საქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. წავიკითხე გაზეთ “ГАЛ”-ში გამოქვეყნებული შენი წერილი, სათაურით “Апогей идеологической борьбы”, რომელმაც, სიმართლე გითხრა, ჩემზე ძალიან მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა. მე მესმის თქვენი განწყობისა, რადგან ძმათამკვლელი ომის შემდეგ, რამაც ათიათასობით ჩვილი, ახალგაზრდა და ხანშიშესული აფხაზისა და ქართველის ლამაზი სიცოცხლე შეიწირა, ძნელია ემოციის გავლენიდან გამოსვლა და სიმართლისათვის თვალებში ჩახედვა. მაგრამ სიმართლე ერთია და ჩვენ, ჟურნალისტები, რომლებიც განწყობას ვუქმნით საზოგადოებას, ვალდებული ვართ მხოლოდ ჭეშმარიტების ენით ვესაუბროთ მათ და ერთმანეთსაც.
ჩვენ, როგორც მეგობრებმა, ვალდებული ვართ სიმართლე ვუთხრათ ერთმანეთს, რადგან სწორედ ორპირობამ და სიცრუემ მიიყვანა ჩვენი ხალხები სამარცხვინო დაპირისპირებამდე. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ამ სამარცხვინო დაპირისპირებაში არაფერ შუაში არაა არც ქართველი და არც აფხაზი ხალხი და ომისშემდგომმა მოვლენებმა დაადასტურეს, რომ ეს შარი ქართველ და აფხაზ ხალხს თავზე მოახვია ედუარდ შევარდნაძემ, რომელიც წინასწარ მოელაპარაკა რეაქციულ ძალებს და აფხაზეთის დათმობის სანაცვლოდ პუტჩით დაამხო გამსახურდიას კანინიერი ხელისუფლება და საიმედოდ დაიბევა საქართველოს პრეზიდენტის პოსტი.გაიხსენეთ, შევარდნაძის ბანდფორმირებებმა, ვიდრე აფხაზეთს შეესეოდნენ, როგორი ცოდვის კალო დაატრიალეს სამეგრელოში, რადგან კარგად იცოდნენ, რომ სამეგრელოს დათრგუნვის გარეშე (მით უმეტეს, დიდი კონსტანტინეს ვაჟის _ ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობისას) ისინი ვერასოდეს მოახერხებდნენ აფხაზეთში იარაღით შეჭრას! ეს შევარდნაძის ბოროტი ნება გახლდათ და არა ქართველი ხალხის მისწრაფება.
სწორედ შევარდნაძეს ჰქონდა განზრახული, რომ აფხაზეთთან ომი ეწარმოებინა წარმოუდგენლად დიდი მსხვერპლის ფასად, რათა ჩვენ სამუდამოდ შეგვექცია ზურგი ერთმანეთისათვის. ნაწილობრივ მან ეს მოახერხა კიდეც, როცა აფხაზეთიდან ქართველ დევნილთა დიდ ნაწილს საშუალება არ მისცა გალის გავლით დაეტოვებინა საცხოვრისი და ჭუბერის უღელტეხილისაკენ გაუხსნა მათ გზა. მსხვერპლი მართლაც დიდი იყო და ბევრმა ადამიანმა ჰპოვა სამუდამო განსასვენებელი ჭუბერის უღელტეხილის (ჟურნალისტმა დავით ქობალიამ მას “სიკვდილის უღელტეხილი” უწოდა) უღრან ტყეებში, მაგრამ ქართველმა ხალხმა მაინც დროზე გაუგო ბოროტი განაზრახი შევარდნაძეს და ეს უბედურება აფხაზებისათვის არ დაუბრალებია!
იქნებ აფხაზებიც დავფიქრდეთ იმაზე, რომ ეს ომი გახლდათ არა ჩვენი ხალხების ნების გამოხატულება, არამედ მტრული ძალების მიერ წლების განმავლობაში მომზადებული ბინძური პროვოკაცია.
