აქტუალური
სააკაშვილი: “ქართველებს, თურქეთის მოქალაქეებს, რომლებმაც იციან ქართული, შეინარჩუნეს ქართველობა, უყვართ საქართველო, თავს გრძნობენ საქართველოს პატრიოტებად, ჩვენ ყველას მივცემთ საქართველოს მოქალაქეობას!“

1-saakaShviliსაქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. მიხეილ საკაშვილი თურქეთში იმყოფებოდა. სამსუნის აეროპორტში მას თურქეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველები საქართველოს დროშებით დახვდნენ. სააკაშვილმა მათ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთები პირადად გადასცა. როგორც ცნობილია, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეობა თურქეთში მცხოვრებ 936 ეთნიკურ ქართველს მიენიჭა. სააკაშვილმა ადგილობრივებს მადლობა გადაუხადა ქართული ენისა და ტრადიციების შენარჩუნებისათვის.

„მე წამოვედი დღეს თურქეთში და აქ დამხვდა საქართველო. თქვენ ხართ საქართველო! ასე მოხდა, რომ ბედის უკუღმართობის გამო ჩვენმა დამპყრობელმა რუსეთმა ბევრი თქვენგანი გაასახლა მშობლიური მიწიდან, მშობლიური მაჭახელიდან, მშობლიური ხეობებიდან, აჭარის სხვა ადგილებიდან. გაასახლა იმისათვის, რომ საქართველოს დავიწყებოდით თქვენ და თქვენ დაგვიწყებოდათ თქვენი მემლექეთი საქართველო, მაგრამ ეს არ მოხდა იმიტომ, რომ ისეთი ძლიერია ჩვენი გენი, ჩვენი ჯიში, ჩვენი ოჯახები, რომ თუ იყვნენ ქართველები, ეს არის სამუდამოდ. ჩემი პრეზიდენტობის ვადა სრულდება, მაგრამ ამით მე პოლიტიკურ საქმიანობას არ ვწყვეტ და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველანი გავაგრძელებთ საქართველოს წინსვლას. მაგრამ იმ ქართველებს, თურქეთის მოქალაქეებს, რომლებმაც იციან ქართული, შეინარჩუნეს ქართველობა, უყვართ საქართველო, თავს გრძნობენ საქართველოს პატრიოტებად, უნდათ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა განვითარდეს, უნდათ, რომ თავისი სამშობლო, მათ შორის მემლექეთი ააღორძინონ, ჩვენ ყველას მივცემთ საქართველოს მოქალაქეობას!“, - განაცხადა სააკაშვილმა.