პოლიტიკა
სააკაშვილი: „პუტინი არც დაფიქრებულა, შემოგვხედა, გაიღიმა და თქვა: ბიჭებო, ჩვენ თქვენს ტერიტორიებს თქვენს გეოპოლიტიკურ ორიენტაციაზე არ ვცვლით!”

polit-4-mishaსაქართველო, 8 აგვისტო, საქინფორმი. 2013 წლის 6 აგვისტოს, საღამოს – 22:00–ზე, ქართული ტელეკომპანია Rustavi 2–ის ეთერში გავიდა 46–წუთიანი ექსკლუზიური ინტერვიუ, რომელიც 2008 წლის 8 აგვისტოს სამხრეთ ოსეთში ომის 5 წლისთავის წინ მისცა რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარემ დიმიტრი მედვედევმა (ნინო შუბლაძის საავტორო გადაცემა „პოზიციას“ ტელეარხ „Rustavi 2“–ზე).

გუშინ, 7 აგვისტოს, საქინფორმმა ქართულ და რუსულ ენებზე გამოაქვეყნა მედვედევის ინტერვიუ უმნიშვნელო კუპიურებით, მაგრამ ამასთან თავისი მკითხველის ყურადღება მიაქცია მედვედევის არაინფორმირებულობას ტელეკომპანია „Rustavi 2“–ის თაობაზე, რომელიც არა მარტო პრეზიდენტ სააკაშვილს ეკუთვნის, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პროპაგანდისტული მანქანაა 2003 წელს მისი დახმარებით მოწყობილი „ვარდების გადატრიალებიდან“ დღემდე.

საქინფორმმა გუშინ ხაზი გაუსვა, რომ მედვედევის აპარატის თანამშრომლებს მისთვის ამის შესახებ რომ მოეხსენებინათ, ის, ალბათ, საქართველოში მთავარ ანტირუსულ რუპორ „Rustavi 2“–ს აღარ უწოდებდა არხს, რომელიც „ავტორიტეტით და საქართველოს მცხოვრებთა სიყვარულითა და პატივისცემითაც კი სარგებლობს“ და არ მისცემდა მას ინტერვიუს, რომელიც, ეჭვგარეშეა, მის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.

ასეც მოხდა: გუშინვე, 2013 წლის 7 აგვისტოს, საღამოს – 22:00–ზე, ანუ ზუსტად 24 საათში მედვედევის ინტერვიუს შემდეგ, „Rustavi 2“–ის ეთერში გავიდა ინტერვიუ მის მფლობელთან – საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც მთლიანად მიეძღვნა მედვედევის ზემოხსენებული ინტერვიუს გარჩევას და კრიტიკას მისი, სააკაშვილისეული გაგებით: 70 წუთის განმავლობაში სააკაშვილი ოსტატურად აფრქვევდა ეთერში სასტიკ ტყუილებს, გაზავებულს ფაქტებითა და გარემოებებით, რომლებსაც მართლაც ჰქონდა ადგილი წარსულში, რითაც მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს „დიდი რუსეთის მიერ დამცირებული საქართველოს პატარა პრეზიდენტის მიერ პირველად გამჟღავნებული სენსაციური“ ინფორმაციის უტყუარობის შთაბეჭდილება შეექმნა.

მაგალითად, ტელეკორესპონდენტის კითხვაზე, – ბატონო პრეზიდენტო, რა მომენტში გასცა ქართულმა მხარემ, საქართველოს ხელისუფლებამ ცეცხლის გახსნის ბრძანება და იყო თუ არა ამის გარდაუვალი აუცილებლობა. კრემლის პოზიცია ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ისინი ამბობენ, რომ იძულებული გახდნენ პასუხი გაეცათ ცეცხლზე, რომ დაეცვათ მშვიდობიანი მოსახლეობა მათ შორის, რუსეთის მოქალაქეები ამ ტერიტორიაზე, - სააკაშვილმა, კერძოდ, უპასუხა:

