უცხოეთი
დიპურთიერთობის დამყარების 5 წლისთავზე აფხაზეთში რუსეთის ვიცე-კონსული მოკლეს

zarub-2საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. ქალაქ სოხუმში მოკლეს აფხაზეთში რუსეთის საელჩოს საკონსულო განყოფილების პირველი მდივანი და ვიცე-კონსული დიმიტრი ვიშერნევი. როგორც РБК-ს ელჩმა სემიონ გრიგორიევმა აცნობა, ვიშერნევი თავში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

მკვლელობა ამ დილით, 08:40 საათზე მოხდა. 36 წლის დიპლომატს აფხაზეთის დედაქალაქში მისი საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხთან დაესხნენ თავს. ვიშერნევთან ერთად მისი მეუღლეც იმყოფებოდა, რომელიც მძიმედ დაიჭრა, მას ხერხემლის რთული ოპერაცია სჭირდება და ამჟამად ექიმების მისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან.

ქალაქის პროკურატურის მონაცემებით,  შემთხვევის ადგილზე ბომბიც აღმოაჩინეს.

„ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ნოზაძის ქუჩაზე, №52 სახლის ავტოფარეხთან, არ ამოქმედებულა. ის წარმატებით განაღმეს“, - განაცხადა სოხუმის პროკურორმა ალისა ბიგუამ.

თავდასხმის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მუხლებით: „მკვლელობა“, „სასიკვდილო თავდასხმა ორ ან მეტ პირზე“ და „იარაღის უკანონო მოხმარება“. მიმდინარეოებს საგამძიებო მოქმედებები. ძალოვანები დამნაშავეთა ვინაობას ადგენენ. დეტალური ინფორმაცია ეჭვმიტანილებზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ მჟღავნდება.