პუბლიკაციები
წარმომადგენლობითი საექსპერტო კონფერენცია მოსკოვში ახლო აღმოსავლეთისა და კავკასიის პრობლემატიკასთან დაკავშირებით

1-analit-mtav-konferencსაქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. მიმდინარე წლის 28 ივნისს მოსკოვის „პრეზიდენტ-ოტელში“ გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „კრიზისი ახლო და შუა აღმოსავლეთში და სამხრეთ კავკასიისა და კასპიის უსაფრთხოების პრობლემები“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს წამყვანმა ექსპერტებმა რუსეთიდან, ირანიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, საქართველოდან, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან.

კონფერენციის მონაწილეებმა ძირითად მიზნად დაისახეს კავკასიის რეგიონში შექმნილი ვითარების ანალიზი, აგრეთვე რეგიონის განვითარების პერსპექტივები, ირანში მომხდარი ცვლილებების, სირიის კრიზისისა და თურქეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების გათვალისწინებით.

კონფერენციის გახსნისას, დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტის დირექტორმა კონსტანტინ ზატულინმა აღნიშნა ორი რეგიონის - სამხრეთ კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის ურთიერთკავშირი, მათი პრობლემების ერთობლიობა და მოუწოდა დისკუსიის მონაწილეებს ღია დიალოგისკენ, რომელიც პროპაგანდისტული კლიშეებისგან თავისუფალი იქნებოდა.

პირველი სიტყვა მოსკოვისა და ცენტრალური რეგიონის მუფტის, ალბირ-ჰაზრატ კრგანოვს მიეცა, რომელმაც ღვთის დალოცვა უსურვა კონფერენციის მონაწილეებს. მან ახსენა „ბოროტი და ანგარებიანი ძალები, რომლებიც, სამწუხაროდ, არც თუ წარუმატებლად აქეზებენ არა მხოლოდ სხვადასხვა სარწმუნოებისა და ეროვნების ადამიანებს, არამედ უშუალოდ მუსლიმანებსაც, ერთმანეთის წინააღმდეგ“. მუფტიმ მოუწოდა ყველას, წინ აღუდგნენ ორივე რეგიონში ქაოსის მომტან ექსტრემიზმს.

დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტის კავკასიის განყოფილების ხელმძღვანელმა ფელიქს სტანევსკიმ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები პერმანენტული რყევების მდგომარეობაში იმყოფებიან, მრავალრიცხოვანი ეთნიკური, ეროვნული და სამოქალაქო კონფლიქტების გამო. „ამგვარია სამხრეთ კავკასიის ‘დემოკრატიზაციის’ ფასი“ - დაასკვნა მან.

რეგიონის დესტაბილიზაციაში დასავლეთის როლთან დაკავშირებით ფ. სტანევსკიმ მიზეზად დაასახელა დასავლეთის მხრიდან რუსეთის მიმართ განხორციელებული აგრესიული ენერგეტიკული პოლიტიკა, რომლის მიზანიცაა რუსეთის შეზღუდვა. ეს პოლიტიკა მსხვილი კაპიტალის მონაწილეობით ხორციელდება. „ფაქტობრივად, ამგვარი პოლიტიკის ერთადერთ ბენეფიციარს ტრანსნაციონალური კორპორაციები წარმოადგენენ“ - განაცხადა სტანევსკიმ.

ერევანში მოქმედი კავკასიის ინსტიტუტის დირექტორმა ალექსანდრ ისკანდერიანმა გამოთქვა შეშფოთება, რომ ბოლო დროს სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების ინიცირება სულ უფრო და უფრო ხშირად ხდება გარედან. „საფრთხეები გარე წრეში ინაცვლებენ და სამხრეთი კავკასია გარშემორტყმულია მეტად ტურბულენტური სამყაროთი“.

აზერბაიჯანელმა პოლიტოლოგმა ნაზირმამედ ყაზიმოვმა სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების სისტემის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა, გარე ზემოქმედებისგან თავდაცვის მიზნით, აღნიშნა რა, რომ „რუსეთის საზღვარი სირიაზე გადის“.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური განათლების ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, დოქტორი მოულაი დაეთანხმა რეგიონული უსაფრთხოების სისტემის შექმნის აუცილებლობის აზრს და რეგიონის ქვეყნებს თანამშრომლობისკენ და ვაჭრობის, ენერგეტიკის, კულტურისა და ადამიანური პოტენციალის გამოყენების სფეროებში ინტეგრირებისკენ მოუწოდა.

