აქტუალური
ალასანია: „თავდაცვის უწყების გეგმებში რაიმე სახის სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობა არ შედის. ვზრუნავთ, რომ რეგიონში სოჭის ოლიმპიადა უსაფრთხოების კუთხით შესაბამის დონეზე ჩატარდეს“

aqtual-2-alasania-iraსაქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. IDFI-ის ანგარიშის პრეზენტაციაზე ყოფნისას თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან სირიაში მიმდინარე პროცესებზეც გააკეთა კომენტარი. ირაკლი ალასანია კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარების შესაძლებლობას მიესალმა და შესაძლო სამხედრო ინტერვენციაში საქართველოს მონაწილეობა უარყო:

ყველამ მოვისმინეთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება, რომელიც დიპლომატიას მოქმედების შანსს აძლევს. ბუნებრივია, ჩვენ ვგმობთ ქიმიური იარაღის გამოყენების ყველა ფაქტს და ვუერთდებით მსოფლიო თანამეგობრობას იმაში, რომ ყველა, ვინც კი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს საკუთარი თუ სხვა ხალხის წინააღმდეგ, უნდა იყოს დასჯილი. სწორედ ამ პოზიციას, ევროკავშირის პოზიციას, ცივილიზებული სამყაროს პოზიციას უერთდება საქართველო. საქართველოს თავდაცვის უწყების გეგმებში არანაირად არ შედის რაიმე სახის სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობა.

ზოგადად, რეგიონულ უსაფრთხოებას, ბუნებრივია, სირიაში უკვე არსებული პრობლემები საფრთხეს უქმნის. პროცესებს დიდი ყურადღებით ვაკვირდებით, ჩვენი სადაზვერვო ორგანოები, ჩვენი თანამშრომლობა საზღვარგარეთის სადაზვერვო სტრუქტურებთან გაძლიერებულია, რათა ჩრდილო-კავკასიაში მიმდინარე პროცესებსა და აღნიშნულ დაპირისპირებას შორის კორელაცია  არ მოხდეს. ბუნებრივია, ვზრუნავთ, რომ რეგიონში სოჭის ოლიმპიადა უსაფრთხოების კუთხით შესაბამის დონეზე ჩატარდეს“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.