სამართალი
ივანიშვილი: „გავკადნიერდები და გეტყვით – მომავალშიც მენდეთ! მარგველაშვილისთვის ნდობის გამოცხადება ჩემთვის ნდობის გამოცხადებას ნიშნავს!» - "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია

1-pravo-3-margv-mtსაქართველო. 20 სექტემბერი, საქინფორმი. გუშინ, 19 სექტემბერს, თბილისში, სპორტის სასახლეში, 17.00 საათზე გაიმართაკოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია. მაგრამ ვიდრე გიორგი მარგველაშვილი თავის საკმაოდ ვრცელ პროგრამას გააცნობდა მთლიანად გავსებულ დარბაზს, მათ შორის – იქ მყოფ კოალიციის აქტივისტებს, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებს, კოალიცია და პარტია "ქართული ოცნების" ხელმძღვანელებს, საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს, ღონისძიების წამყვანმა – ცნობილმა მსახიობმა ნინელი ჭანკვეტაძემ სიტყვა მისცა ჯერ კოალიციის ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარეს ოთარ აბესაძეს, ხოლო შემდეგ - საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც მოკლე სიტყვით მიმართა დამსწრეთ და აღნიშნა:

«მოგესალმებით, ჩემო საყვარელო ხალხო! 

მადლობას მოგახსენებთ ყველას მობრძანებისა და მხარდაჭერისთვის.

დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ისევ ერთად და მტკიცედ ვდგავართ ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტ ბრძოლაში. ეს ბრძოლა ჩვენ ძალიან მალე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ და პრეზიდენტის არჩევნები დიდი გამარჯვებით დავაგვირგვინოთ!

მეგობრებო!

შარშან მე დაგპირდით, რომ გავათავისუფლებდით ქვეყანას მოძალადე ხელისუფლებისაგან,  დაგპირდით, რომ ჩვენ ამას შევძლებდით მშვიდობიანად, არჩევნების გზით, კონსტიტუციის ფარგლებში. ჩემი მიზანი იყო დაგვემთავრებინა ავტორიტარული რეჟიმი და სისხლისღვრის გარეშე მოგვეპოვებინა თავისუფლება. ეს იყო ჩემი მთავარი დანაპირები და მე ეს დანაპირები შევასრულე – დღეს ჩვენ ყველანი თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ!

მე მადლობელი ვარ ყველასი, ვინც მენდო და ამ ბრძოლაში ბოლომდე წამომყვა. მე დღეს ვამაყობ თქვენით – თქვენ გარეშე, თქვენი გამბედაობის, თქვენი სიმტკიცის გარეშე ჩვენ ამ გამარჯვებას ვერ მივაღწევდით. ჩვენ ეს შევძელით იმ უდიდესი ენერგიის წყალობით, რომელმაც გაგვაერთიანა და რომელსაც სამშობლოს სიყვარული ჰქვია!

მე მადლობელი ვარ ჩემი გუნდის, რომელიც აბსოლუტურად სწორად შევარჩიე და ამაში არჩევნებში  გამარჯვების შემდეგ კიდევ უფრო დავრწმუნდი. რომ არა სწორად შერჩეული პოლიტიკური გუნდი, რომ არა მათი მაღალი სახელმწიფოებრივი თვითშეგნება, ჩვენ დღევანდელ დღემდე  მშვიდობიანად მოსვლა ძალიან გაგვიჭირდებოდა.

ეს ერთი წელი ბეწვის ხიდზე ვიარეთ ხელისუფლებამაც და ხალხმაც. ჩვენ მოვახერხეთ ცხოვრება კოჰაბიტაციის რეჟიმში, რაც სრულიად უცხო იყო ჩვენი ქვეყნისთვის და შეუძლებლადაც გვეჩვენებოდა. მაგრამ ჩვენ ეს შევძელით!  და სიძლიერეც სწორედ ეს არის.

ჩვენმა ხელისუფლებამ თავიდან აიცილა სერიოზული დაპირისპირება და ამ არჩევნებამდე მშვიდობით მოვედით. ეს იყო ჩვენი გუნდის პოლიტიკური ნება. პირველად ამ ოცი წლის განმავლობაში პრეზიდენტი ამთავრებს თავის საკონსტიტუციო ვადას და ჩვენ ვირჩევთ ახალ პრეზიდენტს. ეს უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის.

ჩვენ შევძელით მთელი  დემოკრატიული სამყაროსათვის დაგვემტკიცებინა, რომ ცივილიზებული ერი ვართ, რომ  მოძალადეს ძალადობით არ ვპასუხობთ, რომ უსამართლობის აღსაკვეთად კანონი და სასამართლო ავირჩიეთ და უარი ვთქვით რევანშზე და ანგარიშსწორებაზე.

