საზოგადოება
რიჩარდ ნორლანდი: „ქართული საზოგადოება მზად არის, უფრო მეტად დაეყრდნოს ინსტიტუციებს, ვიდრე ერთ კონკრეტულ ლიდერს“
norlandi_1საქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პროცესი მშვიდობიანად ჩაივლის. ამის შესახებ მან  ზუგდიდში ჟურნალისტებთან წინასაარჩევნო პერიოდზე საუბრისას განაცხადა. „დარწმუნებული ვარ, არჩევნების პროცესი მშვიდობიანად ჩაივლის. ამაში საზოგადოებაც დარწმუნებულია. ძალიან მოხარული ვარ პოლიციის დამოკიდებულებით ამ არჩევნებისადმი, იმ თვალსაზრისით, რომ პოლიცია მზად არის, აღკვეთოს შესაძლო დარღვევები. თუმცა, თავისთავად, პოლიცია შეინარჩუნებს სრულ ნეიტრალიტეტს და არჩევნების პროცესში პოლიციის მხრიდან სრული ჩაურევლობა იქნება. რამაც ყველაზე მეტად გამახარა, არის ქართველი ხალხის რწმენა – ქართული საზოგადოება მზად არის, უფრო მეტად დაეყრდნოს დემოკრატიულ ინსტიტუციებს, ვიდრე ერთ კონკრეტულ ლიდერს ან ერთ არჩეულ პირს", - განაცხადა ელჩმა და აღნიშნა, რომ საქართველოს სრული დემოკრატიულობის მისაღწევად ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. 
აშშ-ის ელჩი  წინასაარჩევნო გარემოს გაცნობის მიზნით ორი დღის განმავლობაში ზუგდიდში იმყოფებოდა, სადაც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ოფიციალურ პირებს, არასამთავრობო სექტორს და ჟურნალისტებს შეხვდა.