მიხეილ სააკაშვილი: „მე არსად მივდივარ!“
საქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. ბოლო წლებში რუსეთიდან წარმატებით ფულის გატანა მხოლოდ ორმა ადამიანმა მოახერხა – რომან აბრამოვიჩმა და ბიძინა ივანიშვილმა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ, იაროსლავ კაჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „მარტო ორმა ადამიანმა გამოიტანა ფული ბოლო წლებში რუსეთიდან წარმატებით, ეს არის პუტინის ჩვეულებრივი მოლარე აბრამოვიჩი და ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილს 2 მილიარდი დოლარი გადაუხადეს არჩევნების წინ. ამიტომაც არ ჩათვალა რუსეთმა, რომ უნდა გაუგოროს კოჭი, რადგან რუსეთს აქვს თავისი გეგმები. მე მზად ვარ, მიუხედავად ამ 2 მილიარდისა, მიუხედავად პუტინის საჯაროდ გაცხადებული დავალებისა, რომ ჩამოვშორდე პოლიტიკას, ყველაფერზე თვალს დავხუჭავ, წყალსაც წაუღია ყველაფერი, რაც პიროვნულად მე მეხება, არსად არ მივდივარ და მზად ვარ ვიმუშაო მათთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობისთვის,“ - განაცხადა სააკაშვილმა. მისივე თქმით, 2008 წლის ომამდე ის რუსეთს ენის მოჩლექით ელაპარაკებოდა.
"თუ ვინმეს ეგონა, რომ პუტინს რაიმე შეურაცხყოფა მივაყენე - ომამდე შენი ჭირიმე, შენ გენაცვალეს გარდა მასთან სხვა ენით მე არ მილაპარაკია. ომის შემდეგ ოკუპანტისთვის ენის მოჩლექა და ფეხების დაკოცნა არ არის ღირსების საქციელი. ომამდე შესაძლებელი იყო, ვყოფილიყავით ზედმეტად დიპლომატიური, რათა ომი თავიდან აგვეცილებინა“, - აღნიშნა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ყველას მოუწოდებს, თავი შორს დაიჭიროს ღალატისგან.
„როდესაც დღეს შენი ქვეყნის ოკუპანტზე ლაპარაკობ, რომ პუტინი არის კარგი კაცი, მას ქართველებისთვის სიკეთე უნდა, თვალებში ცრემლები ადგება, როდესაც საქართველოს ახსენებ და ასე შემდეგ, ეს ძალიან ჰგავს საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიას, საქართველოს შემადგენელ სამარცხვინო ნაწილს, რასაც ქართულ ენაზე ქვია ღალატი", - განაცხადა სააკაშვილმა.
ქვეყნის მეთაურმა ილაპარაკა ასევე გორში სტალინის ძეგლის აღდგენაზე.
„იოსებ სტალინმა ჩამოაჭრა საქართველოს საუკეთესო მიწები და გადასცა ის სხვა საბჭოთა ქვეყნებს. იოსებ სტალინმა შექმნა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომია, ის ნაღმები, რომლებიც ჩვენ აგვიფეთქდა დამოუკიდებლობის მოპოვებასთან ერთად. სტალინის ხელმოწერით დაიხვრიტნენ ქართველები და პოლონელები ერთად კატინში. იოსებ სტალინმა ჩაიდინა წარმოუდგენელი დანაშაულებები ქართველი ხალხის წინააღმდეგ. 21-ე საუკუნეში სტალინის ძეგლის აღდგენა - ეს არის წარმოუდგენლად ბარბაროსული და ანტიქართული აქტი, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული ქმედება, რომელიც აქცევს საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში“, - აღნიშნა მან და საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, „გადახედოს ამ ბრიყვულ გადაწყვეტილებას“.
სააკაშვილი შეეხო სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის თენგიზ გუნავას საქმესაც და აღნიშნა, რომ გუნავას ციხეში ყოფნა დაუშვებელია და ის ხელს მოაწერს მისი შეწყალების აქტს.