პოლიტიკა
გიორგი კანდელაკი: „საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციაში რუსეთის როლის არდანახვა სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა“

abkhazia-war-2საქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. უმაღლესი თანამდებობის პირის მიერ  აფხაზეთის ომში რუსეთის როლის არდანახვა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის გუშინდელ განცხადებას აფხაზეთში ომის დაწყების 21-ე წლისთავთან დაკავშირებით.

"ყველასთვის, განსაკუთრებით კი იმ ავბედითი მოვლენების თვითმხილველი ასიათასობით ჩვენი თანამემამულისათვის კარგადაა ცნობილი, რომ რუსეთმა გადამწყვეტი როლი შეასრულა როგორც კონფლიქტის ინსპირირებაში, ასევე საკუთრივ საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობისას. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები არა მხოლოდ აქტიურად აიარაღებდნენ, ე.წ. აფხაზურ ფორმირებებს, რომელთაც რუსეთისვე აგენტები ედგნენ სათავეში, არამედ თავად მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში. გუდაუთაში განლაგებული რუსეთის ავიაცია გამუდმებით ბომბავდა ქალაქ სოხუმს, რის შედეგადაც დაიღუპა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე", - აღნიშნა კანდელაკმა, რომლის თქმითაც, ნათელია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი ადამიანების განწყობა ქართული სახელმწიფოს მიმართ არ არის დადებითი.

„საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციაში, ეთნიკურ წმენდაში და ამ წმენდის შედეგების დაკანონების მცდელობაში რუსეთის როლის არდანახვა უმაღლესი თანამდებობის პირის მიერ, არის არა მხოლოდ საკუთარი თავის დაბრმავება, არამედ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება", - განაცხადა კანდელაკმა.