სამართალი
ომბუდსმენი: „სახელმწიფო ვალდებულია არ დაარღვიოს ამა თუ იმ პირის რელიგიური თავისუფლება“
1-Celaსაქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები გუშინ ახალციხეში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და დაკავებული პირები მოინახულეს. „რელიგიისა და აღმსარებლობის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. სახელმწიფო ვალდებულია არ დაარღვიოს ამა თუ იმ პირის რელიგიური თავისუფლება და ამასთან, მიიღოს ზომები მსგავსი დარღვევების აღსაკვეთად და ამ უფლების რეალიზების უზრუნველსაყოფად. მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, რაც, ვფიქრობთ, დაუშვებელია და შესაბამისი უწყებების მხრიდან დროულად შესწავლას და სათანადო რეაგირებას საჭიროებს. 
ამასთან, ვიმედოვნებთ, რომ დაკავებული პირების საქმის განხილვა სამართლიანი სასამართლოს უფლების სრული დაცვით განხორციელდება და სასამართლოს მიერ გამოკვლეული იქნება საქმის ყველა ფაქტობრივი თუ სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მიღებული გადაწყვეტილებები იქნება დასაბუთებული",
- აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.