ახლა, რაც შეეხება თქვენს საგაზეთო წერილს. როცა ვლაპარაკობთ აფხაზების დიდ გამარჯვებაზე საქართველოს წინააღმდეგ ატეხილ ომში, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აფხაზები და ქართველები ყოველთვის ერთად იმარჯვებდნენ მტერზე, ცალ-ცალკე კი ჩვენ ყოველთვის იოლად გადასაყლაპი ლუკმა ვიყავით მტრისათვის. იმ სამარცხვინო ძმათამკვლელ ომში კი საქართველოს ებრძოდა ლამის ნახევარი საბჭოთა კავშირი: ვიღაც მოხალისეები, კაზაკები, სომხები, ბალტიისპირელები, ჩრდილოეთ- კავკასიელები და სხვები (რომლებიც შემდეგ თავისტკივილად ექცნენ თავად რუსეთს), რასაც ქართველმა სამხედროებმა თითქმის ცამეტ თვეზე მეტი ჟამი გაუძლეს, და რომ არა შევარდნაძის ღალატი, რომელმა გადამწყვეტ ჟამს განაიარაღა ქართული სამხედრო შენაერთები, არავინ იცის როგორ დამთავრდებოდა ეს სამარცხვინო ომი. ამიტომ, არც მოწინააღმდეგის ჯაბანად წარმოჩენაა გამართლებული, რადგან ამით შეურაცხყოფას ვაყენებთ საკუთარი დაღუპული გმირების ხსოვნას _ ჯაბანის ხელით სიკვდილი ნამდვილად ვერ შესძენს ღირსებას ომში დაღუპულებს. ისინი ვაჟკაცები იყვნენ და, მართალია უაზროდ, მაგრამ მაინც ვაჟკაცურად შეაკვდნენ ერთმანეთს. ამიტომ, ასეთ საკითხებზე ერთმნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთება, რბილად რომ ვთქვათ, უადგილოდ მიმაჩნია.
ესეც რომ არა, უკვე ოცი წელი გავიდა ამ სამარცხვინო მოვლენიდან, უკვე ვცდილობთ ერთმანეთთან მისასვლელი გზების მოძებნას და ასეთ დროს კვლავ ზიზღისა და სიძულვილის ენით საუბარი მხოლოდ ქართველებისა და აფხაზების მტრებს აძლევთ ხელს. საქართველოში პარაკლისი არ ჩატარდება ისე, რომ ომში დაღუპულ ქართველებთან ერთად დაღუპული აფხაზების სულიც არ ამწყალობონ. ხომ არ სჯობია ამაზე ვისაუბროთ და არა რაღაც აბსურდულ საფრთხეებზე, რომელიც თითქოსდა კვლავ მოედინება საქართველოდან? დაუშვებელია ქართველი ხალხის გაიგივება შევარდნაძისა და სააკაშვილის ბოროტ ნებასთან, რომლებიც კონფლიქტის შემდეგ ყველაფერს აკეთებდნენ ამ ორი ერის ერთმანეთისაგან იზოლირებისათვის.
ხალხი არაფერ შუაშია, ორივე ხალხი ბინძური პოლიტიკის მსხვერპლია, თანაც, მეც ქართველი ვარ და ჩემი მეგობრისაგან ძნელი მოსასმენია ქართველი ხალხის ხელერთპირად ლანძღვა, რომელშიც, თუნდაც პირობითად, მეც მოვიაზრები, სახალხო მოძრაობა “სამეგრელოს” ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი ზური კვარაცხელიაც და ჟურნალისტი ლადო ქირიაც, რომლებსაც შენ გულითადად გვიმასპინძლე გალში!
დავფიქრდეთ, ვის არ აძლევს ხელს ქართველების ღირსეულად დაბრუნება აფხაზურ საცხოვრისში და ჩვენი ურთიერთობების აღდგენა!
ქართველები არასოდეს ყოფილან დახარბებულები სხვა ხალხების მიწა-წყალს, ხოლო ვინც დღედაღამ ოცნებობს სხვისი მიწებისა და ერების გადაყლაპვაზე, თქვენ ჩვენზე ნაკლებად არ მოგეხსენებათ. ჩვენ დასაკარგად აფხაზი ძმები და ნათესავები არ გვემეტება, თორემ წყალსა და მეწყერს წაუღია ყველაზე ლამაზი და უხვმოსავლიანი ოაზისიც კი...
ჩვენ ახლა ერთმანეთის სალანძღად და ჯვარზე გასაკრავად არ გვცალია. მომავალი მოითხოვს, რომ მრავალ შეკითხვას ერთობლივად გავცეთ პასუხი, თუნდაც ასეთ შეკითხვას: როგორ მოექცეოდა აფხაზი სალაყაია ქართველ სალაყაიას, ტყვედ რომ ჩაეგდო იმ სამარცხვინო ომის დღეებში, ან, როგორ მოექცეოდა ქართველი ჯალაღანია დატყვევებულ აფხაზ ჯალაღანიას, ან, თუნდაც, რატომ დაგვჭირდა ურთიერთობის გარკვევა იარაღის ძალით, რაც არასოდეს არ მომხდარა ჩვენი ერების ისტორიაში?
