საზოგადოება
წყალტუბოელებს თეატრის სანაცვლოდ სპორტის სასახლეს ჰპირდებიან

wyaltubo-3მსგავსი იდეები, კარგა ხანია, აღარ გვიკვირს, მაგრამ ''სად სპორტის სასახლე და სად თეატრი?'' - ამ რიტორიკულ შეკითხვას, ალბათ, მაინც დასვამს ჭკვიანი ადამიანი.

რამდენიმე დღის წინ წყალტუბოში ყოფილი ზამთრის თეატრის რეკონსტრუქციისა და სპორტულ კომპლექსად გადაკეთების სამუშაოები დაათვალიერეს იმერეთის მხარეში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა ლაშა მაქაცარიამ და მისმა პირველმა მოადგილემ გიგა შუშანიამ.

სტუმრებს თან ახლდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირებიც.
როგორც საქინფორმის წარმომადგენელმა გვაცნობა, სპორტული კომპლექსის აგების სამუშაოებს სს „იბერია-21“ აწარმოებს. სამსართულიანი სპორტის სასახლის კეთილმოწყობას 1.427000 ლარი მოხმარდება. წყალტუბოელებს და აქ ჩამოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ კალათბურთის, მინი-ფეხბურთისა და ფრენბურთის დარბაზებით,   ძალოსნებისათვის გათვალისწინებულია ცალკე დარბაზის მოწყობა. მოწესრიგდება სველი წერტილები, შიგა გათბობისა და წყალსადენ-საკანალიზაციო სისტემები, დაიდგმება ბილიარდის მაგიდები, ამოქმედდება ორი  „საუნა“, პროექტი ითვალისწინებს მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას, სამუშაოები 2011 წლის დეკემბერში დასრულდება. სპორტის სასახლის  შესასვლელს  დაამშვენებს გედების ტბა.

ადგილობრივი ხელისუფლების აზრით, ახალი სპორტული კომპლექსი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქალაქის იერ-სახეს, მაგრამ რა სახსრებით ისარგებლებენ ამ ძვირი სიამოვნებით ადგილობრივი მცხოვრებნი, ამაზე არაფერს ამბობენ.