საპატრულო პოლიციის მუშაობის 6 თვის ანგარიში
საქართველო, 22 ივლისი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2013 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში გატარებულმა რეფორმებმა და სიახლისკენ მიმართულმა ცვლილებებმა უფრო სრულყოფილი და ხარისხიანი გახადა საპატრულო პოლიციის ყოველდღიური სამსახურებრივი საქმიანობა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ყველა ცვლილება და ნოვაცია, შინაგან საქმეთა მინისტრის უშუალო ინიციატივითა და თანადგომით განხორციელდა. შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით განხორციელდა საპატრულო პოლიციის სრული რებრენდინგი: როგორც დედაქალაქში, ისე საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე ავტოპარკი განახლდა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ახალი ავტომანქანებით,; აღნიშნულ ავტომანქანებზე განთავსდა ახალი დიზაინის წარწერები და ლოგოები, ისინი აღიჭურვა ვიდეოსამეთვალყურეო კამერებით, ბორტ–კომპიუტერებითა და ახალი საკომუნიკაციო საშუალებებით; ასევე დაიხვეწა და მთლიანად შეიცვალა საპატრულო პოლიციის ფორმის ტანსაცმელი, ის აღიჭურვა ისეთი თანამედროვე, სპეციალური საშუალებებით, როგორიცაა: სამხრე ვიდეოკამერები და ელექტროშოკები, ალკოტესტები (პრომილეს საზომი და ბეჭდვითი ფუნქციით) და სხვა. იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ ხშირია ნასვამ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვა, რაც ავტო-საგზაო შემთხვევების ძირითად წინაპირობას წარმოადგენს, აღნიშნული სამართალდარღვევის ეფექტური აღკვეთის და პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტი მომზადდა და მოხდა პარლამენტში შსს–ს მიერ მისი ინიცირება. აღნიშნული სამართალდარღვევის ეფექტური აღკვეთის და პრევენციის მიზნით საქართველოს ძირითად საავტომობილო გზებსა და ქალაქების ქუჩებში დამატებით დამონტაჟდა 29 ახალი ზედამხედველობის ავტომატიზებული სისტემები (ე.წ.რადარი): ავტომაგისტრალებზე – 12, ხოლო თბილისში – 17 რადარი. რადარების წინ განთავსდა შესაბამისი საგზაო ნიშნები.
გაუმჯობესდა დამრღვევი მძღოლისათვის ადმინისტრაციული ჯარიმის შესახებ ინფორმაციის მიწოდების სისტემა. რადარის მიერ დაფიქსირებული გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა ფიქსირდება სპეციალური კამერის მეშვეობით და მფლობელს შესაბამისი ადმინისტრაციული ჯარიმა მისდის რეგისტრაციის ადგილზე. ამავდროულად, საპატრულო პოლიცია საჯარიმო ქვითრის ჩაბარებამდე დამრღვევ მძღოლს SMS-ით აფრთხილებს. ჯარიმის გადახდის ვადის ამოწურვამდე 5 დღით ადრე მოქალაქეს SMS-ით მისდის შეხსენება. იგეგმება საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების მონაცემთა ბაზის დახვეწაც, რისთვისაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აღიჭურვა ჯიპიეს სისტემით, რათა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის დროს მოხდეს ადგილის ზუსტად დაფიქსირება, ე.წ. "შავი წერტილების" დადგენა, შემდგომში პრევენციული ზომების განხორციელებისათვის. იმ რეგიონებში, სადაც აქამდე არ ვრცელდებოდა საპატრულო პოლიციის უფლებამოსილება და მომსახურება, დღეისთვის ის ხელმისაწვდომი გახდა როგორც თბილისის გარეუბნებში, ასევე კახეთის, იმერეთის, მცხეთის, ქვემო ქართლის და აჭარის სხვადასხვა ტერიტორიაზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამუშაო პროცესი გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მიმართულებით საპატრულო პოლიციის ახალი დანაყოფის შექმნასთან დაკავშირებით. დღეისთვის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში სულ მუშაობს 3564 თანამშრომელი, საპატრულო პოლიციის ავტოპარკში ავტომანქანების რიცხვი 245-იდან 300–მდე გაიზარდა: თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოს 280 პატრულ–ინსპექტორი და 35 ავტომანქანა დაემატა, ხოლო სამეგრელო – ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოს – 40 პატრულ-ინსპექტორი და 7 ავტომანქანა; შიდა ქართლის მთავარ სამმართველოს – 18 პატრულ-ინსპექტორი და 3 ავტომანქანა; კახეთის მთავარ სამმართველოს – 18 პატრულ-ინსპექტორი და 3 ავტომანქანა; აჭარის მთავარ სამმართველოს – 42 პატრულ-ინსპექტორი და 7 ავტომანქანა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა შემუშავა საქართველოს კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე", რომელიც ემსახურება სწორი ადმინისტრაციული სახდელის განსაზღვრას, „საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანას და ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დაწესებას. ახალი კანონპროექტის მიხედვით სამართლის ნორმების ნაწილი გამკაცრდა, ხოლო ნაწილი შემსუბუქდა. საპატრულო პოლიცია აქტიურად მონაწილეობდა ახალი „პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის შექმნაში. 2009 წლიდან შსს საპატრულო პოლიცია სახელმწიფო სასაზღვრო–გამტარ პუნქტებში პასუხისმგებელია სასაზღვრო რეჟიმის დაცვასა და სასაზღვრო–სამიგრაციო კონტროლზე. დღეისთვის საქართველოში ფუნქციონირებს 19 სასაზღვრო გამტარი პუნქტი, აქედან 3 აეროპორტი, 3 პორტი, 2 სარკინიგზო საზღვარი და 11 სახმელეთო საზღვარი. ამერიკის ენერგეტიკის დეპარტამენტთან ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად, დღეის მონაცემებით საქართველოს ყველა სასაზღვრო გამტარ პუნქტზე სრულდება რადიაციულ ნივთიერებათა აღმომჩენი პორტალური მონიტორების მონტაჟი.