აქტუალური
ნინო ბურჯანაძე: „ქვეყანამ უნდა წარმართოს სწორი საგარეო და საშინაო პოლიტიკა, რომ ადამიანებს ჰქონდეთ სტაბილურობისა და სამართლიანობის განცდა“

1-aqtual-2-mt-tyibuliსაქართველო, 23 სექტემბერი, საქინფორმი. საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში ნინო ბურჯანაძე ტყიბულისა და თერჯოლის რაიონებს ეწვია. მან ხალხმრავალ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ვერ ახერხებდა მოსახლეობასთან შეხვედრას, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან იყო მუდმივი ტერორი და ზეწოლა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ნინო ბურჯანაძესა და „დემოკრატიულ მოძრაობას“უჭერდა რაიმე ფორმით მხარს.ტყიბულის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ საპრეზიდენტო კანდიდატმა ჟურნალისტებთან შემდეგი კომენტარი გააკეთა:

დღეს მე მოვუსმინე ჩვენს თანამემამულეებს ტყიბულში. აქ აშკარად გამოჩნდა, რომ ერთ-ერთი განსაკუთრებულად გაჭირვებული ადგილია და ხალხი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. განსაკუთრებით აწუხებთ მათ მასიური უმუშევრობა, რომელიც არის ქალაქში, აწუხებთ უსამართლობის პრობლემა, სოციალური სამართლიანობის არარსებობა, ელემენტარული უყურადღებობა სახელმწიფოს მხრიდან. მე ზუსტად ვიცი, როგორ უნდა ვუშველო იმ პრობლემებს, რაც მათ აწუხებთ და მე ვპირდები მოსახლეობას, რომ აღვადგენ სამართლიანობას ყველგან და ყველასთვის!

ამის შემდეგ ნინო ბურჯანაძე თერჯოლის მოსახლეობას შეხვდა, სადაც მას განსაკუთრებულად თბილი და ხალხმრავალი დახვედრა მოუწყვეს. საპრეზიდენტო კანდიდატმა თითოეული მოქალაქის პრობლემისა და გაჭირვების შესახებ მოისმინა.

ჩემთვის განსაკუთრებით ემოციურია დღეს აქ ყოფნა, რადგან ჩემი ბავშვობის წლები გარკვეულწილად უკავშირდება თერჯოლის რაიონს და მე ძალიან მიხარია, რომ ასეთი თბილი მიღება მოგვიწყვეს დღეს, განსაკუთრებულად თბილი იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც უფროს თაობას ძალიან კარგად ახსოვთ. როდესაც მამა აქ მუშაობდა, ძალიან ბევრს აკეთებდა ქართული კულტურისთვის, ქართული საზოგადოების გაძლიერებისათვის და ადგილობრივმა მოსახლეობამ ერთხმად აღნიშნა, რომიმ პერიოდში ყვაოდა  თერჯოლაში კულტურა და ძალიან ბევრი რამ კეთდებოდა. მე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მაქვს ამ ადამიანების მიმართ. ძალიან კარგად ხედავენ ეს ადამიანები რეალობას. ძალიან კარგად ხედავენ, თუ ვის შეუძლია მათი პრობლემების მოგვარება. ძალიან ნათლად ხედავენ იმას, რა ჭირდება ქვეყანას იმისათვის, რომ ამ კრიზისიდან და ჩაკეტილი წრიდან გამოვიდეთ. ადამიანებს ჭირდებათ სამართლიანობა და თითოეული მათგანი ამბობს, რომ მათ უნდათ  მხოლოდ სამართლიანი გარემო და შესაძლებლობა, რომ იშრომონ და ასეთ შემთხვევაში ისინი არ იქნებიან დამოკიდებული სახელმწიფოზე. ამიტომ ქვეყანამ უნდა წარმართოს სწორი საგარეო და საშინაო პოლიტიკა, რომ ადამიანებს ჰქონდეთ სტაბილურობის განცდა, სამართლიანობის განცდა, ჰქონდეთ სამუშაო და შეძლონ თავიანთი შრომით საკუთარი ოჯახების რჩენა, ამას კი მხოლოდ გამოცდილი და გამბედავი პოლიტიკოსი შეძლებს“, - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

1-aqtual-2-qv-tyibuli