სამართალი
სააკაშვილი: „პუტინმა იმდენი წელი მლანძღა, რომ ახლა პუტინის პოპულარობა მოსკოვში და პეტერბურგში არის 20 პროცენტი, 30 პროცენტი - რეგიონებში და დანარჩენი 70 პროცენტი ეძებს გამოსავალს“

samartali-11-mishaსაქართველო, 8 აგვისტო, საქინფორმი. 2013 წლის 6 აგვისტოს, საღამოს – 22:00–ზე, ქართული ტელეკომპანია Rustavi 2–ის ეთერში გავიდა 46–წუთიანი ექსკლუზიური ინტერვიუ, რომელიც 2008 წლის 8 აგვისტოს სამხრეთ ოსეთში ომის 5 წლისთავის წინ მისცა რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარემ დიმიტრი მედვედევმა (ნინო შუბლაძის საავტორო გადაცემა „პოზიციას“ ტელეარხ „Rustavi 2“–ზე).

გუშინ, 7 აგვისტოს, საქინფორმმა ქართულ და რუსულ ენებზე გამოაქვეყნა მედვედევის ინტერვიუ უმნიშვნელო კუპიურებით, მაგრამ ამასთან თავისი მკითხველის ყურადღება მიაქცია მედვედევის არაინფორმირებულობას ტელეკომპანია „Rustavi 2“–ის თაობაზე, რომელიც არა მარტო პრეზიდენტ სააკაშვილს ეკუთვნის, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პროპაგანდისტული მანქანაა 2003 წელს მისი დახმარებით მოწყობილი „ვარდების გადატრიალებიდან“ დღემდე.

საქინფორმმა გუშინ ხაზი გაუსვა, რომ მედვედევის აპარატის თანამშრომლებს მისთვის ამის შესახებ რომ მოეხსენებინათ, ის, ალბათ, საქართველოში მთავარ ანტირუსულ რუპორ „Rustavi 2“–ს აღარ უწოდებდა არხს, რომელიც „ავტორიტეტით და საქართველოს მცხოვრებთა სიყვარულითა და პატივისცემითაც კი სარგებლობს“ და არ მისცემდა მას ინტერვიუს, რომელიც, ეჭვგარეშეა, მის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.

ასეც მოხდა: გუშინვე, 2013 წლის 7 აგვისტოს, საღამოს – 22:00–ზე, ანუ ზუსტად 24 საათში მედვედევის ინტერვიუს შემდეგ, „Rustavi 2“–ის ეთერში გავიდა ინტერვიუ მის მფლობელთან – საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც მთლიანად მიეძღვნა მედვედევის ზემოხსენებული ინტერვიუს გარჩევას და კრიტიკას მისი, სააკაშვილისეული გაგებით: 70 წუთის განმავლობაში სააკაშვილი ოსტატურად აფრქვევდა ეთერში სასტიკ ტყუილებს, გაზავებულს ფაქტებითა და გარემოებებით, რომლებსაც მართლაც ჰქონდა ადგილი წარსულში, რითაც მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს „დიდი რუსეთის მიერ დამცირებული საქართველოს პატარა პრეზიდენტის მიერ პირველად გამჟღავნებული სენსაციური“ ინფორმაციის უტყუარობის შთაბეჭდილება შეექმნა.

მაგალითად, ტელეკორესპონდენტის კითხვაზე, - თქვენ თქვით, რომ მზად იყავით ნატოც კი დაგეთმოთ იმისათვის, რომ თავიდან აგეცილებინათ ომი და, შესაბამისად, ტერიტორიების დაკარგვა. როგორ ფიქრობთ, ახლა, თეორიულად, საქართველომ რომ უარი თქვას ნატოზე, რუსეთთან ურთიერთობას ეს მაინც ვერ შეცვლის? - სააკაშვილმა უპასუხა:

– ეს თქვა მედვედევმა და პუტინის დოქტრინაა ეს, და დუგინიც ამას სულ იმეორებს (და დუგინს, სხვათაშორის, ახლა მოკავშირეები გამოუჩნდა საქართველოში - ესეც პუტინის დავალებაა) - რომ საქართველომ უნდა დათმოს აფხაზეთი და ცხინვალი და, ალბათ, სხვა ტერიტორიებიც. მინდა შეგახსენოთ, რომ  რუსეთის დოქტრინაში საქართველოში არ უნდა იყოს არც სამაგრელო, არც სამცხე-ჯავახეთი, არც სვანეთი და არც აჭარა, რა თქმა უნდა. ასე რომ, ესაა მათი დოქტრინა: ქართლ-კახეთი, იმერეთი და რაჭა-ლეჩხუმი. გურიას, ალბათ, აჭარას მიუერთებს, რომელიც გავა საქართველოდან. ამას ამბობენ ღიად, საზღვრები დაივიწყეთ და თუ კეთილგანწყობა გინდათ, ნატოც დაივიწყეთ. და რაც დარჩებით მერე, უხელო, უფეხო საქართველო, კუნძი, მერე შეიძლება დაგელაპარაკოთ იმაზე, რომ ამ კუნძთან უფრო ადამიანური ურთიერთობები გვქონდეს...

