აქტუალური
პუტინი: „დიდი ხანია კარგად ვიცნობ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. მათთან ერთად გერმანული ლუდის ყლურწვაც შეიძლება, შნაპსის გადაკვრაც და ფრანგული ან იტალიური ღვინის დაგემოვნებაც. მაგრამ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისას ძალიან მკაცრი ადამიანები არიან“

1-inter-9საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. მოსკოვის ოლქი, ნოვო–ოგარიოვო, 2013 წლის 3 სექტემბერი, 09:00. „დიდი ოცეულის“ სამიტის წინ რფ–ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ინტერვიუ მისცა პირველ არხს (რუსეთი) და სააგენტო „ასოშიეიტედ პრესს“ (აშშ).

კორესპონდენტ კ. კლეიმიონოვის (1TV) შეკითხვაზე – შეკითხვა უკრაინის შესახებ. რატომ ვერ ხერხდება მშვიდად და რიტმულად ერთად განვითარება? რატომ ვერ ხერხდება საერთო სივრცის შექმნა იმ ადამიანებთან ერთად, რომლებთანაც საუკუნობით ვცხოვრობთ გვერდიგვერდ და ძალზე მსგავსი მენტალიტეტი გვაქვს? რაშია დაბრკოლება, თქვენი აზრით? - ვ. პუტინმა, კერძოდ, უპასუხა:

"რაც უნდა ხდებოდეს და საითაც უნდა მიდიოდეს უკრაინა, როდისმე და სადმე მაინც შევხვდებით ერთმანეთს. იმიტომ რომ ჩვენ ერთი ხალხი ვართ. როგორც უნდა ბრაზობდნენ ნაციონალისტები ორივე მხრიდან იმაზე, რაც ახლა ვთქვი… თეთრი მოძრაობაც და წითელიც სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძოდნენ ერთმანეთს, სამოქალაქო ომში მილიონობით ადამიანი დაიღუპა, მაგრამ არასოდეს დასმულა საკითხი უკრაინის გამოყოფის შესახებ. წითლებიც და თეთრებიც რუსული სახელმწიფოს მთლიანობიდან გამოდიოდნენ.

…ისე მოხდა, რომ ამ ტერიტორიის ნაწილი სხვადასხვა სახელმწიფოების ხელში აღმოჩნდებოდა ხოლმე, რომლებიც მისგან დასავლეთით მდებარეობდნენ… მთელი ეს საუკუნეები უკრაინელი ხალხი ბევრ გაჭირვებას იტანდა, არსებითად, იტანჯებოდა დამამცირებელი, მონური ყოფისაგან. მხოლოდ რუსეთის ორივე ნაწილის შეერთების შემდეგ უკრაინის ამ ნაწილმა განვითარება და, არსებითად, აყვავება დაიწყო. ერთობლივი თანაცხოვრების განმავლობაში უკრაინამ დამატებითი ტერიტორიები და მოსახლეობა მიიღო და დიდ ევროპულ სახელმწიფოდ გადაიქცა. თანაც ეს მოხდა როგორც რუსეთის, ისე დასავლეთის ზოგიერთი ოლქის ხარჯზე. ამგვარი გაცვლები საბჭოთა კავშირმა მოახდინა და უკრაინა ამ ტერიტორიებით დააჯილდოვა. კოლოსალური ინვესტიციები განხორციელდა ინფრასტრუქტურაში, მრეწველობის განვითარებაში და სხვ.

მაგრამ დღეს ისე მოხდა, რომ ჩვენ სხვადასხვა სახელმწიფოში ვცხოვრობთ.  უნდა გამოვიდეთ რეალობიდან, უნდა გამოვიდეთ იქიდან, რომ უკრაინელი ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილისათვის ძვირფასია დამოუკიდებლობა. ეს არა მარტო უნდა გვესმოდეს, არამედ პატივს ვცემდეთ.

რაც შეეხება ინტეგრაციულ პროცესებს... თუ უკრაინას მიაჩნია, რომ მას სჭირდება და მიზანშეწონილია, ვთქვათ, ხელშეკრულების დადება ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ზონის თაობაზე, ასე იყოს. მაგრამ ამაში ჩვენ გარკვეულ პრობლემებს ვხედავთ როგორც ჩვენთვის, ისე მათთვის. არსი იმაში მდგომარეობს, რომ უკრაინა თავის თავზე იღებს დამატებით ვალდებულებებს საბაჟო დაცვის, საბაჟო ბარიერების შემცირებაზე. საქონლის დიდი ჯგუფისათვის... უკრაინა გარკვეული ხნის განმავლობაში... ანულებს საბაჟო გადასახადს საქონლის შემოტანაზე – ეს ერთი. მეორე – შემოაქვს ტექნიკური რეგულირების ევროპული სტანდარტები.

