საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთს საქართველოს მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები აქვს, - ეს განცხადება სამხრეთ ოსეთის ყოფილმა ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ გამოცემა expres.ru -თან საუბრისას გააკეთა.
კოკოითი აცხადებს, რომ 1920 წელს ოსეთისთვის წართმეული მიწები ამჟამად ყაზბეგის რაიონში ირიცხება, სადაც მრავალი ოსური სოფელია."დღესაც ვიმეორებ, რომ თრუსოს, გუდას ხეობები და კობის ქვაბული ჩვენი მიწებია. იქ ოსური სოფლები მდებარეობს, ოსური სიწმინდეებით, წინაპრების საფლავებით. ეს საკითხი ქვაკუთხედი უნდა გახდეს საქართველოსთან მოლაპარაკების პროცესში. ჩვენი პრეტენზიები ისტორიული დოკუმენტებით არის გამყარებული. სააკაშვილის მთავრობამ ეს სოფლები საძოვრებად და სამხედრო პოლიგონად აქცია. ოსებს დღეს არ შეუძლიათ ყაზბეგის რაიონის სოფლებში, საკუთარ სახლებში მოხვედრა. რატომ არ შეიძლება, დავაყენოთ ეს საკითხი და მსოფლიოს განვუცხადოთ, რომ საქართველომ მიისაკუთრა ჩვენი მიწები?!", - აცხადებს კოკოითი.
ის მიჩნევს, რომ სამხრეთ ოსეთი საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფოა და ამ პროცესის უკან შემობრუნება არ შეიძლება. მისივე თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთმა საქართველოსთან მოლაპარაკება ტერიტორიულ პრეტენზიებთან დაკავშირებით უნდა აწარმოოს.
„დიახ, ჩვენ გვაქვს ტერიტორიული პრეტენზიები და როდესაც დღეს საქართველო მსოფლიოს გასაგონად აწყობს ისტერიკას, რომ რუსეთი და სამხრეთ ოსეთი სახელმწიფო საზღვრის მოწყობას რუსი მესაზღვრეების მეშვეობით ახდენენ და რომ ჩვენ შევიჭერით საქართველოში ათიოდე მეტრით, ეს არის ტყუილი. არავითარი ქართული ტერიტორია იქ არ არის", - აცხადებს კოკოითი.