- რა გამოსავალი არსებობს მაშინ? როგორ შეიძლება არსებობდეს რუსეთი და მთლიანი საქართველო?

– საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი გზა იყო ის, რომელსაც მე ვთავაზობდი ქართველებს - ღირსეული, სწრაფი განვითარების პოლიტიკის, თავის არდახრის, იმიტომ, რომ თავის დაღუნვით ჩვენ ვერ მოვატყუებთ დიდი ტყუილების და მონღოლური გამოცდილების მქონე - სამხედრო გამოცდილებას ვგულისხმობ – დიდ პოლიტიკურ მანქანას. ჩვენი მოსატყუებელი კბილი მას დიდი ხანია უკვე მოცვლილი აქვს. დათვისთვის ბაბაიას ძახილით დათვი თავს არ დაგანებებს, დათვს უნდა გაექცე, და გაქცევა ის კი არ არის, საქართველო აიღო და გადაიტანო მექსიკასთან, გაქცევა არის ის, რომ ძალიან სწრაფად განვითარდე, გაქცევა არის ის, რომ ავაშენოთ ახალი პროექტები. სინგაპურს სულ ემუქრებოდა ჩინეთი დაპყრობით. დღეს აზრადაც არ მოუვა ასეთი რამე. ჩვენი გზა იყო ის, რომ მედვედევმა შარშან აღიარა, ქართული რეფორმები მაგარიაო. ორჯერ თქვა, სააკაშვილი მეზიზღება, მაგრამ საქართველოსგან უნდა გადმოვიღოთ მათი რეფორმები. მედვედევის გამოგზავნილ ხალხს ჩვენ ვაჩვენეთ იუსტიციის სახლები, სხვა დაწესებულებები. აღფრთოვანებული წავიდნენ, უბრალოდ თქვეს, რომ რუსეთში ეს არ გამოგვივაო. ასე რომ, საბოლოოდ, როგორც ჩინეთმა გადაიღო სინგაპურისგან განვითარების მოდელი, რუსეთმაც დაიწყო ჩვენგან ამ მოდელის გადაღება. რაც უფრო მეტად განვითარდებოდა ასეთი ტიპის ურთიერთობა, რომ საქართველო არის წარმატებული, წინწასული ქვეყანა, მით უფრო უარს იტყოდა, ჯერ ერთი, დანარჩენი საქართველოს დაპყრობაზე, როგორც მაგალითად ესტონეთის დაპყრობა ახლა აზრადაც აღარ მოუვა, ან ლიტვის... და შემდეგ ასეთი განვითარების პირობებში, როცა ლაზიკა იქნებოდა აშენებული საოკუპაციო ხაზთან, - 30 პროცენტი არიან აფხაზები აფხაზეთში, 30 პროცენტი არიან ქართველები, დანარჩენი სომხები, ახლა ფერეიდნელები შემოიყვანეს და ცოტა რუსები, - პირველი ქართველები მობრუნდებოდნენ, შემდეგ დანარჩენები და აუცილებლად აფხაზებიც.

პუტინმა იმდენი წელი მლანძღა, რომ ახლა პუტინის პოპულარობა მოსკოვში და პეტერბურგში არის 20 პროცენტი, 30 პროცენტი – რეგიონებში და დანარჩენი 70 პროცენტი ეძებს გამოსავალს, დაინახა იმ ხალხის დიდმა ნაწილმა, რომ საქართველოს თემაზე ატყუებენ. ამიტომ გამოსავალი ის კი არ არის, რომ ამ მომაკვდავს ფეხები დავუკოცნოთ, - ისეა გაბრაზებული, შეიძლება ისე ჩაგარტყას ფეხი კონვულსიაში, რომ სახე აღარ შეგრჩეს, პირიქით. ის კი არ უნდა ვუთხრათ, რომ აჰა, სააკაშვილის გასამართლება გინდათ, კი ბატონო, გაგისამართლებთ. აგერ ხომ შექმნეს კომისია, რომ რუსეთის მთავარი მოთხოვნა – რომ მე გამასამართლონ ომზე, ესე იგი, საქართველოს დაცვაზე – ეს მიიყვანოს ბოლომდე. და ეს არაერთხელ თქვა პრემიერმა. მერე ხალხის რეაქცია რომ ნახა, ცოტა ხანი მიაძინეს ეს თემა, მაგრამ ცოტა ხანი, მერე ისევ განახლდება. და აქედან შევარდნაძე აგულიანებს: მიდი, მიდი, მიაწექით. შევარდნაძე, მართლა ყველა უბედურების ხელისმომწერი, დაგომისის, ჟენევის, სოჭის, ყველაფრის ჩამბარებელი, დამანგრეველი მოუწოდებს, მოდი ახლა ეს გავასამართლოთ ომზეო, იმისათვის, რომ თავი დაიცვეს და კაპიტულაციაზე არ მოაწერეს ხელიო.

საქართველომ უნდა გააგრძელოს განვითარება, ჩვენ არა გვაქვს უფლება, რომ ეკონომიკა იყოს რეცესიაში.