პოლიტიკა
იაროსლავ კაჩინსკი: „მერაბიშვილის დაკავება არ არის დემოკრატია!“

1-iaroslav-kachinskiსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იაროსლავ კაჩინსკის განცხადებით, რომელიც მან „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში გააკეთა, ვანო მერაბიშვილის დაკავება არ არის დემოკრატია.

ვანო მერაბიშვილს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მხარდაჭერას გამოვუცხადებთ. როდესაც დემოკრატიაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია არა მარტო ის, რაც საქართველოში არჩევნებამდე ხდებოდა, არამედ ისიც, რაც არჩევნების შემდგომ ხდება. ამ შემთხვევაში რაც ახლა მოხდა, არ არის დემოკრატია. იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა იმ გზას არ დაადგება, საიდანაც უკან დაბრუნება შეუძლებელი იქნება. პოლონეთში ვამბობთ, რომ არსებობს გზა აღმოსავლეთისკენ, საქართველოში კი ამ გზას ჩრდილოეთის გზას უწოდებენ“, – განაცხადა იაროსლავ კაჩინსკიმ.

პოლონეთის ყოფილი პრემიერი საქართველოს დღეს ეწვია და პირველი შეხვედრა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან გამართა, სადაც მხარეებმა რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის ქართულ-პოლონური ურთიერთობა, ქვეყანაში ბოლო პერიოდში არსებული პოლიტიკური ვითარება და ის ნაბიჯები, რაც რუსული აგრესიის შესაჩერებლად უნდა გადაიდგას.

იაროსლავ კაჩინსკი რამდენიმე საათში ე.წ. მატროსოვის ციხეში „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივანს, ვანო მერაბიშვილს მოინახულებს. ასევე მას დაგეგმილი აქვს შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრთან.