პოლიტიკა
სააკაშვილი: „პუტინმა მითხრა: მიხაილ ნიკოლაევიჩ, ძალიან ბევრი ქაღალდია და ეს ქაღალდები დაახვიონ და ერთ ადგილზე გაიკეთონო - ძალიან უხეში სიტყვა მითხრა და კიდევ დამიკონკრეტა მისამართი“

politika-5-mishaსაქართველო, 8 აგვისტო, საქინფორმი. 2013 წლის 6 აგვისტოს, საღამოს – 22:00–ზე, ქართული ტელეკომპანია Rustavi 2–ის ეთერში გავიდა 46–წუთიანი ექსკლუზიური ინტერვიუ, რომელიც 2008 წლის 8 აგვისტოს სამხრეთ ოსეთში ომის 5 წლისთავის წინ მისცა რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარემ დიმიტრი მედვედევმა (ნინო შუბლაძის საავტორო გადაცემა „პოზიციას“ ტელეარხ „Rustavi 2“–ზე).

გუშინ, 7 აგვისტოს, საქინფორმმა ქართულ და რუსულ ენებზე გამოაქვეყნა მედვედევის ინტერვიუ უმნიშვნელო კუპიურებით, მაგრამ ამასთან თავისი მკითხველის ყურადღება მიაქცია მედვედევის არაინფორმირებულობას ტელეკომპანია „Rustavi 2“–ის თაობაზე, რომელიც არა მარტო პრეზიდენტ სააკაშვილს ეკუთვნის, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პროპაგანდისტული მანქანაა 2003 წელს მისი დახმარებით მოწყობილი „ვარდების გადატრიალებიდან“ დღემდე.

საქინფორმმა გუშინ ხაზი გაუსვა, რომ მედვედევის აპარატის თანამშრომლებს მისთვის ამის შესახებ რომ მოეხსენებინათ, ის, ალბათ, საქართველოში მთავარ ანტირუსულ რუპორ „Rustavi 2“–ს აღარ უწოდებდა არხს, რომელიც „ავტორიტეტით და საქართველოს მცხოვრებთა სიყვარულითა და პატივისცემითაც კი სარგებლობს“ და არ მისცემდა მას ინტერვიუს, რომელიც, ეჭვგარეშეა, მის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.

ასეც მოხდა: გუშინვე, 2013 წლის 7 აგვისტოს, საღამოს – 22:00–ზე, ანუ ზუსტად 24 საათში მედვედევის ინტერვიუს შემდეგ, „Rustavi 2“–ის ეთერში გავიდა ინტერვიუ მის მფლობელთან – საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც მთლიანად მიეძღვნა მედვედევის ზემოხსენებული ინტერვიუს გარჩევას და კრიტიკას მისი, სააკაშვილისეული გაგებით: 70 წუთის განმავლობაში სააკაშვილი ოსტატურად აფრქვევდა ეთერში სასტიკ ტყუილებს, გაზავებულს ფაქტებითა და გარემოებებით, რომლებსაც მართლაც ჰქონდა ადგილი წარსულში, რითაც მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს „დიდი რუსეთის მიერ დამცირებული საქართველოს პატარა პრეზიდენტის მიერ პირველად გამჟღავნებული სენსაციური“ ინფორმაციის უტყუარობის შთაბეჭდილება შეექმნა.

მაგალითად, ტელეკორესპონდენტის შეკითხვაზე - ბატონო პრეზიდენტო, მედვედევმა დაამატა, რომ ასტანას შეხვედრის შემდეგ, რომელიც ცოტა მოგვიანებით იყო, თქვენ საერთოდ აღარ გამოხატეთ ინტერესი მასთან ურთიერთობის გაგრძელების... - სააკაშვილმა უპასუხა:

– ამ შეხვედრაზე ძალიან ცდილობდა, რომ მოვეხიბლე, მაგრამ ჯერ ერთი,  უცებ ეტყობოდა, რომ ტყემალზე ზის ბევრ საკითხზე და უბრალოდ ფორმალობაა, მაგრამ ეგეთი რამე ხშირად ხდებოდა რუსეთის ისტორიაში, რომ საიდანღაც არარაობას მოიყვანენ, აი, როგორც ხრუშჩოვი იყო და შემდეგ ის წამოაჯდება ყველას თავზე...  სხვათა შორის, ერთი-ორჯერ გაკრა კბილი პუტინს შეხვედრაზე, მაგრამ ეს მისი ჩვეულებრივი სტილი იყო და ამით ბევრი ტყუვდებოდა, დიდი სახელმწიფოს ლიდერებიც კი. შემდეგ გაიმარიაჟა, რომ ბუშის დაბადების დღე იცის, ამერიკელებთან ძალიან მაგრადაა, ინგლისური იცის, ჩვენს რეფორმებზე ბევრი რაღაც იცის და თქვა, რომ აუცილებლად შევხვდეთ სოჭშიც და დავილაპარაკოთ. ამის შემდეგ ვურეკავ ორჯერ და ორივეჯერ ყურმილი აიღო პუტინმა. პირველად რომ აიღო ყურმილი, მკითხა, მედვედევს რას ურეკავო, ჩემთან გაქვს შენ საქმეო. უკვე პრეზიდენტია მედვედევი ოღონდ. მეორე დარეკვაზე - და ამ დროს უკვე ჯარებია შეყვანილი, დრონია ჩამოგდებული, კოდორთან შეტაკება იყო და ჩვენებმა მოკლეს მათი პოლკოვნიკი ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე...  და რთული სიტუაციაა ძალიან. კანიაკინმა თქვა, რომ ომი იქნება, ვალუევმა, რუსეთის გენშტაბის უფროსმა უთხრა ნატოს შტაბს, რომ ომი იქნება, ყველა მხრიდან მოდის ეს სიტყვა „ომი“ – ამ სიტუაციაში პუტინს ვეუბნები: ნახეთ ევროკავშირის განცხადება? ჰო, ცუდი განცხადება იყო, - და რაღაც აგდებული, დამცინავი ტონი აქვს, ეუთოს განცხადებაც ხომ ნახე-მეთქი, იქ ძალიან ცუდი რაღაცები იყო. კიო, ეუთოს განცხადებაც და უფრო მეტიც, ამერიკელების განცხადებაც ვნახეო, ბიჭო, რა საშინელი ტონი ჰქონდათ რუსეთის მიმართო, როგორ დაგმესო. ჰო, მიხაილ ნიკოლაევიჩ, ძალიან ბევრი ქაღალდიაო და ეს ქაღალდები დაახვიონო და ერთ ადგილზე გაიკეთონო - ძალიან უხეში სიტყვა მითხრა, რაზეც გავშრი მე და კიდევ დამიკონკრეტა მისამართი - არ მინდა გავიმეორო. ასეთი ტონით იყო ლაპარაკი.

