პოლიტიკა
„არ შეიძლება დანაშაულის პატიება, მით უფრო რომ პატიებას არავინ ითხოვს!“-საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ბურჯანაძე მის ნდობით აღჭურვილ პირთა დარბაზს შეხვდა

analitika-1A3-ninoსაქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. სასტუმრო ჰოლიდეი ინ-ში დემოკრატიული მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ბურჯანაძე მის ნდობით აღჭურვილ პირთა დარბაზს შეხვდა. შეხვედრას საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები ესწრებოდნენ. შეკრებილებმა იმსჯელეს, თუ როგორ უნდა წარიმართოს მათი აზრით ნინო ბურჯანაძის წინასაარჩევნო კამპანიის პროცესი.

დარბაზს შესავალი სიტყვით მიმართა „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ ნონა გაფრინდაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია დღეს საზოგადოების ამ მეტად პატივსაცემი ნაწილის აქ ყოფნა და აქტიურობა იმისათვის, რომ ქალბატონმა ნინომ გაიმარჯვოს ამ საპრეზიდენტო არჩევნებში. მისი თქმით, ნინო ბურჯანაძის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენა არ იყო სპონტანური გადაწყვეტილება, ეს იყო დიდი ხნის ფიქრისა და ანალიზის შედეგი, რაშიც დარბაზი ერთხმად დაეთანხმა.

ნინო ბურჯანაძის ნდობით აღჭურვილ პირთა დარბაზის შეკრების ინიციატორი და იდეის ავტორი გახლდათ ბატონი ვალერი ასათიანი, რომელმაც აღნიშნა, რომ დღეს ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა გამოვიყენოთ უნიკალური შანსი, როგორიც ბოლო წლების ისტორიაში პრაქტიკულად არ გვქონია, გვყავდეს არაერთპარტიული და დაბალანსებული ხელისუფლება. შანსი იმისა, რომ ერთის მხრივ, ერის წინამძღოლისა და სულიერი მამის უწმინდესისა და უნეტარესის, მეორეს მხრივ, პრემიერ მინისტრად ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხოლო საქართველოს პრეზიდენტად ქალბატონი ნინო ბურჯანაძის არჩევით ერთხელ და სამუდამოდ გამოვიყვანოთ ჩვენი საშობლოს რეალური წინსვლისა და განვითარების გზაზე.“

ვალერი ასათიანმა იმედი გამოთქვა, რომ დამსწრე საზოგადოება არ დაიშურებს ძალასა და ენერგიას მაქსიმალურად მიიტანოს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებამდე ქალბატონი ნინოს საპრეზიდენტო პროგრამა და ის მთავარი გზავნილები, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია სამართლიანი, სტაბილური და დემოკრატიული განვითარებისათვის.

დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა ნდობისათვის და  სიტყვით მიმართა პრეზიდენტობის კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა იმ მთავარ გზავნილზე, რაც მისი საარჩევნო პროგრამის, საარჩევნო კამპანიის მთავარ ქვაკუთხედად იქცა სამართლიანობა ყველგან და ყველასათვისდა აღნიშნა, რომ

ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია მერქვას საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც წარდგენილი ვარსახალხო კრებისმიერ. დიდი მადლობა რომ გამოხატავთ ნდობას. ჩვენ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ  26-მა მაისმა ნამდვილად გარდამტეხი როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რასაც მოყვა 1 ოქტომბერი.

ჩემი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ქვეყანაში დადგება ცოდნის, გამოცდილების, კომპეტენციის და საქმის მკეთებელი ადამიანების დაფასების დრო. გპირდებით, რომ აღარ იქნება ადამიანების ასაკობრივი ნიშნით დისკრიმინაცია.

მე პრაქტიკულად ფეხდაფეხ მოვიარე ნახევარი საქართველო და მინდა გითხრათ, რომ რეგიონებში მოსახლეობას აქვს ადექვატური ხედვა პრობლემებისა და მათი მოგვარებისა. ადამიანებში არის ერთი მეტად მნიშვნელოვანი მოთხოვნა: ეს არის სამართლიანობის აღდგენა. არ შეიძლება დანაშაულის პატიება, მით უფრო რომ პატიებას არავინ ითხოვს. კანონიერების გზაზე ქვეყანა ვერ დადგება თუ იქნება დაუსჯელობის სინდრომი.

არცერთი დაპირება, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ შეხვედრების დროს, არ არის ისეთი დაპირება, რომელიც გადის პრეზიდენტის კომპეტენციიდან და რომლის შესრულებაც ჩვენ არ შეგვიძლია. ჩვენ ვუზრუნველყოფთ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის სწორად წარმართვას  და ასეთ შემთხვევაში ეკონომიკური აღმავლობა გარდაუვალია. ჩვენ ვერ მივცემთ საკუთარ თავს უფლებას დავამყაროთ ურთიერთობები დასავლეთთან და ამ ფონზე გვქონდეს მტრული ურთიერთობა რუსეთთან, რადგან ნამდვილად არსებობს ბევრ საკითხთან ინტერესთა თანხვედრა რუსეთსა და საქართველოს შორის.

მე გადავდგამ ნაბიჯებს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ურთიერთობების დასარეგულირებლად. იყო ორმხრივი შეცდომები, მაგრამ პირველ რიგში ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, იმ შედეგებზე, რაც დადგა ომის დროს იმიტომ რომ ჩვენ ვართ უფრო დიდი ერი და პირველ რიგში ჩვენ უნდა მივცეთ მაგალითი ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და დებს ურთიერთობის ნორმალიზებისა.“

ქალბატონი ნინო შეეხო ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პრობლემებს. მან აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის რომ შეიქმნას და გაძლიერდეს საშუალო ფენა, რაც ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისა და სტაბილურობის გარანტია.

ამის შემდგომ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმნართა ნინო ბურჯანაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ბათიაშვილმა, თბილისის შტაბის ხელმძღვანელმა გიგლა ბარამიძე და საპრეზიდენტო ფონდის ხელმძღვანელმა გია ბურჯანაძემ.

დამსწრე საზოგადოებამ ნინო ბურჯანაძეს უპირობო მხარადჭერა აღუთქვა საპრეზიდენტო არჩევნებში და ერთხმად აღინიშნა, რომ დარბაზი აქტიურად შეუდგება მუშაობას, რომ ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერთა რაოდენობა, როგორც უშუალოდ დარბაზში, ასევე საზოგადოებაში კიდევ უფრო გაიზრდება. დარბაზის წევრები ქალბატონი ნინოს რეგიონებში გასვლის დროსაც მიიღებენ მონაწილეობას, ასევე შეიქმნება ნდობით აღჭურვილ პირთა  რეგიონალური წარმომადგენლობები.