საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, ე. წ. ნარკოკომის შესახებ მიღებული შეტყობინების შემოწმებისას, საბურთალოს ქუჩაზე, ლუკა გ–ს კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში სტუმრად მყოფი გიორგი ს. უგონო მდგომარეობაში დახვდათ. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ „ემერჯენსის“კლინიკაში გადაიყვანა. აღნიშნულ ბინაში ასევე იმყოფებოდნენ თავად ლუკა გ. და ლაშა ს, რომლებიც ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ნარკოტიკული ნივთიერება ოპიუმის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ლუკა გ–ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას „კოლტის“ და „სტეჩკინის“ მოდელის უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და 2 ერთჯერადი შპრიცი ამოიღეს, რომლებშიც 0,0321 გრ ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება იყო მოთავსებული.
გამოძიება ლუკა გ–ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვის ფაქტზე (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით), ხოლო ლაშა ს–ს და გიორგი ს–ს მიმართ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).