მეორე დღეს ბუშს დავურეკე, ხომ არ იცით, სად გააგზავნა თქვენი განცხადებები-მეთქი და კიო, ყველაფერი ვიცითო. ამერიკელები ყველაფერს უსმენენო, რომ იძახიან, მაშინაც ყველაფერს უსმენდნენ.

რაც შეეხება მედვედევს, გვემალება, წერილებიც გავუგზავნე, ვურეკავ - პუტინი იღებს ყურმილს...

და მერე იყო 6 ივლისს ასტანას იუბილე და ნაზარბაევის იუბილე, დიდი ბანკეტი გაიმართა და მანამდე იყო დათვალიერება რაღაც ახალი ობიექტების, სადაც მედვედევს მივდევდი და მედვედევი სულ მემალებოდა. სხვათა შორის, თქვა კიდეც  - სულ მეწებებაო... შემდეგ იყო დიდი ბანკეტი და ყველას აინტერესებდა მედვედევი - პირველად იყო, სადღაც რომ ჩავიდა, და ვხედავ ახლა, რომ ამ მაგიდიდან ადგება და სადღაც გაიქცევა, ამიტომ ნაზარბაევს ვეუბნები - აქ ღამის კლუბები გაიხსნა და არ უნდა წავიდეთ-მეთქი? ვფიქრობ, რომ სადმე არაფორმალურ ვითარებაში... ამან არ შეიმჩნია, ვიცით ახლა, რომ მიშა ცოტა ეგეთიაო, ახალგაზრდულ-ალტერნატიული, იმან უცებ ამიბა მხარი, - კი, აბაო, დისკოტეკაზე უნდა წავიდეთო. რუსეთის ახალი მეფეა ეს და უარს ხომ არ ეტყოდა და წავედით, ღამის კლუბი იყო, მონაკოს კლუბი ერქვა. იქ ჩვენი მედვედევი გავიდა და ცეკვავს საცეკვაო მოედანზე, ეს შუა აზიის ლიდერები დიდი თვალებით უყურებენ, პუტინი მოცეკვავე მათ არ უნახავთ და ეს ამხელა რუსეთის იმპერატორი უცებ ცეკვავს - ასეთი რამე მათ ისტორიაში ჯერ არავის არ უნახავს. მეც შევყევი ამ საცეკვაო მოედანზე და რაღაც მომენტში დავავლე ხელი და გამოვიყვანე აქეთ. დავსვი, დავადე ხელი მუხლზე, რომ არ გამექცეს და ვეუბნები, - დიმიტრი, მოჟეტ დოგოვორიმსა ს ვამი, უ ნას ბილა ტაკაია პრიატნაია ბესედა, მერე თქვენ თქვით, რომ სოჭში უნდა შევხვდეთ და ამდენი ხანი გელოდებით, ვრეკავ, პუტინი იღებს ყურმილს, მოდი, ახლა დავილაპარაკოთ–მეთქი. მიხაილ, მეუბნება, მე ძალიან მომწონხარო, იმიტომ, რომ ერთი ასაკის ვართო დაახლოებით, ერთი განათლება გვაქვსო, ორივეს მოგვწონს ერთი მუსიკაო, ხედავო, ერთი ფორმაციის წარმომადგენლები ვართო, მაგრამო ამას მნიშვნელობა არა აქვსო, იმიტომ, რომ მოსკოვში არის თამაშის სხვა წესები და იქ მე არ ვაწესებ თამაშის ამ წესებსო. ვუთხარი, შევხვდეთ და დავილაპარაკოთ, ამაზე უარესი, რაც დღეს ხდება, რაღა იქნება, ყოველდღე პროვოკაციები, სროლა, იარაღი შემოაქვთ, გაურკვევლობა... შემომხედა და მეუბნება, - ა ტუტ ტი ოჩენ ოშიბაეშსია! ვოტ უვიდიშ, ოჩენ სკორო ბუდეტ ნამნოგო, ნამნოგო ხუჟე! ეს რომ თქვა, მერე მიხვდა, რომ ზედმეტი თქვა, მგონი, და გაიქცა სადღაც...  აი ეს იყო მთელი ჩვენი კონტაქტები.