… როცა ბაჟი ნულდება, უკრაინის ბაზარზე ჩნდება უცხოური წარმოების საქონელი. მაგრამ საკუთარი წარმოებაც ხომ მუშაობს, სად უნდა წაიღონ თავისი პროდუქცია? ჩვენ ვშიშობთ, რომ ის ჩვენს ბაზარზე გამოიდენება - საბაჟო კავშირის ბაზარზე, რუსეთის, ყაზახეთისა და ბელორუსიის ბაზარზე. მაგრამ ჩვენ ასე არ შევთანხმებულვართ, ეს პრობლემებს შეუქმნის ჩვენს ეკონომიკას - ეს ერთი.

და მეორე - რას ნიშნავს ერთბაშად ტექნიკური სტანდარტების დანერგვა? ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინის საწარმოებს მოუხდებათ მთელი პროდუქციის – ლიფტების, მანქანების, პერანგების, საათების და სხვა – მთელი დანარჩენი საქონლის გამოშვება ევროკავშირის ტექნიკური რეგლამენტების მიხედვით. ეს კარგი სტანდარტებია, მაგრამ ისინი მეტად მკაცრია და იმისთვის, რომ საწარმოებმა ასე იმუშაონ, ამ რეგლამენტებით, მრავალმილიარდიანი ინვესტიციები და დროა საჭირო. ვეჭვობ, ამის უცბად გაკეთება იყოს შესაძლებელი. და სანამ ეს გაკეთდება, ბევრი საწარმო გაკოტრდება ან ისევ და ისევ ჩვენს ბაზარზე ეცდებიან საქონლის გამოდევნას. ჩვენ კი იძულებული გავხდებით, დავიხუროთ - აი, რა არის პრობლემა.

... ჩვენ აშკარა კონკურენტული უპირატესობები გვაქვს: საერთო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, საერთო ენერგეტიკა, ღრმა კოოპერაცია, საერთო ენა. ეს დიდი კონკურენტული უპირატესობებია და ისინი გაქრება. ძნელად წარმომიდგენია, როგორ უნდა განვითარდეს უკრაინის სარაკეტო-კოსმოსური დარგი. ის ძალიან სოლიდურია - სარაკეტოც და ავიაციაც, მაგრამ ჩვენი ბაზრის გარეშე ისინი ვერ წარმომიდგენია. საავიაციო ძრავების წარმოება - ყველა ჩვენი ვერტმფრენი უკრაინული ძრავებით არის აღჭურვილი. რა უნდა ვქნათ? როგორ განვითარდება ეს ყველაფერი, თუ საერთოდ არ იქნება?

ამიტომაც საკითხი ის კი არ არის, რა გვინდა ან არ გვინდა... ჩვენ ხომ თვითონაც ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ევროკავშირთან. თავისუფალი ვაჭრობის ზონაზეც ვფიქრობთ და ახალი საბაზო ხელშეკრულების დადებაზეც. მაგრამ იცით, მე ხომ უკვე ძალიან დიდი ხანია კარგად ვიცნობ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. მშვენიერი ბიჭები არიან, მათთან ერთად გერმანული ლუდის ყლურწვაც შეიძლება, შნაპსის გადაკვრაც და გემრიელი ფრანგული ან იტალიური ღვინის დაგემოვნებაც. მაგრამ როცა მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან, ძალიან მკაცრი, პრაგმატული ადამიანები არიან, და მათგან რაიმეს მიღება –  რთული ამოცანაა.

ამიტომ მეჩვენებოდა, რომ თუკი ერთიანი ეკონომიკური სივრცის ფარგლებში ერთად განვსაზღვრავდით რაღაც პრინციპებს, მაშინ ევროპელებისათვის გაცილებით უფრო რთული იქნებოდა ჩვენთან საუბარი რუსეთი-უკრაინა-ყაზახეთი-ბელორუსიის შემადგენლობაში, ვიდრე თითოეულთან ცალ-ცალკე. მითუმეტეს, მხოლოდ უკრაინასთან.

ვნახოთ, როგორი იქნება უკრაინის ხელისუფლების არჩევანი. ჩვენ ნებისმიერ არჩევანს, როგორიც უნდა იყოს, პატივისცემით მოვეკიდებით და, რა თქმა უნდა, განვაგრძობთ მუშაობას. საკითხავი მხოლოდ ის არის, როგორ ვიმუშავებთ, რა უნდა მოვიმოქმედოთ საკუთარი ინტერესების დასაცავად. ვნახოთ".