უცხოეთი
იუსტიციის სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციას კვლევებში შეცდომის გამოსწორებისკენ მოუწოდებს

iust-saministroსაქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. იუსტიციის სამინისტრო „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სიზუსტისაკენ მოუწოდებს და გუშინ გამოქვეყნებულ კვლევაში შესწორებას მოითხოვს.

უწყებაში აცხადებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ იუსტიციის სამინისტროს შიგნით თანამშრომელთა გადანიშვნა მათ გათავისუფლებად შეცდომით შეაფასა.

"კერძოდ, სამინისტროს მიერ ორგანიზაციისთვის მიწოდებული ინფორმაცია შეიცავდა დათქმებს და შენიშვნებს, თუ რით იყო განპირობებული ცალკეულ საკითხზე არსებული შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები. მაგალითად, სამსახურიდან გათავისუფლებულთა რაოდენობაში მითითებული იყო, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან გათავისუფლებულთა რაოდენობა შეადგენდა 263-ს, რომელთაგან 253 თანამშრომელი სამსახურიდან დათხოვილი კი არ ყოფილა, არამედ მოხდა მათი სამინისტროს სისტემის სხვა დაწესებულებაში - იუსტიციის სახლში გადასვლა. როგორც ცნობილია, სსიპ იუსტიციის სახლს საკუთარი კადრები 2013 წლის 1 თებერვლამდე არ ჰყავდა და მას საჯარო რეესტრისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კადრები ემსახურებოდნენ", - აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე განცხადებაში წერია, რომ იუსტიციის სამინისტროდან მთლიანობაში არა 567, არამედ 99 თანამშრომელი გათავისუფლდა 3842-დან, რაც კვლევის სერიოზულ ცდომილებაზე მიუთითებს.