პოლიტიკა
ამერიკელები 2011 წლის 26 მაისის მოვლენებს ამართლებენ!

densusსაქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. ამერიკელები ამართლებენ 2011 წლის 26 მაისის მოვლენებს, როცა პოლიციამ და სპეცრაზმმა პარლამენტის შენობასთან, რუსთაველის გამზირზე წარმომადგენლობითი სახალხო კრებისა და მისი მომხრეების საპროტესტო აქცია დაარბია. არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალმა ზონამ” გამოაქვეყნა თავისი წყაროებიდან მიღებული ამერიკული ფირმა „დენსუსის“ დასკვნა 26 მაისის მოვლენების გამოძიების შესახებ, სადაც ნათქვამია ხელისუფლებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების მოქმედების მართლზომიერების თაობაზე. ინფორმაციის თანახმად, დოკუმენტი ჯერ კიდევ 2011 წლის აგვისტოშია შედგენილი, ფირმა „დენსუსი“ კი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებითა და დავალებით მოქმედებდა.

დასკვნაში ნათქვამია, რომ რუსთაველის გამზირის ბლოკირების მიზნით, მომიტინგეებმა გამოიყენეს მეტალის ბარიერები, რომლებიც მეტალის ტროსით გადააბეს ერთმანეთს და მიამაგრეს ქუჩის ბოძებს. ეს საქცილი შეიძლება გავიგოთ, როგორც პირდაპირი პროვოკაცია მომიტინგეთა მხრიდან“.
დასკვნის ავტორები აღნიშნავენ, რომ ოპერაციის დაწყების წინ პოლიციამ მომიტინგეებს შესთავაზა მიტინგის სხვა ადგილას გადატანა. ოპერაცია დაიწყო იმით, რომ პოლიციელთა ერთმა ჯგუფმა გადაჭრა ტროსები და დაშალა ბარიერები პარლამენტის სამხრეთ მხარეს, რათა მომიტინგეებს შეძლებოდათ გაცლა. ამის შემდეგ პოლიციის მთავარი ძალები დაიძრნენ ჩრდილოეთიდან. ადგილზე მყოფი 1000 მომიტინგიდან 200-მა წინააღმდეგობა გაუწია. მომიტინგეები შეიარაღებული იყვნენ ფარებითა და ხელკეტებით. არსებობს მტკიცებულებები, რომ მათ ჰქონდათ მოლოტოვის კოქტეილები. არსებობდა ინფორმაცია, რომ მომიტინგეთა შორის ცალკეულ პირებს ლეგალურად ჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღი“.

„დოკუმენტი დღემდე არ გამხდარა საჯარო, რადგან იგი არ ისახავს პროპაგანდისტულ ან საინფორმაციო მიზნებს. მისი მომზადების მიზანი იყო პოლიციის ხელმძღვანელობისა და კონკრეტული დანაყოფების ავ-კარგის შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება. დოკუმენტის გასაჯაროება გამოიწვია იმან, რომ 2011 წლის 26 მაისს პოლიციის ქმედებები განხილვის საგანი გახდა“, - ნათქვამია „თავისუფალი ზონის“ საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ 26 მაისის აქციის დარბევისას საქართველოს შსს-ში ამერიკის გფბ-ს წარმომადგენლები ისხდნენ, რომლებიც თვალყურს ადევნებდნენ პოლიციის ქმედებებს და დადებითად შეაფასეს ისინი.

თბილისში 26 მაისის მიტინგის დარბევა რამდენიმე მოქალაქის დაღუპვით დასრულდა. დაიჭრა და სხეულის დაზიანება მიიღო ათობით ადამიანმა. ოპოზიციისა და მომიტინგეთა წარმომადგენლებმა მომხდარი არა მიტინგის დარბევად, არამედ მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ჩასახშობ სადამსჯელო ოპერაციად შეაფასეს.

kartuli
kartuli-2