საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი დათანხმდა, დამატებითი პირობების წაყენების გარეშე საერთაშორისო კონტროლის ქვეშ გადასცეს მისი ქვეყნის განკარგულებაში მყოფი ქიმიური იარაღის არსენალი და ამ ოპერაციის ჩატარება ერთი წლის განმავლობაში 1 მლრდ დოლარად შეაფასა.
მისივე განცხადებით, იგი გაეროს ინსპექტორთა დაბრუნებას ელოდება, ზარინის გამოყენების პასუხისმგებლობას კი ტერორისტებს აკისრებს.ეს განცხადებები სირიის ლიდერმა კონსერვატიულ ამერიკულ ტელეარხ Fox News-თან გააკეთა. მასმედიის საშუალებით მან ამერიკის პრეზიდენტ ბარაქ ობამას მიმართა და სირიის საკითხში საღი აზრის მიყურადებისკენ მოუწოდა.
ასადის ინტერვიუ დამასკოში რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვის მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებებიდან რამდენიმე საათის შემდეგ გავრცელდა. სერგეი რიაბკოვის ინფორმაციით, სირიამ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომ ქიმიური იარაღი ოპოზიციამ გამოიყენა და ეს დასკვნები კი არა, ტექნიკური დეტალები და სქემებია.
„ჩვენ შევუერთდით საერთაშორისო შეთანხმებას... ამ შეთანხმების ნაწილი იყო, რომ არ გვეწარმოებინა, შეგვენახა და, მით უფრო, არ გაგვევრცელებინა ეს იარაღი. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ შეთანხმების ნაწილი ვართ“, - განაცხადა ასადმა.
რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ 14 სექტემბერს ჟენევაში სირიიდან ქიმიური იარაღის გამოზიდვისა და 2014 წლის დასასრულისთვის მისი განადგურების წესი შეათანხმეს.