აქტუალური
პუტინი: „ამერიკის სპეცსამსახურების თანამშრომლებს, ნუ გამინაწყენდებიან, შეეძლოთ უფრო პროფესიულად ემოქმედათ, და დიპლომატებსაც, სხვათაშორის... დადეთ ჩვენთან შეთანხმება. არ გინდათ – ნუ გინდათ. გადმოგვეცით ჩვენი ბანდიტები. არ გინდათ – ნუ გინდათ“

1-inter-8საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. მოსკოვის ოლქი, ნოვო–ოგარიოვო, 2013 წლის 3 სექტემბერი, 09:00. „დიდი ოცეულის“ სამიტის წინ რფ–ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ინტერვიუ მისცა პირველ არხს (რუსეთი) და სააგენტო „ასოშიეიტედ პრესს“ (აშშ).

კორესპონდენტ დ. დანიშევსკის (აპ) შეკითხვაზე – ედვარდ სნოუდენის საქმემ აშშ–ში ერთგვარი უკმაყოფილება და იმედგაცრუება გამოიწვია. თქვენ, როგორც სპეცსამსახურების ყოფილი წარმომადგენელი, როგორ რეაგირებას მოახდენდით ისეთი ადამიანების საქციელზე, როგორიც სნოუდენია, რომელმაც საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა დაუშვა?ვ. პუტინმა, კერძოდ, უპასუხა:

„თუკი ეს მართლაც საიდუმლო ინფორმაცია იყო და თუ ასეთი ადამიანი რაიმე ზიანს მოგვაყენებდა, მე, რა თქმა უნდა, ვეცდებოდი, რომ მას რუსეთის კანონების მთელი სიმკაცრით ეგო პასუხი“.

დ. დანიშევსკი: და ამასთან დაკავშირებით ფიქრობთ თუ არა, რომ აშშ–ის ადმინისტრაცია მართალია, როდესაც რუსეთისგან მის გადაცემას ითხოვს და გთხოვთ, უკან გააგზავნოთ?

ვ. პუტინი: შესაძლოა, დიახ. პრობლემა ეს სრულიადაც არ არის. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ არ ვიცით, მართალია თუ არა ადმინისტრაცია. და პრობლემა იმაში არ მდგომარეობს, რომ ჩვენ სნოუდენს ვიცავთ. ჩვენ მას სულაც არ ვიცავთ. პრობლემა ისაა, რომ აშშ–სთან არ გვაქვს შეთანხმება დამნაშავეთა ორმხრივი გადაცემის შესახებ. ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ შეერთებულ შტატებს ასეთი შეთანხმების დადება და უარი მივიღეთ.

...ჩვენს დამნაშავეებს, რომლებმაც რაღაც საიდუმლოებები კი არ გასცეს, არამედ ხელები სისხლში აქვთ მოსვრილი, რომლებიც ხალხს ხოცავდნენ, ადამიანებით ვაჭრობდნენ, და ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა ეს იციან, არ გადმოგვცემენ. ჩვენ არ შეგვიძლია შევაფასოთ – ჩაიდინა თუ არა სნოუდენმა რაიმე დანაშაული აშშ–ში. ჩვენ, უბრალოდ, ვერ გავაკეთებთ ამას. მაგრამ ჩვენ, როგორც სუვერენული ქვეყანა, რომელსაც შეერთებულ შტატებთან ასეთი შეთანხმება არ აქვს, სხვაგვარად ვერ მოვიქცევით და მას აქ ცხოვრების შესაძლებლობა უნდა მივცეთ.

აი ახლა პირდაპირ გეტყვით იმას, რაც არასდროს მითქვამს – მივანიშნებდი, მაგრამ პირდაპირ არ მითქვამს. ბატონი სნოუდენი პირველად ჰონგკონგში გამოჩნდა, ჩვენს დიპლომატიურ წარმომადგენლებს შეხვდა. მომახსენეს, რომ არის ასეთი, სპეცსამსახურების თანამშრომელი. მე მათ ვკითხე: „რა უნდა?“. „ის ადამიანის უფლებებისთვის იბრძვის, ინფორმაციის გავრცელების თავისუფლებისთვის, ებრძვის ამ სფეროში ადამიანის უფლებების დარღვევას და თავად შეერთებულ შტატებში კანონმდებლობის დარღვევას და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას“. მე ვუთხარი: „მერე რა? თუ ჩვენთან დარჩენა უნდა, კი ბატონო, დარჩეს, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა შეწყვიტოს ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც რუსეთ–ამერიკის ურთიერთობას დაარღვევს. ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაცია არ ვართ, ჩვენ სახელმწიფო ინტერესები გვაქვს, და რუსეთ–ამერიკის კავშირის დარღვევა არ გვინდა“.

მას ეს გადასცეს. მან თქვა: „არა, მე ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლი ვარ, მოგიწოდებთ, ჩემთან ერთად იბრძოლოთ“. მე ვთქვი: „არა, მასთან ერთად არ ვიბრძოლებთ, თვითონ იბრძოლოს“. და ის წავიდა, უბრალოდ წავიდა, და მორჩა.

მერე მან თვითმფრინავით ლათინურ ამერიკაში გადაფრენა დაიწყო. იმის შესახებ, რომ ჩვენთან ბატონი სნოუდენი მოფრინავს, თვითმფრინავის დაშვებამდე ორი საათით ადრე მითხრეს. შემდეგ რა მოხდა? გაჟონვა მოხდა. ვფიქრობ, ამერიკის სპეცსამსახურების თანამშრომლებს, ნუ გამინაწყენდებიან, შეეძლოთ უფრო პროფესიულად ემოქმედათ, და დიპლომატებსაც, სხვათაშორის... მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ ის ჩვენთან მოფრინავს ტრანზიტით, ზეწოლა მოახდინეს ყველა ქვეყანაზე, სადაც შეიძლებოდა ჩასულიყო,  ლათინური ამერიკის ყველა ქვეყანაზე, ევროპულ ქვეყნებზე. იმის ნაცვლად, რომ რომელიმე ქვეყანაში შესულიყო მსუბუქი ოპერატიული რეჟიმით, ანდა, ვთქვათ, გზაში შეეძლოთ მისი აყვანა – სხვათაშორის, ისინი ასე მოიქცნენ ლათინური ამერიკის ერთ–ერთი ქვეყნის პრეზიდენტის თვითმფრინავის დაშვებასთან დაკავშირებით, რაც, სხვათაშორის, სრულიად დაუშვებელია, ჩემი აზრით, არ ეკადრება არც თავად შეერთებულ შტატებს, არც თქვენს ევროპელ პარტნიორებს.

ეს უბრალოდ დამამცირებელია. სნოუდენთან დაკავშირებით შეეძლოთ ამისი გაკეთება. რა უშლიდა ხელს? არა, ყველა შეაშინეს, ის ავტომატურად დარჩა ჩვენს აეროპორტში, ჩარჩა აქ, ჩვენთან. და რა უნდა გვექნა ამის შემდეგ? მათთვის გადაგვეცა? მაშინ დადეთ ჩვენთან შეთანხმება. არ გინდათ – ნუ გინდათ. გადმოგვეცით ჩვენი ბანდიტები. არ გინდათ – ნუ გინდათ. მაშინ ჩვენგან  რატომ ითხოვთ ცალმხრივად გადმოცემას? ეს რა სნობიზმია?“