„იორი-2013“ სადაზვერვო ქვედანაყოფების სიტუაციურ სწავლებას წარმოადგენს
საქართველო, 22 აგვისტო,
საქინფორმი. კახეთში გეგმური საველე სწავლება
„იორი-2013“-ის აქტიური ფაზა მიმდინარეობს. წვრთნა გაერთიანებული შტაბის
„J-2“ დაზვერვის დეპარტამენტისა და აღმოსავლეთ ოპერატიული დაჯგუფების შტაბის გეგმით ხორციელდება. სწავლება საგარეჯოსა და გურჯაანის რაიონებში 19 აგვისტოს დაიწყო და 25 აგვისტოს დასრულდება.
„იორი-2013“ სადაზვერვო ქვედანაყოფების სიტუაციურ სწავლებას წარმოადგენს და ოთხ ფაზას მოიცავს. მასში ჩართულია აღმოსავლეთ ოპერატიული დაჯგუფების I, II და V ქვეითი ბრიგადების სადაზვერვო ასეულები, ასევე, IV ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის პირველი ასეული და სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების დემო ჯგუფი. სწავლება „იორი-2013“ -ის მიზანია აღმოსავლეთ ოპერატიული დაჯგუფების ქვედანაყოფების შტაბების და სადაზვერვო ასეულების საბრძოლო მომზადების დონის ამაღლება, სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესის და ქვედანაყოფის მართვის პროცედურების სრულყოფა, მიღებული გადაწყვეტილების ქვედანაყოფებამდე დაყვანა, აღსრულება და მართვა.