ხომ არ დავფიქრდეთ იმაზე, თუ ვინ იფშვნეტდა ხელს სიამოვნებით მაშინ, როცა აფხაზები და ქართველები დაუნდობლად ვჩეხდით ერთმანეთს? ნუთუ მართლა ისე გვეზიზღება ერთმანეთი, რომ ვიღაც ბოროტი ძალების ნების ბრმა შემსრულებლებად ვიქეცით და კვლავაც იმ პოზაში ვრჩებით?
იქნებ იმან მაინც დაგვაინტერესოს, თუ ვინ დარჩა მოგებული ამ ომში, რადგან ფაქტია, რომ მოგებულები არც აფხაზები დარჩენილან, არც ქართველები და არც რუსები...
ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ ომში ყველაზე მეტი სარგებელი იმ სომხებმა ნახეს, რომელთა რიცხვი ომამდელ აფხაზეთში 16 ათასი იყო, ახლა კი 80 ათასი არიან?
ამდენად, მიმდინარე ეტაპზე მთავარი ის კი არ არის, რომ აფხაზეთი საქართველოს წაართვეს, მთავარი ისაა, რომ აფხაზეთი აფხაზებს არ წაართვან! სწორედ ეს უნდა იყოს დღეს ჩვენი ერთობლივი საზრუნავი და არა ერთმანეთის ლანძღვა!
იქნებ ჩვენი შეცდომიდან მაინც გამოიტანოთ დასკვნები, თურქეთიდან სიკვდილს გამოქცეული, დამშეული სომხები რომ საქართველოს უძველეს კოლხურ კუთხეში _ ჯავახეთში დავასახლეთ და სიკვდილს გადავარჩინეთ, ახლა კი გვედავებიან, ჯავახეთი ჩვენი ისტორიულად ტერიტორია იყოო. იქნებ ის მაინც გაიხსენოთ, რომ სომხები რუსეთს ვორონეჟამდე ტერიტორიას ედავებოდნენ, რის გამოც 2003 წელს კრასნოდარში ლამის სომხების გენოციდამდე მივიდა საქმე?
მეშინია, თქვენც იმის მტკიცება არ დაგიწყონ, რომ ამ “მცირე სომხეთის” (სწორედ ამ შინაარსის ტრანსპარანტებს აფრიალებდნენ სომხები შუაგულ სოხუმში, კონფლიქტის დამთავრების შემდეგ) დამოუკიდებლობისათვის ჩვენ სისხლი გავიღეთ და ეს ჩვენი ტერიტორიააო.
ასე რომ, არც მთლად მარტივადაა ჩვენი საქმე და ამიტომაცაა აუცილებელი ერთობლივად იმის დადგენა, თუ ვის აძლევდა ხელს მოძმეთა შორის ამ ძმათამკვლელი კონფლიქტის გაჩაღება და შემდგომი დაძაბულობის ხანგრძლივი ვადით შენარჩუნება!
ამის გარკვევა ისტორიისათვის არის აუცილებელი, რადგან წუთისოფელი არც ჩვენით იწყება და არც ჩვენით მთავრდება. ჩვენ მხოლოდ ერთი თაობა ვართ და ბატონი ალექსანდრე ჭაჭიასი არ იყოს, “საქართველო ერთი თაობა როდია...”
ახლაც ბნელი ძალები ცდილობენ კვლავ დააპირისპირონ ერთმანეთს აფხაზი და ქართველი ხალხი და კვლავ ომის ბურუსში გახვიონ ქვეყანა. არა მგონია მათ მიზანს მიაღწიონ, მაგრამ მაინც მოგვიწევს იმაზე დაფიქრება - როგორ მოვიქცევით, მე და შენ რომ ბრძოლის ველზე შევეჩეხოთ ერთმანეთს?
მე ავტომატს დაბლა დავუშვებ!..
ეჭვი არ მეპარება, შენც ასე მოიქცევი!
ნდობა, ძმობა და მეგობრობაც სწორედ ეს არის!
როლანდ ჯალაღანია
გაზეთი „ილორი“ (2013 წლის 19 აგვისტო)