პოლიტიკა
თეა წულუკიანი: „ქართულ საზოგადოებას მოუწევს გადაწყვეტილების მიღება, უნდა იყოს თუ არა ქვეყანაში მინარეთები“
1-culukiani-teaსაქართველოს, 27 აგვისტო, საქინფორმი. მე როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანს, შემეშინდებოდა შევხებოდი თუნდაც უკანონოდ მიშენებულ მინარეთს, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟის ფაქტს და ამასთან, აღნიშნა, რომ საქართველოს ადრე თუ გვიან მოუწევს გადაწყვეტილების მიღება – უნდა იყოს თუ არა ქვეყანაში მინარეთები.
„მინარეთების თემა არ უნდა იყოს ტაბუდადებული და საქართველომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ თემაზე ყველა მხარის ჩართულობით. მინარეთზე არ არის დამოკიდებული, იქნება თუ არა მეჩეთში ლოცვა. ჭელაში არსებულ მეჩეთში ლოცვას ხელი არ ეშლება", - აღნიშნა წულუკიანმა. წულუკიანისთვის ასევე მიუღებელია პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ის ფორმებიც, რასაც გუშინ ჰქონდა ადგილი.
"მინდა მოვუწოდო ყველა მუსლიმს და განსაკუთრებით მუფთებს, მე ვიქნებოდი შეურაცხყოფილი იმ ყველაფრით, რაც მოხდა, მაგრამ დანანებით მინდა განვაცხადო, რომ მუსლიმმა სასულიერო პირებმა ერთ ღამეში დაუშვეს მინარეთის აღმართვა ისე, რომ არავინ ჩააყენეს საქმის კურსში – არც ადგილობრივი მოსახლეობა და არც ადგილობრივი ხელისუფლება. ნებისმიერი ნაგებობების მშენებლობა ურთიერთობის სხვა ფორმას მოითხოვს, თუმცა დემონტაჟის ეს ფორმა, ჩემთვის მაინც მიუღებელია", - აღნიშნა მინისტრმა.