საქართველო, 9 აგვისტო, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის ექს-პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის განცხადებით, სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთეს 2008 წლის ომის თავიდან ასაცილებლად, თუმცა „სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის მიერ შეთავაზებულმა მშვიდობიანმა ინიციატივებმა საქართველოს ხელისუფლებაში მხარდაჭერა ვერ პოვა."
მისივე მტკიცებით, მრავალი წლის განმავლობაში საქართველო თავის თამაშს თამაშობდა და სააკაშვილის ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა, თავისი აგრესიული ქმედებები და ზრახვები მრავალრიცხოვანი ინიციატივებით გადაეფარა.
"აგვისტოს ომი არც ქართველ და არც ოს ხალხს სჭირდებოდა, მითუმეტეს, რუსეთს. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რაც ჩვენზე იყო დამოკიდებული და გავაკეთეთ სწორად. დასავლეთის, ევროპული თანამეგობრობის მხრიდან რუსეთის მისამართით ბევრი პრეტენზია ისმის. არის მცდელობები, მთელი პასუხისმგებლობა მას დაეკისროს. თუმცა რუსეთი რომ ამ ომისთვის მზად ყოფილიყო და, მითუმეტეს, მისი პროვოცირება მოეხდინა, ეს ომი საერთოდ არ დაიწყებოდა ან სულ რამდენიმე საათში საქართველოს სრული განადგურებით დასრულდებოდა", - აცხადებს კოკოითი.
ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომში „მრავალტანჯული ოსი ხალხის გამარჯვება ქართულ ფაშიზმზე", მისი „პირადი გამარჯვებაა სააკაშვილზე, როგორც პოლიტიკოსზე, როგორც კაცზე და როგორც ადამიანზე, რომელსაც ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება."
"ეს იყო პუტინისა და მედვედევის დიდოსტატური გამარჯვება ძალებზე, რომლებიც არა მხოლოდ ოპერაცია "სუფთა ველის" ორგანიზებას ცდილობდნენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, არამედ კავკასიაში საკუთარი უპირატესობის გამყარებას. ამიტომ ჩვენმა საერთო გამარჯვებამ კავკასიაში მშვიდობა და სტაბილურობა შეინარჩუნა. ჩვენ გავიმარჯვეთ, მაგრამ გადავიხადეთ ძალიან დიდი ფასი - ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე", - განაცხადა კოკოითიმ.
ამასთან, ედუარდ კოკოითი საქართველოს "მეოცნებე" ხელისუფლებას რჩევას აძლევს.
"საქართველოს ახალ ხელისუფლებას არ აქვს სურვილი, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენები მეტად აღარ განმეორდეს, ისინი იმავე შეცდომებს უშვებენ, რასაც სააკაშვილი. აუცილებელია მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა და საქართველოს მხრიდან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმება, რაც კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტი იქნება. ყველაზე სწორი ნაბიჯი კი, ჩემი აზრით, საქართველოს მხრიდან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება იქნებოდა. ეს ჩვენს ერებს შორის ნდობას განამტკიცებს, ქართველი "მეოცნებეებიც" ხომ ამისკენ ისწრაფვიან", - აცხადებს კოკოითი და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ოცნებიდან ქმედებაზე გადავიდეს - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს და კეთილმეზობლური ურთიერთობა ააწყოს.