სამართალი
სააკაშვილი: „ევროკავშირის პრინციპია: რაც უფრო განვითარებულია ყველა ქვეყანა, მით უფრო კარგად არის ევროკავშირი. რუსეთის პრინციპია: რაც უფრო დაჩმორებული, დამონებული, გაუბედურებული ჰყავს გარშემო ქვეყნები, თავს მით უფრო კარგად გრძნობს“

samartali-12-mishaსაქართველო, 8 აგვისტო, საქინფორმი. 2013 წლის 6 აგვისტოს, საღამოს – 22:00–ზე, ქართული ტელეკომპანია Rustavi 2–ის ეთერში გავიდა 46–წუთიანი ექსკლუზიური ინტერვიუ, რომელიც 2008 წლის 8 აგვისტოს სამხრეთ ოსეთში ომის 5 წლისთავის წინ მისცა რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარემ დიმიტრი მედვედევმა (ნინო შუბლაძის საავტორო გადაცემა „პოზიციას“ ტელეარხ „Rustavi 2“–ზე).

გუშინ, 7 აგვისტოს, საქინფორმმა ქართულ და რუსულ ენებზე გამოაქვეყნა მედვედევის ინტერვიუ უმნიშვნელო კუპიურებით, მაგრამ ამასთან თავისი მკითხველის ყურადღება მიაქცია მედვედევის არაინფორმირებულობას ტელეკომპანია „Rustavi 2“–ის თაობაზე, რომელიც არა მარტო პრეზიდენტ სააკაშვილს ეკუთვნის, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პროპაგანდისტული მანქანაა 2003 წელს მისი დახმარებით მოწყობილი „ვარდების გადატრიალებიდან“ დღემდე.

საქინფორმმა გუშინ ხაზი გაუსვა, რომ მედვედევის აპარატის თანამშრომლებს მისთვის ამის შესახებ რომ მოეხსენებინათ, ის, ალბათ, საქართველოში მთავარ ანტირუსულ რუპორ „Rustavi 2“–ს აღარ უწოდებდა არხს, რომელიც „ავტორიტეტით და საქართველოს მცხოვრებთა სიყვარულითა და პატივისცემითაც კი სარგებლობს“ და არ მისცემდა მას ინტერვიუს, რომელიც, ეჭვგარეშეა, მის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.

ასეც მოხდა: გუშინვე, 2013 წლის 7 აგვისტოს, საღამოს – 22:00–ზე, ანუ ზუსტად 24 საათში მედვედევის ინტერვიუს შემდეგ, „Rustavi 2“–ის ეთერში გავიდა ინტერვიუ მის მფლობელთან – საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც მთლიანად მიეძღვნა მედვედევის ზემოხსენებული ინტერვიუს გარჩევას და კრიტიკას მისი, სააკაშვილისეული გაგებით: 70 წუთის განმავლობაში სააკაშვილი ოსტატურად აფრქვევდა ეთერში სასტიკ ტყუილებს, გაზავებულს ფაქტებითა და გარემოებებით, რომლებსაც მართლაც ჰქონდა ადგილი წარსულში, რითაც მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს „დიდი რუსეთის მიერ დამცირებული საქართველოს პატარა პრეზიდენტის მიერ პირველად გამჟღავნებული სენსაციური“ ინფორმაციის უტყუარობის შთაბეჭდილება შეექმნა.

მაგალითად, ტელეკორესპონდენტის შეკითხვაზე, - მედვედევი ამბობს, რომ სწრაფი განვითარებისთვის აუცილებელი არაა მეგობარი ოკეანის გაღმა, - სააკაშვილმა უპასუხა:

– რუსეთი არის მომაკვდავი ეკონომიკური სახელმწიფო. ხომ ფაქტია, რომ რუსეთის ბაზრის გარეშე ჩვენ სწრაფად ვვითარდებოდით და კარგია, რომ ღვინო შეგვატანინეს, მაგრამ ეს იქნება 0.1 ეკონომიკის, ჩვენი ეკონომიკური ბაზრები არის ყველა მიმართულებით, სადაც გაიხედავ. ეკონომიკური თვალსაზრისით რუსეთს ჭაკად აქვს საქმე. ისინი არიან რეცესიაში, მათი ეკონომიკა მცირდება... „გაზპრომის“ წილი შარშან ევროპაში შემცირდა და უახლოეს წლებში დავა 17 პროცენტამდე, რაც არის სრული კატასტროფის ტოლფასი. „გაზპრომმა“ დაკარგა ამერიკის ბაზრები და ახლა კარგავს აზიის ბაზრებს. ეს იყო მათი ბოლო ეკონომიკური და სამხედრო ბერკეტი. ამ პირობებში რაც შეიძლება შორს უნდა  ვიყოთ, როცა ეს ყველაფერი ჩამოიქცევა, რომ ჩვენ არ დაგვეცეს თავზე. და შორს ყოფნა არის ევროატლანტიკური ორიენტაცია. ღმერთმა არა ქნას, რომ მგლის ხახა იყოს ჩვენი ერთდერთი საბუდებელი. რუსეთს რამდენსაც მისცემ, ათჯერ მეტს მოგთხოვს. ევროკავშირის პრინციპი რა არის: რაც უფრო განვითარებულია ყველა ქვეყანა, მით უფრო კარგად არის ევროკავშირი. რუსეთის პრინციპი რა იყო ყოველთვის? რაც უფრო დაჩმორებული, დამონებული, გაუბედურებული ჰყავს გარშემო ქვეყნები, მით უფრო კარგად გრძნობს თავს.

- მოვლენათა რეალური, ფაქტობრივი განვითარებიდან გამომდინარე, როგორ წავა ამ სამკუთხედის ურთიერთობა - დასავლეთი და ნატო შეგვიძლია ვიგულისხმოთ აქ, და  საქართველო და რუსეთი?

- ეს არის ქართველი ხალხის გადასაწყვეტი. თუ ჩვენ გავაგრძელებთ თავის მოტყუებას, რომ კოჭის გაგორებით, უთავმოყვარეობით რაღაც დროის მოგება შეგვიძლია და ვინმე ისევ შემოვა და თავზე ხელს გადაგვისვამს, გვაჭმევს და 37–მანეთიანი ბილეთებით გადავრჩებით, ეს არის გზა, რომელსაც არ მივყავართ არსად, გარდა ქართული სახელმწიფოებრიობის დაკარგვისა.

მეორე გზაა ძლიერი საქართველო, რომელიც თავის უსაფრთხოებას პოულობს ევროკავშირში და ნატოში, რადგან უსაფრთხოება გადამწყვეტია, თუმცა, როგორც ქვეყანა, უყურებს ყველა მიმართულებას - რუსეთსაც, შუა აზიასაც, თურქეთს, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს, უკრაინას, შავიზღვისპირეთის ყველა ქვეყანას და იმის იქით ევროპას, გლობალური მოთამაშეა.