პოლიტიკა
სააკაშვილი: „როცა ჩვენი სამშვიდობოები დახოცეს, კეზერაშვილი მოვიდა ჩემთან, ტიროდა თავდაცვის მინისტრი, ჯარისკაცები მომიკლეს... თუ რაღაც შეზღუდულ ოპერაციას არ ჩავატარებთ, ყველას დაგვიხოცავენო. ჩემი პასუხი იყო: ყველა რომ დაგიხოცონ, თითს არ გავანძრევთ!“

politika-6-mishaსაქართველო, 8 აგვისტო, საქინფორმი. 2013 წლის 6 აგვისტოს, საღამოს – 22:00–ზე, ქართული ტელეკომპანია Rustavi 2–ის ეთერში გავიდა 46–წუთიანი ექსკლუზიური ინტერვიუ, რომელიც 2008 წლის 8 აგვისტოს სამხრეთ ოსეთში ომის 5 წლისთავის წინ მისცა რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარემ დიმიტრი მედვედევმა (ნინო შუბლაძის საავტორო გადაცემა „პოზიციას“ ტელეარხ „Rustavi 2“–ზე).

გუშინ, 7 აგვისტოს, საქინფორმმა ქართულ და რუსულ ენებზე გამოაქვეყნა მედვედევის ინტერვიუ უმნიშვნელო კუპიურებით, მაგრამ ამასთან თავისი მკითხველის ყურადღება მიაქცია მედვედევის არაინფორმირებულობას ტელეკომპანია „Rustavi 2“–ის თაობაზე, რომელიც არა მარტო პრეზიდენტ სააკაშვილს ეკუთვნის, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პროპაგანდისტული მანქანაა 2003 წელს მისი დახმარებით მოწყობილი „ვარდების გადატრიალებიდან“ დღემდე.

საქინფორმმა გუშინ ხაზი გაუსვა, რომ მედვედევის აპარატის თანამშრომლებს მისთვის ამის შესახებ რომ მოეხსენებინათ, ის, ალბათ, საქართველოში მთავარ ანტირუსულ რუპორ „Rustavi 2“–ს აღარ უწოდებდა არხს, რომელიც „ავტორიტეტით და საქართველოს მცხოვრებთა სიყვარულითა და პატივისცემითაც კი სარგებლობს“ და არ მისცემდა მას ინტერვიუს, რომელიც, ეჭვგარეშეა, მის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.

ასეც მოხდა: გუშინვე, 2013 წლის 7 აგვისტოს, საღამოს – 22:00–ზე, ანუ ზუსტად 24 საათში მედვედევის ინტერვიუს შემდეგ, „Rustavi 2“–ის ეთერში გავიდა ინტერვიუ მის მფლობელთან – საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც მთლიანად მიეძღვნა მედვედევის ზემოხსენებული ინტერვიუს გარჩევას და კრიტიკას მისი, სააკაშვილისეული გაგებით: 70 წუთის განმავლობაში სააკაშვილი ოსტატურად აფრქვევდა ეთერში სასტიკ ტყუილებს, გაზავებულს ფაქტებითა და გარემოებებით, რომლებსაც მართლაც ჰქონდა ადგილი წარსულში, რითაც მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს „დიდი რუსეთის მიერ დამცირებული საქართველოს პატარა პრეზიდენტის მიერ პირველად გამჟღავნებული სენსაციური“ ინფორმაციის უტყუარობის შთაბეჭდილება შეექმნა.

მაგალითად, ტელეკორესპონდენტის კითხვაზე - ბატონო პრეზიდენტო, მედვედევმა დაამატა, რომ ასტანას შეხვედრის შემდეგ, რომელიც ცოტა მოგვიანებით იყო, თქვენ საერთოდ აღარ გამოხატეთ ინტერესი მასთან ურთიერთობის გაგრძელების... - სააკაშვილმა უპასუხა:

“როცა დაიძაბა სიტუაცია აგვისტოს დასაწყისში, ჩამოვიდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი შტაინმაიერი და ეს იყო პირველი ოფიციალური პირი, რომელმაც გვითხრა, ომი იქნებაო. ბათუმში ძველი რესტორანი რომაა, იქ შევხვდით აჭარულ ხაჭაპურებზე. იქ იყო ჩვენი მთავრობის რამდენიმე წევრი და თემურ იაკობაშვილმა უთხრა, ბატონო მინისტრო, დაგვეხმარებით თუ არა ახალი სამშვიდობო ფორმატის მიღებაშიო. ამან დადო ჩანგალი და უთხრა - რა ახალი ფორმატიო, ბიჭო, მალე თქვენ ომი გექნებათო... მანამდე კონდოლიზა გაიძახოდა, რა ომი, დაივიწყეთ, ამას რუსები არასოდეს არ იზამენო... მე თქვენ მოგიყვებით, როგორ მოხდებაო: ახლა ესენი გააგრძელებენ პროვოკაციებსო, მერე რაღაც ეტაპზე თქვენ აუცილებლად მოგიხდებათ მათი სამშვიდობო სტატუსის გაუქმება, მაგრამ ისინი არ წავლენო. რაღაც მომენტში ვალდებული იქნებით, რომ უპასუხოთ შეიარაღებული ძალითო, რის შემდეგაც დაიწყება დიდი ომიო და მერე ევროკავშირის ძირითადი ფუნქცია იქნება, რომ შემოვიდეთ და გაგყოთო. ყველაფერი ასე მოხდა ზუსტად, გარდა ერთისა - ჩვენ არ გავაუქმეთ სამშვიდობო მისია. რომ გაგვეუქმებინა, იგივე ევროპელები გვეტყოდნენ მერე, თქვენ მოახდინეთ პროვოკაციაო.

ამის შემდეგ იგი სროლები და ბევრი ქართველისთვის ომი დაიწყო 7-ში, მაგრამ იქ მცხოვრები ხალხისთვის ომი დაიწყო რამდენიმე დღით ადრე...

ბოლოს უკვე, როცა ჩვენი სამშვიდობოები დახოცეს, ჩვენი ჯარისკაცები, კეზერაშვილი მოვიდა ჩემთან, ტიროდა თავდაცვის მინისტრი, რომ ჯარისკაცები მომიკლეს...თუ რაღაც შეზღუდულ ოპერაციას არ გავაკეთებთ, მაშინ ყველას დაგვიხოცავენო. ჩემი პასუხი იყო: ყველა რომ დაგიხოცონ, თითს არ გავანძრევთ.

ამ დროს ჩვენი ყველაზე ბრძოლისუნარიანი ბრიგადა არის ერაყში. ჩვენ არ ვიყავით მზად ომისთვის. ჩვენ არ გვქონდა საჰაერო სისტემა, „რაფაელის“ სისტემები ისრაელიდან გვქონდა ნაყიდი და ჩამოდიოდა წლის ბოლოსთვის და გადაგვიფარავდა მთელ ცას; გერმანიიდან მოდიოდა სამხედრო-საჰაერო ჰოსპიტალი, უკვე გზაში იყო, მერე გერმანელებმა უკან წაიღეს, ჩვენ გვქონდა ამერიკელებთან შეთანხმება, რომ სტინგერებს მოგვცემდნენ დიდი რაოდენობით და ბოლო ეტაპზე ვიყავით ამ მოლაპარაკებების. იმდენი რამე გვაკლდა... ყველაზე ცუდი დრო საქართველოსთვის იყო 2008 წლის ზაფხული და ეს რუსეთმა გადასარევად იცოდა”.