საზოგადოება
დავით ბაქრაძეს სამეგრელოში გასაბერი ფალოსით დახვდნენ

falosiსაქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გუშინ ზუგდიდში იმყოფებოდა, სადაც სიტყვით გამოსვლისას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ ევრაზიულ კავშირში შესვლის ანუ მონობის პერსპექტივას შესწავლა არ სჭირდება.

„მე მინდა ურთიერთობის გაუმჯობესება რუსეთთან, მაგრამ ეს ურთიერთობა არ გაუმჯობესდება საქართველოს ეროვნული ინტერესების, უაზრო დათმობების, ევროპული კურსიდან გადახვევის, ოკუპაციაზე თვალის დახუჭვის ხარჯზე", - განაცხადა ბაქრაძემ და დასძინა, რომ „ჩვენ უნდა შევქმნათ რუსეთთან ცივილიზებული ურთიერთობის ისეთი მოდელი, რომელიც არასოდეს გვქონია და ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენ ვიქნებით NATO-სა და ევროპის ნაწილი. ჩვენს პოლიტიკურ თაობას ისტორიული მისია აქვს - მივაღწიოთ საქართველოს დაბრუნებას ევროპაში“.

არასამთავრობო ორგანიზაციების „დაიცავი საქართველო“ და „ქალები მშვიდობისათვის“ წარმომადგენლებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების სამეგრელოში ჩასვლა გააპროტესტეს. მათი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენლები არიან და მოსახლეობასთან შეხვედრის მორალური უფლება არ აქვთ. აქციის მონაწილეებმა ზუგდიდის ცენტრალურ ბულვართან გამართულ აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატს სახედარზე დამაგრებული გასაბერი ფალოსი დაახვედრეს.

„წალენჯიხელებმა დაამზადეს და ვირზე დაამონტაჟეს ის, რასთანაც „ნაციონალური მოძრაობა“ ასოცირდებოდა ამ 9 წლის მანძილზე. სამეგრელო - წალენჯიხა და ზუგდიდი რომ ფოჩებიანი კანფეტებით არ შეხვდებოდა „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს ყველამ ვიცით. ხომ ხედავთ, შემორაგულია „ნაციონალური მოძრაობა“ და აქეთ ვერ გადმოდიან. ეს არის ძალიან ადეკვატური ქმედება წალენჯიხელების მხრიდან“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა კახა მიქაიამ.

„მე იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება გამოიჩენს პასუხისმგებლობას და დასჯის ყველა იმ ადამიანს, რომელიც ხელს უშლის საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას“, - აღნიშნა მოსახლეობასთან შეხვედრის დასასრულს დავით ბაქრაძემ.