემოკრატია, დადებითი და უარყოფითი პასუხები თანაბრად გადანაწილდა 44-44%. ხოლო 12%-ს ამაზე პასუხი არ აქვს.
იმ რეფორმების ხუთეული, რომელთა განხორციელებას გამოკითხულები ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, ასე გამოიყურება: ჯანდაცვის რეფორმა – 33%, სოფლის მეურნეობის რეფორმა - 37%, განათლების რეფორმა - 34%, საპენსიო რეფორმა - 32%, შრომის კოდექსის რეფორმა - 25%.