სამართალი
ირაკლი კილაურიძე: „რჩეულიშვილებს კომპანიიდან აქტივები გააქვთ!“

deksusiსაქართველო, 19 ივლისი, საქინფორმი. “მას შემდეგ, რაც "დექსუსმა" რჩეულიშვილებს კომპანია მართვაში გადააბარა, ისინი ერთადერთ რამეს აკეთებენ - კომპანიიდან აქტივები გააქვთ. ხუთი თვეა მართავენ კომპანიას და ერთი აგური არ დაუდიათ. მშენებლობა კი არცერთ ობიექტზე, ფაქტობრივად, განახლებული არ არის", - ამის შესახებ კომპანია "დექსუსის" მმართველი პარტნიორი ირაკლი კილაურიძე აცხადებს.

მისივე თქმით, კომპანიამ 3 დღის წინ აღმოაჩინა, რომ რჩეულიშვილებმა მისი კუთვნილი 8 აქტივი გაიტანეს. ამასთან, „დექსუსის“ მმართველი პარტნიორის განმარტებით, რჩეულიშვილები ამ საქმისთვის პოლიტიკური სარჩულის ხელოვნურად მორგებას ცდილობენ, მაშინ, როცა დავა სამოქალაქოა.

“ეს მოხდა 2013 წლის 30 აპრილს, ხელშეკრულების გაწყვეტიდან 2 თვეში. რვა აქტივი უნდა გაყიდულიყო და ამ ფულით დასრულებულიყო მშენებლობები, ამის მაგივრად მაია რჩეულიშვილმა ეს აქტივები თავის ქმარს, ვახტანგ რჩეულიშვილს გადაუფორმა და ეს ფართი, ჩვენი ინფორმაციით, შემდეგ იპოთეკით დაიტვირთა. ჩვენ ეს ინფორმაცია მივაწოდეთ პროკურატურას, თუმაცა გაუგებარია, რატომ არ იცოდნენ მათ ამის შესახებ ამ ხნის განმავლობაში”, – განაცხადა კილაურიძემ, რომელიც კომპანიიდან აქტივების გატანაზე კონტროლის დაწესებას ითხოვს.