აქტუალური
პრემიერი ივანიშვილი: „გიორგი მარგველაშვილს რეალურად კონკურენტი არ ჰყავს“

1-biz-4საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. დღეს, 4 სექტემბერს, 10 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მორიგი შეხვედრა ჟურნალისტებთან.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ ვინ მიაჩნია პრემიერს გიორგი მარგველაშვილის მთავარ კონკურენტად და როგორ გამოეხმაურებოდა იგი საზოგადოების ნაწილში გავრცელებულ ხმებს, რომ ნინო ბურჯანაძე შეიძლება განიხილებოდეს ალტერნატიულ სახელისუფლებო კანდიდატად, ივანიშვილმა უპასუხა:

„მე მჩვევია, რომ რასაც შიგნით ვამბობ, გამომაქვს გარეთ. დამალული და მიჩქმალული საუბრები და ასეთი თამაშები არაა ჩემი წესი. ჩვენ დავასახელეთ ჩვენი პრეზიდენტობის კანდიდატი და ეს გახლავთ გიორგი მარგველაშვილი და არ არსებობს ამის ირგვლივ არავითარი თამაში და ინსინუაციები, რომ ჩვენ კიდევ ვიღაცებზე ვაკეთებთ აქცენტებს. ჩვენი კანდიდატი გახლავთ გიორგი მარგველაშვილი და, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, მას დღეს რეალურად არ ჰყავს კონკურენტი და ის, ჩემი აზრით, პირველსავე ტურში გაიმარჯვებს დიდი შედეგით. კარგია, რომ ბევრი კანდიდატი დარეგისტრირდა. გარწმუნებთ კიდევ ერთხელ, რომ სახელისუფლებო რესურსები არ იქნება გამოყენებული ჩვენი მხრიდან არც ერთ შემთხვევაში“, - აღნიშნა ივანიშვილმა და იქვე დასძინა, რომ პირველად საქართველოში უნდა ნახოს და დაიჯეროს ხალხმა, რომ საქართველოს მოსახლეობას ეს შეუძლია.