სამართალი
მიმდინარე კვირას პარტიათა დაფინანსების საკითხს დაჩქარებული წესით განიხილავენ

1-parlamenttსაქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. მიმდინარე კვირას გაიმართება საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომები, რომლებზეც დეპუტატები პარტიათა დაფინანსების საკითხს დაჩქარებული წესით განიხილავენ და მიიღებენ.

შვიდი არასაპარლამენტო პოლიტიკური გაერთიანება ერთჯერადი საბაზისო დაფინანსების სახით განსაზღვრულ 150-150 ათას ლარს მიიღებს.

ეს პარტიებია: "ქრისტიან-დემოკრატებისა" და "ევროპელი-დემოკრატების“ კოალიცია, "ახალი მემარჯვენეები", "ქართული დასი", "თავისუფალი საქართველო", ლეიბორისტული პარტია, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, პარტია "სამართლიანი საქართველოსთვის". ჯამურად მათთვის 1 მილიონ 50 ათასი ლარი უნდა გამოიყოს.

დამატებით 300–300 ათასს მიიღებს შვიდი პარტია: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი ექვსი პოლიტიკური გაერთიანება. მათთვის ბიუჯეტიდან დამატებით 2 მილიონ 100 ათასი ლარი უნდა გამოიყოს.

პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების გაზრდის მიმართულებით პარლამენტმა ცვლილებები გასული კვირის სესიაზეც განახორციელა. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატს, ვინც მონაწილეთა ხმების 10%-ს ან მეტს მოიპოვებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან აუნაზღაურდება გაწეული და დასაბუთებული ხარჯი - 1 000 000 ლარის ოდენობით.