საქართველომ ბოლო 22 წლის განმავლობაში, ჩვენი პოლიტიკური უმწიფრობის გამო, სამოქალაქო ომის ქარცეცხლი და რევოლუცია გამოიარა. თუმცა ამასაც თავისი გამართლება აქვს – ორ საუკუნეზე მეტი ჩვენ არ გვეკუთვნოდა ჩვენი ქვეყანა, არ გვიმართავს ჩვენი ქვეყანა, დაკარგული გვქონდა სახელმწიფოებიობა.

ამიტომ, როდესაც პოლიტიკაში მოსვლა გადავწყვიტე, შევეცადე ისეთ რამეს ჩავჭიდებოდი, რაც, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური გამოუცდელობისა, ქვეყანას და ხალხს სწორ გზაზე გაიყვანდა. მაშინ მე ვიპოვე ერთადერთი დასაყრდენი – ეს იყო ჩვენი უძველესი უწყვეტი კულტურა, ქართველი ხალხის ისტორიული სიბრძნე და სიდინჯე. ჩემი ეს გათვლა სწორი აღმოჩნდა და დღეს მე ვამაყობ ამით.

ჩვენ ისე მოვიპოვეთ თავისუფლება, ისე შევცვალეთ ჩვენი ყოფა, თანამიმდევრული, დინჯი და გათვლილი ნაბიჯებით ისე დავიწყეთ ცვლილებები, რომ ერთი უკადრისი საქციელი არ ჩაგვიდენია.

ევროპულ ქვეყნებსაც კი, რომლებსაც დემოკრატიაში ცხოვრების მრავალწლიანი გამოცდილება და ჩამოყალიბებული დემოკრატიული ინსტიტუტები აქვთ, დღემდე ძალიან მძიმედ ახსენდებათ ის დრო, როდესაც კოჰაბიტაციის პირობებში მოუწიათ ცხოვრება.

სწორედ ამიტომ არის საამაყო, რომ ჩვენ, გაცილებით რთულ ვითარებაში, დემოკრატიული ინსტიტუტების არარსებობის პირობებში შევძელით კოჰაბიტაცია და მართლაც სასწაული მოვახდინეთ - ეს ნამდვილი გმირობის ტოლფასია. და მე მჯერა, რომ ამაში, ისევ და ისევ, ჩვენი უძველესი კულტურა დაგვეხმარა.

ჩვენ ამ ორ წელიწადში მოვახერხეთ ის, რაც ბოლო 22–წლიანი გამოცდილებით თითქოს სრულიად წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა. ამიტომ, გავკადნიერდები და გეტყვით – მომავალშიც მენდეთ! ჩვენ ქვეყანას ახლა სამოქალაქო საზოგადოების განვითარება სჭირდება, რადგან მოპოვებულ თავისუფლებას გაფრთხილება და შენარჩუნება უნდა, რისი გარანტიც მხოლოდ და მხოლოდ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებაა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ მთელი ჩემი ძალისხმევა ამ საქმეს მოვახმარო და ასე დავეხმარო ჩემს სამშობლოს.

ჩვენ ავირჩიეთ რთული გზა და ეს გზა ჩვენგან დიდ მოთმინებას მოითხოვს. კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამ არჩევანით დემოკრატიულ სახელმწიფოს ვუყრით საფუძველს.

ძალიან მნიშვნელოვანია ვისწავლოთ პროცესების სწორად შეფასება, გავერკვეთ პრიორიტეტებში, ვეცადოთ გავაკეთოთ ობიექტური ანალიზი. ნახავთ, გაივლის წლები და გამოჩნდება, რა სიკეთე მოუტანა ქვეყანას ჩვენმა მოთმინებამ და სიდინჯემ, რაც შეიძლება ასე არ ჩანდეს დღევანდელი გადასახედიდან.

ხელისუფლებებს აქვთ – ხოლმე ცდუნება, რომ დაიმორჩილონ სასამართლო. ჩვენ კი, ნაბიჯ–ნაბიჯ, თანამიმდევრულად, სწორედ სასამართლოს რეფორმით დავიწყეთ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა. დღეს შემიძლია თამამად ვთქვა – სასამართლო თავისუფალია ხელისუფლების ზეწოლისაგან. და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვკადრულობთ და არც ვიკადრებთ სასამართლოს საქმეებში ჩარევას, დავაკვირდეთ, არის თუ არა სასამართლო ძველი ხელისუფლების გავლენისაგან ბოლომდე თავისუფალი?!

