პოლიტიკა
მაია ფანჯიკიძე: „პრემიერმა პირობა დადო, რომ ეს იქნება ქმედითი და არაკორუმპირებული მთავრობა“
1-fani-ambasadorialiსაქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოსტს დატოვებს, მთავრობაში რაიმე ცვლილებებზე საუბარი არ არის, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა. 
"ბიძინა ივანიშვილმა თავის წერილში ახსენა, რომ დარწმუნებულია, მთავრობა იქნება ყველაზე კარგი მთავრობა, რომელიც საქართველოს ჰყოლია. მან პირობა დადო, რომ ეს იქნება ქმედითი და არაკორუმპირებული მთავრობა", - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებისადმი მიმართულ გუშინდელ ღია წერილში აღნიშნა, რომ პოლიტიკიდან მისი წასვლის შემდეგ მთავრობა დარჩება ქმედითი, ევროპული ტიპის, არაკორუმპირებული და ქვეყანას სწორი მიმართულებით წაიყვანს. 
„გარანტია, როგორც წესი, რამით უნდა იყოს გამყარებული. ჩემს შემთხვევაში კი ცოტა რთულადაა საქმე, რადგან იმ თანამდებობით ვარ პასუხისმგებელი, რომლის დატოვებასაც ვაპირებ. ამიტომ რჩება მარტო ჩემი პატიოსანი სიტყვა, რომელსაც მე ისეთივე მნიშვნელობას ვანიჭებ, როგორსაც ჩვენი წინაპრები ანიჭებდნენ. საზოგადოებაში მყოფი და საზოგადოებასთან ერთად, ჩვენ მოვახერხებთ საჯაროდ მივცეთ გუნდს შენიშვნები, რომლებიც, გარწმუნებთ, უფრო მტკივნეული და უფრო ეფექტურიც იქნება, და არა მარტო შენიშვნები, არამედ – პოზიტიური შეფასებებიც, რაც არანაკლებ საჭიროა", - განაცხადა პრემიერმა.