დიპლომატს ფსკოვის ოლქში დაკრაძალავენ: შეგახსენებთ, რომ პუსტოშკის მკვიდრმა დიმიტრი ვიშერნევმა ფსკოვის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის უცხო ენების ფაკულტეტი დაამთავრა. მისი პირველი ცოლი, რომელიც ორ ქალიშვილთან ერთად ფსკოვში ცხოვრობს, აფხაზეთში ქმრის ცხედრის გადმოსასვენებლად გაემგზავრა. იქ იმყოფებიან მისი მშობლებიც. სავარაუდოდ, ცხედარს ფსკოვში 13 სექტემბერს გადაასვენებენ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საელჩოს პირველი მდივნის ოჯახზე თავდასხმა 9 სექტემბერს, დილის 8:20 საათზე განხორციელდა. დიმიტრი ვიშერნევი და მისი მეუღლე ოლგა სამსახურებრივ ავტომანქანაში სხდებოდნენ, როცა მძღოლის კარის მხრიდან მათ უცნობი პირი მიუახლოვდა და ღია ფანჯარაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა. ბატონი ვიშერნევი თავში ორი ტყვიის მოხვედრის შედეგად გარდაიცვალა, მისი მეუღლე კი მძიმედ დაიჭრა. შემთხვევის ადგილის მიმდებარედ ასაფეთქებელი ნივთიერების მულაჟი აღმოაჩინეს.
თვითმხილველის აღწერის მიხედვით, კილერი სლავური გარეგნობის გამხდარი მამაკაცი იყო. როგორც გამოცემა „ნაშა აბხაზია“ იტყობინება, მკვლელი თავდაპირველად დანაშაულის ადგილიდან მიმალვას ტაქსით ცდილობდა, თუმცა ჩანაფიქრის განხორციელება ვერ მოახერხა. ამიტომ ტროლეიბუსში ჩაჯდა და გაემგზავრა.
დანაშაული რუსეთსა და აფხაზეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების ხუთი წლის თავზე მოხდა. ამიტომ ორივე ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მას პოლიტიკური უწოდეს. თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, გამოძიება სხვა ვერსიებსაც განიხილავს.