უცხოეთი
მასმედია: ირანი აშშ-ს სირიაზე თავდასხმისათვის საზღაურს უმზადებს
vozmezdieსაქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. სირიაზე თავდასხმის განხორციელების შემთხვევაში ირანმა აშშ–ის საელჩოსა და მეზობელ ქვეყნებში აშშ–ის ობიექტებზე თავდასხმა დაგეგმა, – ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი The Wall Street Journal ავრცელებს.
გამოცემას ირანის საპასუხო ქმედებების შესახებ ირანის სპეცსამსახურებიდან ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.
„ამერიკელები ირანის სამხედრო ძალების მობილიზებას, კერძოდ კი, სპარსეთის ყურეში ირანის სამხედრო გემების გადაადგილებას თვალყურს ადევნებენ. ამასთან, ამერიკელი სამხედროები  „ჰესბოლას” მიერ ბეირუთში მდებარე აშშ–ის საელჩოზე თავდასხმის განხორციელებას ვარაუდობენ“, – წერს გაზეთი. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ–ის უმოქმედობა სირიის მიმართ ირანს დამატებით დროს აძლევს იმისთვის, რომ საპასუხო იერიში მოამზადოს.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ირანის ლიდერმა, აიათოლა ალი ჰამენეიმ განაცხადა, რომ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება აშშ–სთვის ქვეყანაში გრძელვადიანი ინტერვენციის მიზეზია.
რაც შეეხება აშშ–ის პოზიციას, სანკტ–პეტერბურგში მიმდინარე დიდი ოცეულის სამიტზე აშშ–ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პენტაგონისგან სირიაში სამიზნეების რაოდენობის გაზრდა მოითხოვა.