სასამართლომ უნდა გამოიყენოს შანსი, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ მისცა და ბოლომდე გათავისუფლდეს ნებისმიერი ზეგავლენისაგან. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება პატივსაცემი ყველა მოქალაქისათვის, მიუხედავად იმისა, მოსაწონია ეს გადაწყვეტილება ვინმესთვის თუ არა.

ამ ერთ წელიწადში ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ პოლიცია მთლიანად დეპოლიტიზებულია და ხალხის სამსახურში დგას, და ეს არ იყო ადვილი საქმე. ყველას გვახსოვს შარშანდელი წინასაარჩევნო პერიოდი, როგორ უსწორდებოდნენ ჩვენს მხარდამჭერებსა და აქტივისტებს ნაციონალური მოძრაობის ზონდერბრიგადები. მაშინ პოლიცია ხალხს კი არ იცავდა, არამედ ხშირად თავადაც აღმართავდა ხელს ოპოზიციურად განწყობილი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ.

ძნელია იმის დავიწყება, როგორ უშენდნენ ქვებს ყველასათვის საყვარელ და საამაყო ადამიანსაც კი - კახა კალაძეს,  სხვებსაც, რომელთა ერთადერთი დანაშაული ის იყო, რომ თვალი არ დახუჭეს უსამართლობაზე და ხმამაღლა აკრიტიკებდნენ მოძალადე ხელისუფლებას.

ახლა საქმე სხვაგვარადაა – პოლიცია იცავს ოპოზიციაში მყოფი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებსა და აქტივისტებს, რადგან ბევრია მათგან გამწარებული ადამიანი და ჯერ კიდევ დიდია ანგარიშსწორების სურვილი.

ამ სიძნელეების მიუხედავად, თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ დავამკვიდრეთ ახალი პოლიტიკური კულტურა - დღეს ყველა ოპოზიციურ ძალას აქვს საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება, მათ ინტერესებს სახელმწიფო იცავს და ხელისუფლების მხრიდან არ არსებობს ხელის შეშლის არცერთი ფაქტი.

ჩვენ ჩავატარებთ თავისუფალ, უპრეცედენტოდ მაღალი სტანდარტის არჩევნებს. ჩვენ ჩავატარებთ ისეთ არჩევნებს, როგორიც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს  ეკადრება!

მეგობრებო!

თქვენ იცით, რომ მე ჩემს სათქმელს ყოველთვის ღიად და გახსნილად ვამბობ. ყოველთვის გულწრფელი ვარ  და კულუარული გადაწყვეტილებები არ მჩვევია. სიცრუე არასოდეს დამჭირვებია, ეს ჩემი ხალხისთვის არასოდეს მიკადრებია. და რადგანაც ჩვენი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატად გიორგი მარგველაშვილი დავასახელე, ის მიმაჩნია სწორედ ერთადერთ კანდიდატად, რომელიც უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი. არაფერი გამოუვათ მათ, ვისაც ჭორებითა და მითქმა-მოთქმით შეცდომაში უნდათ ხალხის შეყვანა და არასწორი არჩევანის გაკეთებისკენ უბიძგებენ მათ. ვურჩევ ყველას, თავი დაანებონ ასეთი მეთოდებით ბრძოლას და პატიოსან ბრძოლაში გაეჯიბრონ გიორგი მარგველაშვილს.

გიორგი არის ღირსეული პიროვნება - თანამედროვე, განათლებული, გაწონასწორებული და წესიერი ადამიანი, სუფთა წარსულით. გიორგი მარგველაშვილისთვის ნდობის გამოცხადება ჩემთვის ნდობის გამოცხადებას ნიშნავს.

შარშან ოქტომბერში მთელი ქვეყანა ფეხზე დადგა და ხმა მისცა თავისუფლებას. დარწმუნებული ვარ, წელს ოქტომბერში კიდევ ერთხელ ერთ მუშტად შევიკვრებით, ავირჩევთ გიორგი მარგველაშვილს და ხმას მივცემთ საქართველოს წინსვლასა და სტაბილურობას.

ღრმად მწამს, რომ გიორგი მარგველაშვილის გამარჯვება იქნება ჩვენი ქვეყნის საერთო გამარჯვება!

გიორგი მარგველაშვილი გახდება საქართველოს პრეზიდენტი და ის ყველას პრეზიდენტი იქნება!

გამარჯვებას ვუსურვებ გიორგის! ყველას გელოდებით არჩევნებზე! მოდით და ხმა მიეცით ჩვენს ღირსეულ კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს! მოდით და ხმა მიეცით ჩვენი ქვეყნის მომავალს!»

პრეზენტაცია დამთავრდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით, რომელიც დამსწრეებმა სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის თანხლებით შეასრულეს.

1-pravo-3-margv-1