უცხოეთი
სნოუდენის მამა იმედოვნებს, რომ პუტინი ვაშინგტონის ზეწოლას გაუძლებს

snoudenis-mamaსაქართველო, 9 აგვისტო, საქინფორმი. ცსს-ს ექს-აგენტ ედვარდ სნოუდენის მამა ლონ სნოუდენი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, მისი ვაჟისთვის დროებითი თავშესაფრის მიცემის გამო ორი ქვეყნის კონფრონტაციის ფონზე, აშშ-ის მხრიდან ზეწოლას არ დაექვემდებარება. ამის შესახებ სნოუდენის მამამ „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა მეორე დღესვე, როგორც კი ბარაქ ობამამ სექტემბერში ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა ამერიკელი ჯაშუშის საქმესთან დაკავშირებული უთანხმოების გამო.

„პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ურყევია. მე პატივს ვცემ მის ძალასა და გამბედაობას, მიუხედავად ჩვენი მთავრობის მხრიდან ძლიერი ზეწოლისა, იგი მტკიცე რჩება და ვიმედოვნებ, რომ შემდგომშიც დაიცავს ამ პოზიციას“, - განაცხადა ლონ სნოუდენმა და განმარტა, რომ პუტინი არ გადაიფიქრებს და არ გადასცემს მის ვაჟს ამერიკის ხელისუფლებას, რომელმაც მას ჯაშუშობის ბრალდება წაუყენა.