თურქეთის კავკასიური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა ჰასან ოგთაიმ დანანებით აღნიშნა, რომ ზესახელმწიფოების დაპირისპირების პერიოდის განმავლობაში თურქეთი, როგორც ნატო-ს წევრი, კავკასიას დაშორდა, მიუხედავად კულტურული და ეთნიკური სიახლოვისა. ამისდა მიუხედავად, მისი თქმით, 2008 წლიდან თურქეთის პოლიტიკა ამ მიმართულებით თანდათან იცვლება. თურქმა პოლიტოლოგმა ასევე გამოთქვა აზრი, რომ რუსეთმა, თურქეთმა და ირანმა ერთობლივი პოლიტიკა უნდა გაატარონ რეგიონში.

საქართველოში მოქმედი ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გულბაათ რცხილაძემ საკუთარი ხედვა გამოხატა ახლოაღმოსავლურ კონფლიქტებში აშშ-სა და ისრაელის პოზიციებთან დაკავშირებით. მისი სიტყვებით, ისრაელში სირიის ოპოზიციისადმი და ბ. ასადის წასვლისადმი დომინირებული მხარდაჭერის მიზეზს წარმოადგენს ირანის ისლამური რესპუბლიკის დასუსტება. აშშ კი, გ. რცხილაძის აზრით, დიდწილად იძულებულია, ანგარიში გაუწიოს ე. წ. „ისრაელის ლობის“.

აფხაზეთის რესპუბლიკის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ შეკრებილთა ყურადღება გაამახვილა „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ კომუნიკაციების განვითარების საკითხზე. „სასინჯ ქვად“ მან დამსწრეებს შესთავაზა რუსეთის, აფხაზეთის, საქართველოსა და ირანის შემაერთებელი მაგისტრალის შექმნა. ამასთან, ს. შამბამ მიუთითა „დასავლეთ-აღმოსავლეთის“ მიმართულებით კომუნიკაციების განვითარების აქტიურ მცდელობებზე, რეგიონის გარე ძალების მხრიდან. „ჩვენ ჩვენსავე რესურსებს უნდა დავეყრდნოთ“ - განაცხადა ს. შამბამ.

სამხრეთ ოსეთის ინფორმაციის მინისტრმა ვიაჩესლავ გობოზოვმა გამოთქვა მოსაზრება, რომ სამხრეთ კავკასიის მთავარი პრობლემები იმალება „რეალურ შიდა წინააღმდეგობებში და ამ წინააღმდეგობების ვერმოგვარებაში“. „უნდა მივიღოთ, როგორც ფაქტი, რომ ამიერკავკასიაში ექვსი, და არა სამი სახელმწიფოა. თუკი ჩვენ გვსურს თავისუფალი ურთიერთობები, მაშინ უნდა გავთავისუფლდეთ ილუზიებისა და ფსიქოლოგიური შტამპებისაგან... ამიერკავკასიაში არაფერი გადაწყდება მთიანი ყარაბაღის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე“ - დაასკვნა მან.

მთლიანობაში კონფერენციის მონაწილეებმა მოხსენებებში ნახსენები ძირითადი პრობლემების გარშემო კონსენსუსს მიაღწიეს, მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულმა საკითხებმა მძაფრი დისკუსია გამოიწვია.

კონფერენციის დასასრულს, ირანის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ბ-მა სალიმანპურმა მხარი დაუჭირა განხილულ საკითხებზე აზრთა გაცვლა-გამოცვლის გაგრძელებას. მან მიმართა დსთ-ს ქვეყანათა ინსტიტუტს წინადადებით, თეირანში მოეწყოს კონფერენცია დიდი კავკასიონისა და კასპიის უსაფრთხოების პრობლემებთან დაკავშირებით. კონფერენცია თეირანში, შესაძლოა, 20-30 რუსი ექსპერტის მონაწილეობით, 2014 წლის იანვრის თვეში გაიმართოს.

წყარო: http://www.materik.ru/rubric/detail.php?ID=16652

1-analit-qvemot-konferen 1-analit-qvemot-2-konferen