სამართალი
„რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები: „ყველა, ვინც დანაშაულებრივად მიითვისა ჩვენი წილი, კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს!“

1-aravinსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ.

მედიასაშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ "რუსთავი 2"-ის მფლობელები შესაძლოა კიდევ ერთხელ შეიცვალონ. ამასთან დაკავშირებით, გვსურს განვაცხადოთ: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის დაარსების დღიდან 2004 წლის 18 ივნისამდე ვიყავით კომპანიის 60%-ის მფლობელები. 2004 წლის ივნისში, იმდროინდელმა უმაღლესი თანამდებობის პირებმა იძულებით დაგვათმობინეს კუთვნილი წილი. გასული წლების განმავლობაში კომპანია მრავალჯერ გადაფორმდა ხელისუფლებასთან დაახლოებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე, რაც მიზნად ისახავდა, კანონიერი მფლობელებისთვის მაქსიმალურად გაერთულებინათ "რუსთავი 2"-ის დაბრუნების პროცესი.

საჯაროდ ვაცხადებთ, რომ ამჟამად, ჩვენი საჩივრის საფუძველზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. ყველა ის პირი, რომელთა მიერაც დანაშაულებრივად განხორციელდა ჩვენი წილების მითვისება, პასუხს აგებს კანონის მთელი სიმკაცრით. ამავე დროს, გვსურს გავაფრთხილოთ ყველა, ვისაც შესაძლოა გაუჩნდეს აღნიშული წილების შესყიდვის სურვილი, თავი შეიკავონ ამგვარი ქმედებისგან რათა არ გახდნენ ამ დანაშაულებრივი ჯაჭვის კიდევ ერთი რგოლი", - ნათქვამია განცხადებაში.