- 2007 წელს დსთ-ს სხდომაზე პუტინმა გამიყვანა გვერდზე, ერთი ერთზე ვიყავით მრჩევლების გარეშე  და ძალიან უხეშად მელაპარაკა. განსხვავებით იმისგან, რასაც ავრცელებენ ჭორებს, მათ შორის რუსებიც, მე უხეშად არასოდეს მიპასუხია პუტინისთვის. უცებ მეუბნება: მი ვამ უსტროიმ სევერნი კიპრ. ჩრდილოეთ კვიპროსი რა სცენარია: ვითომ შენ იწყებ ომს, მერე ის გპასუხობს, შენს ტერიტორიას იპყრობს და აღიარებს მის დამოუკიდებლობას. ის, რაც მოხდა 2008 წელს, მომიყვა 2007-ში. მე ვუთხარი, - დავილაპარაკოთ, რად გვინდა ჩხუბი...

მერე რა იწყება... მედვედევის დაბადების დღეზე მიიყვანეს კონდოლიზა, კარგად დალიეს და მერე უცებ პუტინმა დაუწყო ლაპარაკი, რომ საქართველოში უნდა იყოს ომი, სრულიად გამჭვირვალედ.

კონდოლიზა წამოუხტა და ტოვებდა სუფრას. ეს სიგნალი მიიღეს და მაშინ დაიხიეს უკან.

2008-ში თებერვალში ჩავედით დსთ-ს სამიტზე და იქ შეგვხვდა პუტინი. დაიწყო ლაპარაკი: ბიჭებო, მზად ხართ თუ არა კოსოვოს შედეგებისთვისო, ჩემი რეაქცია იყო: ჩვენ რა შუაში ვართ კოსოვოსთან?.. ამერიკელები არიან თქვენი მეგობრები, აქ დიდი პოლიტიკური თამაში მიდის, ჩვენ იძულებული ვართ, კოსოვოს ვუპასუხოთო. ვამ ბუდეტ ნე ოჩენ ბოლნო, ვი რასსლაბტეს, პალუჩაეტე უდოვოლსტვიე, - პირდაპირ მოძალადის ტერმინოლოგიაა, - ა მი სდელაემ ტო, ჩტო ნუჟნო სდელატ...

ამის შემდეგ მე ვუთხარი: თუ ჩვენთან გაქვს რამე პრობლემა, გვითხარი. (და იმათ გასაგონად, ვინც ნატოს უკავშირებს, მაშინ მოლდოვას უარი ჰქონდა ნათქვამო ნატოზე და მოლდოვას არავინ არ უბრუნებს დნესტრისპირეთს, ხომ ასეა?) - ვუთხარით, მაშინ მზად ვართ ნატოზე ვთქვათ უარი, ვადასტურებ, რომ ასე ვუთხარი, კი. ჩვენ ხელშეკრულებით ვართ მზად, უარი ვთქვათ ამერიკასთან უფრო წინწასულ ურთიერთობაზე, თუ თქვენ დაგვეხმარებით ტერიტორიებზე, ოღონდ ეს ხელშეკრულებით დავადასტუროთ. ამაზე პუტინი არც დაფიქრებულა, შემოგვხედა, გაიღიმა და თქვა: ბიჭებო, ჩვენ თქვენს ტერიტორიებს თქვენს გეოპოლიტიკურ ორიენტაციაზე არ ვცვლით!

