უცხოეთი
ობამამ რუსეთის წინადადების შემდეგ სირიაზე თავდასხმის გეგმები შეაჩერა

1-priostanovil-zarub1საქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ, რუსეთის წინადადების მომიზეზებით, რომ სირიის ქიმიური იარაღი საერთაშორისო თანამეგობრობის კონტროლქვეშ გადაეცეს და ამით თავიდან იქნეს აცილებული აშშ-ის სამხედრო თავდასხმა ამ ქვეყანაზე, ოთხშაბათს მკვეთრად შეცვალა პოლიტიკური კურსი.

ახლა ობამა მზადაა დაელოდოს გაეროს გამოძიების შედეგებს 21 აგვისტოს ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების თაობაზე და სთხოვს კონგრესს, ჯერჯერობით კენჭი არ უყაროს სირიის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საკითხს.

ობამას უწინდებურად მიაჩნია, რომ სირიაზე შეტევა აშშ-ის ნაციონალურ ინტერესებს პასუხობს, თუმცა, ჯერჯერობით დიპლომატიური კურსის გაგრძელებას გეგმავს.

მან აღიარა, რომ განზრახვა რუსეთის წინადადების წყალობით შეცვალა.

„მე ვთხოვე კონგრესის წევრებს, გადადონ კენჭისყრა ძალის გამოყენების ნებართვასთან დაკავშირებით, სანამ დიპლომატიური გზით სვლას ვაგრძელებთ. სახელმწიფო მდივან ჯონ კერის ხუთშაბათს მის რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან შესახვედრად ვაგზავნი, მე კი დისკუსიებს პრეზიდენტ პუტინთან განვაგრძობ“, - განაცხადა ობამამ ამერიკელი ხალხისადმი სატელევიზიო მიმართვაში.

მისი თქმით, რუსეთის წინადადება „გამამხნევებელი სიგნალია“. „გარკვეულწილად აშშ-ის სამხედრო მოქმედებების მკაფიო მუქარით და, ასევე, პრეზიდენტ პუტინთან კონსტრუქციული მოლაპარაკებების შედეგად, რუსეთის ხელისუფლებამ მოახდინა დემონსტრირება სურვილისა, შეუერთდეს საერთაშორისო თანამეგობრობას იმაში, რომ აიძულოს ასადი, ქიმიური იარაღი ჩააბაროს“, - განაცხადა ობამამ. მისი თქმით, ასადის რეჟიმმა უკვე აღიარა, რომ ფლობს ამ იარაღს და ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციასთან შეერთებასაც დათანხმდა.

ამასთან, ობამას განცხადებით, იგი რუსული ინიციატივის წარმატებაში დარწმუნებული არ არის. „ძალიან ნაადრევია იმაზე ლაპარაკი, წარმატებით დამთავრდება თუ არა ეს წინადადება და ნებისმიერმა შეთანხმებამ უნდა დაადასტუროს, რომ ასადის რეჟიმი ვალდებულებებს ასრულებს. თუმცა, ამ ინიციატივას აქცს პრობლემის გადაჭრის პოტენციალი ძალისმიერი ჩარევის გარეშე, განსაკუთრებით იმიტომ, რომ რუსეთი ასადის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მოკავშირეა“, - აღნიშნა ობამამ.

რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, ისინი მხარს არ უჭერენ რომელიმე მხარეს სირიის შიდა კონფლიქტში და მის მშვიდობიანად გადაჭრას ცდილობენ.