რელიგია
მეუფე იაკობი: „ნუ გავცვლით ქვეყანას გრანტებსა და ფულზე!“

1-iakobi-meufeსაქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობი საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მოუწოდებს, ქვეყანას გრანტებსა და ფულზე ნუ გაცვლიან.

ამის შესახებ მეუფე იაკობმა გუშინ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

ბოდბელი ეპისკოპოსის განცხადებით, ქვეყნის დაპყრობა, იარაღის გარდა, ფსევდოკულტურითა და ფსევდოწესების შემოტანითაც შეიძლება.

"დღეს ეს შეიძლება ზოგიერთი ადამიანისთვის იყოს ის გრანტები, რასაც უხვად იღებენ უცხოეთიდან, შემდეგ ისინი ყოველგვარ სიწმინდეზე უარს ამბობენ. ეკლესია და სჯული აღარაფერია და ფსევდო კანონებით გვმოძღვრავენ. მინდა ვთხოვო მათ, შეეშვან ყოველგვარი ხრიკებით უცხოეთიდან ფულის მიღებას. არც ერთი ქვეყანა არ დაიშურებს ფულს, რომ ჩვენს შიგნითვე გამოკვებოს ჩვენივე მოწინააღმდეგეები, ამიტომ დავფიქრდეთ. ჩვენ ჩვენი სამშობლო გვაკავშირებს და ნუ გავცვლით ქვეყანას გრანტებზე და ფულზე", - ბრძანა მეუფე იაკობმა, რომელსაც სჯერა, რომ გავაანალიზებთ შეცდომებს და გარე ძალებს არ მივცემთ საშუალებას ზედმეტად ჩაერიონ ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში.

„ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი წაგვგლიჯეს მტრებმა და ეს ჩვენი შეცდომების და ცოდვების გამო ხდება. ქართველები ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ“, - დასძინა მეუფემ.