საზოგადოება
ნინო ბურჯანაძე საგარეჯოს რაიონის მოსახლეობას შეხვდა

nina-saz-1mtსაქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. 13 სექტემბერს "დემოკრატიული მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე საგარეჯოს რაიონის მოსახლეობას შეხვდა.

ჩემთვის ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ასეთ რაიონებში, სადაც გვერდიგვერდ ცხოვრობენ ქართველები და აზერბაიჯანლები, მე ვხედავ იმ ერთობას, ურთიერთგაგებას, რომელიც ამ ადამიანებს შორისაა. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც აბსოლუტურად გამართული ქართულით საუბრობენ ჩვენი აზერბაიჯანელი თანამემამულეები და მათაც ანალოგიური პრობლემები აწუხებთ, რაც საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებ ადამიანებს. ესაა - მიწის პრობლემები, უწყლობა, უგზოობა, ძალიან მძიმე სოციალური პირობები. პრობლემა, რომ ადამიანებს არ აქვთ სამუშაო ადგილები, ისინი ვერ ახერხებენ მათ მიერვე მოყვანილი პროდუქტის გასაღებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ აწუხებთ, რომ ქვეყანაში სამართლიანობა აღდგენილი არ არის. მე შევპირდი ამ ადამიანებს, რომ კიდევ ერთხელ ჩამოვალ საგარეჯოს რაიონში 27 ოქტომბრამდე და კვლავ შევხვდები და მოსახლეობაში არსებულ პრობლემებს მოვისმენ", - განაცხადა ბურჯანაძემ.

შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი ნინო ბურჯანაძის შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ბათიაშვილმა გააკეთა.

"მხარდამჭერები ამ რაიონში დიდი რაოდენობით გვყავს. ამაზე მეტყველებს სავსე დარბაზიც და ენთუზიაზმით სავსე განწყობილებაც, რომელიც მოსახლეობაში შეინიშნება. მოსახლეობასთან შეხვედრა ქალბატონი ნინოს მხრიდან არ ატარებს მონოლოგის ხასიათს, იგი გულდასმით უსმენს თითოეული ადამიანის პრობლემას. ამ ხალხს ჰქონდა ძალიან დიდი მოლოდინი, რომ პირველი ოქტომბრის შემდეგ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, თუმცა ისინი იმედგაცრუებულნი არიან, რადგან მთავარი მათი მოთხოვნა – სამართლიანობის აღდგენა, კვლავ შეუსრულებელი დარჩა, ამიტომ ყველა აცნობიერებს, რომ 27 ოქტომბერი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში და ამ დღეს შეიძლება მართლაც დიდი, სერიოზული გარდატეხა მოხდეს", - განაცხადა ბათიაშვილმა.

nina-saz-1-qvem