ამის შემდეგ გააუქმეს ე.წ სანქციები, რომლებიც ისედაც ფორმალური იყო, შეიყვანეს აფხაზეთში 26 ეშელონი, მათ შორის იყო 21 გრადის და სმერჩის ტიპის სისტემის რაკეტები, სოჭში ვაგზალზე იდგა რამდენი ათეული ეშელონი ტანკებით, ოჩამჩირეში და გალში დაიწყეს ბაზების მშენებლობა. ეს ყველაფერი იყო, სატელიტური სურათები ამერიკელებსაც ვუჩვენეთ, ევროპელებსაც, ყველას... ამის პარალელურად ჩვენ მოვითხოვეთ ეუთოს უშიშროების მექანიზმების ამოქმედება, რაც რუსებმა ეუთოში დაბლოკეს. შემდეგ მივწერე წერილი პუტინს აპრილში, სადაც ვთხოვე, რომ პრობლემები გვაქვს ურთიერთობებში, ცუდი მიმართულებით მივდივართ, და ძალიან გთხოვთ, დაუყოვნებლივ დავიწყოთ ლაპარაკი, დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, მზად ვარ ძალიან ბევრი დათმობისთვის, რაზეც მწერს: "Уважаемый Михаил Николаевич, не могу согласиться с содержащимся в вашем послании от 26 апреля 2008 года утверждением о якобы существующем остром кризисе в межгосударственных отношениях между нашими странами." არაფერი არ ხდება, რაზე უნდა მოვილაპარაკოთო.

ამის შემდეგ მაისში ჩვენი დრონი რომ ჩამოაგდეს, ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ აღარ იქნებოდა ჩვენი დრონები აფხაზეთში - კიდევ ერთ დათმობა გავაკეთეთ, რის შემდეგაც მეორე დღეს გამოაცხადეს, რომ ახალი ბატალიონები შედის რკინიგზის აფხაზეთში. თუ ომს არ იწყებ, არაფერში გჭირდება რკინიგზის ბატალიონები. ამის შემდეგ ვუგზავნით მედვედევს წერილს, სადაც ვეუბნები: „მე ვიცი რომ თქვენ გაქვთ ინტერესები, კურორტები, გუდაუთის ბაზა, სოხუმის აერპორტი და ა.შ. ჩვენ პრობლემა გვაქვს, რომ ლტოლვილები ვერ შეგვყავს, იმიტომ რომ თქვენ დგახართ აქეთ მხარეს ენგურზე და ენგურის იქით ჩვენ ხალხს ვერ ვუშვებთ, მოდით გადაინაცვლეთ, რამდენიმე ათეული კილომეტრით კოდორზე და შევიყვანოთ ჩვენი დევნილები საერთაშორისო ადმინისტრაციის ქვეშ. სანაცვლოდ კი დაგიკანონებთ სოხუმის აეროპორტით სარგებლობას და ყველა თქვენ ეკონომიკურ ინტერესს“. ეს არ იყო აფხაზეთის გაყოფა, იმიტომ, რომ სუვერენიტეტი ჩვენი რჩებოდა, მაგრამ დე ფაქტო ვაკანონებდით გრძელვადიან მათ ინტერესებს საქართველოს ძალიან მნიშვნელოვან ნაწილში. გაეროს მოქმედების არეალი გაფართოვდებოდა და რუსები რომ გადაიწევდნენ, ჩვენთვისაც უფრო ადვილი იქნებოდა აფხაზებთან ურთიერთობა, რა თქმა უნდა შევაყოლებდით სამოქალაქო ადმინისტრაციას, მაგრამ ამას აქ არ ვწერ.

ჩავიდა თუ არა წერილი, მეორე დღეს გამოაქვეყნეს გაზეთ „კომერსანტში“. შემდეგ მწერს წერილს: "В подобной ситуации, откровенно говоря, трудно представить себе, например, создание совместной грузино-абхазской администрации в каких либо районах Абхазии. Явно преждевременна постановка вопроса о возвращении беженцев. В нынешней обстановке абхазцы – и мы их понимаем – видят угрозу своему национальному выживанию!“ პირველად თქვა! პრაქტიკულად უხეშად თქვა: დაივიწყეთ ლტოლვილები, დაივიწყეთ ტერიტორია! ამის შემდეგ იყო შეხვედრა მედვედევთან პეტერბურგში, რაზეც თვითონაც ილაპარაკა თავის ინტერვიუში.