სამართალი
„სამწუხაროდ, „ახალგაზრდა ადვოკატებს“ ამ განცხადების გაკეთებამდე თავდაცვის სამინისტროსთვის არ მოუმართავს, რომ მიღებული ინფორმაციის სისწორე შეემოწმებინა“

1sam-2-otvetსაქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. 19 აგვისტოს საქინფორმმა გაავრცელა არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა ადვოკატებისგანცხადება, რომელშიც ორგანიზაციამ თავდაცვის სისტემაში გამოვლენილ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება. ამ განცხადებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საპასუხო განცხადება მოჰყვა, სადაც, კერძოდ, წერია:

„სამწუხაროდ, ორგანიზაციას ამ განცხადების გაკეთებამდე თავდაცვის სამინისტროსთვის არ მოუმართავს, რომ მიღებული ინფორმაციის სისწორე გადაემოწმებინა. რეალური სურათი ასეთია:

- არასწორია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეიარაღებულ ძალებში ჩუტყვავილა მასობრივად არის გავრცელებული. ქვედანაყოფებში ჩუტყვავილით დაავადებულთა რიცხვის მატება უკანასკნელი წლების მონაცემებით არ აღინიშნება. აგვისტოში ჩუტყვავილის მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებული სამხედრო მოსამსახურე 14 აგვისტოს მოთავსდა ლაზარეთში და 20 აგვისტოს გაეწერა;

- არასწორია განცხადება იმის შესახებაც, რომ სამხედრო პოლიციაში, ძირითადად, კუდ-ის და სოდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები არიან დასაქმებულები. სამხედრო პოლიციაში 19 აგვისტოს მონაცემებით 1 269 თანამშრომელია. მათგან კუდ-ში 13-, ხოლო სოდ-ში 12- აქვს ნამუშევარი.

- და ბოლოს, ვერ დავეთანხმებით ორგანიზაციის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეების მოწამვლის ფაქტებზე რეაგირებას არ აკეთებს. მინისტრმა არაერთხელ განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეების კვების საკითხს განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება. წინა თვეებში მოწამვლის ფაქტების გამოვლენისთანავე მათი გამოძიება სამხედრო პოლიციასა და გენერალურ ინსპექციას დაევალათ. ჯერ კიდევ გამოძიების დასრულებამდე თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ კვების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები. მთლიანად შეიცვალა მართვის სისტემა სამხედრო მოსამსახურეების კვებით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ კომპანია „ქართული კვებაში“. კომპანიის ახალმა ხელმძღვანელობამ 13 აგვისტოს საზოგადოებას განვითარების ახალი გეგმა წარუდგინა.“